
რკინიგზიდან და ელექტროსისტემიდან 1000-ზე მეტი თანამშრომლის გაშვების მიუხედავად სახელფასო ხარჯი გაიზარდა
საქართველოს რამდენიმე მსხვილმა სახელმწიფო კომპანიამ 2025 წლის ფინანსური ანგარიში უკვე გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ ამ კომპანიებში თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია მიმდინარეობდა. თუმცა ფინანსური ანგარიშგებებიდანვე ცნობილი ხდება ისიც, რომ თანამშრომელთა რაოდნეობის კლებით მთლიანი სახელფასო ბიუჯეტი არ შემცირებულა - მაგალითად, რკინიგზიდან 1,029 თანამშრომლის გათავისუფლების მიუხედავად, კომპანიის მთლიანი დანახარჯები დასაქმებულებზე 5.6%-ით გაიზარდა, რაც ხელფასების მატებას უკავშირდებოდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ფინანსური ანგარიშის თანახმად კი კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვი გასულ წელს 167-ით შემცირდა, თუმცა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 6.2%-ით გაიზარდა.
საქართველოს რკინიგზა:
2025 წელს საქართველოს რკინიგზაში დასაქმებულთა რაოდენობა 9%-ით შემცირდა - ამის შესახებ კომპანიის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ბოლოს კომპანია სულ 10,719 ადამიანს ასაქმებდა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,029 დასაქმებულით ნაკლებია.
თუმცა დასაქმებულთა რაოდენობის კლების მიუხედავად, 2025 წელს რკინიგზის მიერ გაცემული ხელფასები გაიზარდა, რაც ანაზღაურებების ზრდას უკავშირდება. თუკი 2024 წელს კომპანია დასაქმებულებზე საშუალოდ 1630 ლარის ხელფასს გასცემდა, 2025 წელს ეს რიცხვი 1,829 ლარამდე გაიზარდა, რაც 12.2%-იანი მატებაა. შედეგად საქართველოს რკინიგზის ჯამური სახელფასო დანახარჯების მოცულობამ 2025 წელს 246.4 მილიონ ლარს მიაღწია, რაც წლიურ ჭრილში 5.6%-იან მატებას წარმოადგენს.
თანამშრომელთა ანაზღაურება საქართველოს რკინიგზისთვის უმსხვილეს ხარჯს წარმოადგენს, ამასთან 2025 წელს შემოსავლებთან მიმართებით სახელფასო დანახარჯების წილი გაიზარდა. 2025 წელს კომპანიას ჯამურად 612 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, რასთან მიმართებითაც სახელფასო ხარჯებს 40%-ის წილი ჰქონდა, ხოლო 2024-ში გაცემული 233 მილიონი ლარის ხელფასები, კომპანიის შემოსავლებთან მიმართებით 36%-ზე იყო.
ამასთან, საქართველოს რკინიგზის მმართველობით ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანიას აქვს პროცესების გაციფრულების სტრატეგია, რაც დამატებით იძლევა შესაძლებლობას, რომ გარკვეული ფუნქციები, რომლებიც თანამშრომელთა მიერ სრულდება, ტექნოლოგიური გადაწყვეტის მეშვეობით შესრულდეს.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა:
კომპანიის 2025 წლის აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 10.7%-ით, ანუ 167 ადამიანით, 1616-მდე შემცირდა.
როგორც დოკუმენტში არის აღნიშნული, ეს კლება ძირითადად სათავო ოფისში დასაქმებულთა რაოდენობის შემცირებით იყო გამოწვეული, რადგან ცენტრალური ოფისის თანამშრომელთა რიცხვი 1160-დან 1072-მდე შემცირდა; რეგიონებში არსებულ ტექნიკურ ჯგუფებში დასაქმებულთა რაოდენობა კი 605-დან 556-მდე შემცირდა.
ამ შემცირების მიუხედავად, კომპანიის მთლიანი სახელფასო ფონდი 2024 წელს არსებული 62.44 მლნ ლარიდან გაიზარდა 66.30 მლნ ლარამდე, რაც 3.86 მლნ ლარის მატებაა (6.2%). ზრდის ძირითად მიზეზს თანამშრომელთა ანაზღაურების მატება წარმოადგენდა.
თუკი 2024 წელს კომპანიაში საშუალო ხელფასი თვეში 2,918 ლარი (20%-ის საშემოსავლოს გამოკლებით 2,334 ლარი) იყო, 2025 წელს ის 3,418 ლარამდე (20%-ის საშემოსავლოს გამოკლებით 2,735 ლარამდე) გაიზარდა, რაც 17%-იანი მატებაა. შესაბამისად, კომპანიაში დასაქმებულთა რიცხვის 10.7%-ის კლების მიუხედავად, საშუალო ხელფასის 17%-ის მატების გამო მთლიანი სახელფასო დანახარჯები გაზრდილია.
სხვა სახელმწიფო კომპანიები:
2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოქვეყნებული აქვს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასაც, რომლის მიხედვითაც კომპანიის სახელფასო ხარჯები 24.3 მილიონი ლარიდან 28 მილიონ ლარამდე გაიზარდა (ზრდა 15.2%, ანუ 3.7 მილიონ ლარს შეადგენს). ასევე მითითებულია რომ კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს, თუმცა არაა მითითებული თუ რამდენი დასაქმებულია აღნიშნულ კომპანიაში შესაბამისად უცნობია თუ როგორ შეიცვალა მასში დასაქმებულთა რაოდენობა.
კიდევ ერთ მსხვილ სახელმწიფო კომპანიას - საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას 2025 წლის ფინანსური ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს, შესაბამისად უცნობია მოახდინა თუ არა კომპანიამ თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია.
BM.GE
წყარო: bm.ge