მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ აფასებენ ფერმერები არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების შეწყვეტას?
როგორ აფასებენ ფერმერები არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების შეწყვეტას?

როგორ აფასებენ ფერმერები არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების შეწყვეტას?

BM.GE11 სექტემბერი, 2026, 14:00|bm.ge

ვაშლის მწარმოებელი ფერმერები სახელმწიფოს მიერ არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირების პროგრამის შეწყვეტის გადაწყვეტილებას იწონებენ. მათი ნაწილი bm.ge-სთან აცხადებს, რომ აქცენტი უფრო მეტად ხარისხიანი ვაშლის წარმოებაზე უნდა გაკეთდეს, რათა ქართული პროდუქტი საერთაშორისო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანი იყოს.

„მთავრობამ უნდა განსაზღვროს თავისი პრიორიტეტები და ამის მიხედვით უნდა მოიქცეს. თუ მაღალი კატეგორიის საექსპორტო პროდუქტის წარმოებაა ჩვენი ქვეყნის ამოცანა, მაშინ არასტანდარტული პროდუქციის წარმოებას ხელს არ უნდა უწყობდეს. ამის გამო ძალიან ლოგიკურად მიმაჩნია ის, რომ მთავრობამ არასტანდარტული ვაშლის შეძენისას სუბსიდირების შეწყვეტა გადაწყვიტა“, - განაცხადა არასტანდარტული ვაშლის სუბისიდირების შეწყვეტაზე საუბრისას აგრომეურნეობა „ტირიფონის ბაღების“ დამფუძნებელმა ზურაბ გოჯიაშვილმა.

ვაშლის მწარმოებელი ფერმერი ნიკო ნიკოლაძე კი ამბობს, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილება სწორია.

„იმ ფორმით რა ფორმითაც არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება ხორციელდებოდა, ვფიქრობ, ეს ფორმა არ იყოს სწორი. ეს გადაწყვეტილება რაც სახელმწიფომ მიიღო, ჩემი აზრით, სწორია, ვინაიდან თუ მხარდაჭერაზეა საუბარი, მხარი იმ ფერმერებს უნდა დავუჭიროთ, რომლებიც ხარისხიან ვაშლს და პროდუქციას აწარმოებენ და მზად არიან იმისთვის, რომ კონკურენცია გაუწიონ საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა მწარმოებელ ქვეყნებს. არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება პირდაპირი მოტივაციაა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ძველი მოდელით გაშენებული ბაღები აქვთ და აღარ უვლიან, რადგან იციან რომ კონკურენტუუნაროები არიან. ეს სუბსიდია მათთვის იყო გარკვეული მოტივაცია, რომ ამ მოცულობის ფართობები შეენაჩუნებინათ. ეს საერთო ჯამში სექტორს მნიშვნელოვნად ურტყამს.

ეს თანხები, რომლებიც აქამდე არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირებაზე იხარჯებოდა, შეიძლება მიიმართოს ახალი ბაღების გაშენებაზე, სადაც ფერმერები მოიყვანენ ხარისხიან პროდუქციას და რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება საერთაშორისო ბაზარზე“, - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.

დარგის წარმომადგენლების პოზიციას იზიარებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი. გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ ძველი პროგრამის ნაცვლად ფერმერებს ალტერნატიული დახმარების მექანიზმები უნდა შესთავაზონ. რატი კოჭლამაზაშვილის შეფასებით, სუბსიდირების გარეშე კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება განსაკუთრებით ღია ეკონომიკის პირობებში გართულდება.

„პროდუქტის ფასის მსგავსი სუბსიდირებიდან რაც უფრო სწრაფად და უმტკივნეულოდ გამოვალთ, ამას შესაბამისი დროის შერჩევა სჭირდება და ფერმერებს ალტერნატიული მექანიზმები უნდა შევთავაზოთ, რომ მათი მოტივაცია გაიზარდოს და აღარ აწარმოონ არასტანდარტული და წუნდებული პროდუქცია, რომლის შეძენაც შემდეგ სახელმწიფოს უწევს.

მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის მხარდაჭერის სხვა ალტერნატიული მექანიზმები იყოს შეთავაზებული, რომ ეს არის იყოს ერთწლიანი მოტივაცია ან პირიქით. საფასო სუბსიდირების ალტერნატივა ჰექტარზე სუბსიდირებაა, რაც ევროპაში ძალიან პოპულარულია, რადგან საფასო სუბსიდირებამ ჭარბწარმოება გამოიწვია. სუბსიდირების სხვადასხვა სახეობები არსებობს და საფასო სუბსიდირება ერთ-ერთი ყველაზე მოძველებული მექანიზმია, რომელიც მაგალითებით დადასტურდა, რომ სწორი მიდგომა არაა. ამ მოდელიდან გამოსვლა კარგია, თუმცა უნდა მოხდეს ფერმერების სხვა მხარდაჭერის მექანიმზების შეთავაზება, რომელიც უფრო მდგრადი იქნება და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული“, - განაცხადა რატი კოჭლამაზაშვილმა.

სახელმწიფომ, ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა, 10 წლის შემდეგ შეწყვიტა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტი ვაშლის კონცენტრატების მწარმოებლებს არასტანდარტული ვაშლის შესყიდვას აღარ დაუსუბსიდირებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ „არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება აღარ შეესაბამება სექტორის განვითარების გრძელვადიან მიზნებს და შესაძლოა, არაპირდაპირ ხელს უწყობდეს დაბალი ხარისხის პროდუქციის წარმოების შენარჩუნებას“. მათი შეფასებით, 2026 წელს სექტორი შეძლებს არასტანდარტული ვაშლის ძირითადი ნაწილის მიღებასა და გადამუშავებას.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირების მიერ მიღებული არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ღონისძიებების ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

სოფლის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, პროგრამა 2014 – 2025 წლებში ხორციელდებოდა. სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში კომპანიების მიერ შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 309,863,388 კილოგრამი შეადგინა, რომლის საერთო ღირებულება 74,096,330 ლარი იყო. სააგენტოს სუბსიდია გაეწია 24 ხილის გადამმუშავებელ კომპანიას ჯამური თანხით 27,964,351 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 10 ათასი ქორწინება და 6 ათასი განქორწინება აღირიცხა | საქსტატი

BM.GE

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა | საქსტატი

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში 17 509 ბავშვი დაიბადა, 22 224 ადამიანი გარდაიცვალა | საქსტატი

BM.GE

"ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტოდაზღვევას ავტომატურად შეეხო" | რატომ ძვირდება დაზღვევა?

"ნავთობპროდუქტების გაძვირება ავტოდაზღვევას ავტომატურად შეეხო" | რატომ ძვირდება დაზღვევა?

BM.GE

მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

მოსალოდნელია, რომ თხევადი გაზის ღირებულებამ 2,90 ლარამდე აიწიოს | ასოციაცია

BM.GE