მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადები? - გიორგი კაჭარავას შეფასება
როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადები? - გიორგი კაჭარავას შეფასება

როგორ უნდა შეინარჩუნოს საქართველომ შუა დერეფანში გაზრდილი ტვირთნაკადები? - გიორგი კაჭარავას შეფასება

BM.GE3 ოქტომბერი, 2026, 13:34|bm.ge

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა მიიჩნევს, რომ შუა დერეფნის განვითარება და ტვირთნაკადების ზრდა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს პერსპექტივას ქმნის, თუმცა ამ შესაძლებლობის რეალიზებისთვის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა საკმარისი არ არის. მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშზე დაყრდნობით, ის ყურადღებას ტვირთბრუნვის გაოთხმაგების პოტენციალზე, ანაკლიის პორტის სტრატეგიულ როლსა და რეგიონის ქვეყნებს შორის მჭიდრო კოორდინაციაზე ამახვილებს.

1 ოქტომბერს თბილისში, რეგიონულ ფორუმზე "შუა დერეფანი: მომდევნო ეტაპი", მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის პრეზენტაცია შედგა. პუბლიკაცია - "ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ" დერეფნის სავაჭრო ნაკადებს, ინფრასტრუქტურულ საჭიროებებსა და ლოგისტიკის ეფექტიანობას აფასებს.

"ანალიტიკას" ეთერში გიორგი კაჭარავა აღნიშნავს, რომ მსოფლიო ბანკის დოკუმენტი წარმოადგენს პრაქტიკულ საინვესტიციო საფუძველს, რომელიც ცხადყოფს, თუ რა შედეგზე შეიძლება გავიდეს რეგიონი 2040 წლისთვის. გიორგი კაჭარავა ხაზს უსვამს, რომ ეს ანალიზი შემდეგი პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად აუცილებელ ბაზისს ქმნის.

"ძალიან საინტერესო ანგარიში იყო. გათვლები არის 2040 წლისათვის და დასახელებულია კონკრეტული ციფრები, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები განვითარდება და ამას მოჰყვება შესაბამისი კოორდინაცია და ცვლილებები, მათ შორის გაციფრულება - რა შედეგზე შეიძლება გავიდეთ. მაგალითად, საუბარია ტვირთბრუნვის გაოთხმაგებაზე და ასევე ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უნდა მოხდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ამაში ინვესტირება, არამედ კოორდინაციის გაუმჯობესება. ვფიქრობთ, რომ ეს სწორი მიგნებაა.

ეს უკვე დოკუმენტი შექმნილია და საფუძველს იძლევა კონკრეტული საინვესტიციო ჩართულობის თუ მოქმედებების განსახორციელებლად, რაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ჩავთვალოთ პირველ ეტაპად", - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კვლევაში მოხსენიებულ ცხრა ქვეყანას შორის საქართველოს ფუნქცია გამორჩეულია და არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება.

"საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია, რა თქმა უნდა, შუა დერეფანში და ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვინაიდან ანგარიშში პირდაპირ არის მოხსენიებული სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები", - აღნიშნავს ის.

გიორგი კაჭარავა მიიჩნევს, რომ რადგან ტვირთების შუა დერეფანში შემოსვლა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტებმა და სანქციებმა განაპირობა, არსებობს რისკი, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებების შემდეგ ნაკადები ისევ გადამისამართდეს, თუ დერეფანი საკუთარ ეფექტიანობას არ დაამტკიცებს.

"არსებული გეოპოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, ეს მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ტვირთნაკადები საგრძნობლად მატულობს. მთავარია, საქართველოსა და მეზობელ სახელმწიფოებს ჰქონდეთ უნარი, მაქსიმალურად გააძლიერონ კოორდინაცია, რათა ეს მზარდი მოთხოვნა შევინარჩუნოთ და გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილების მიუხედავად, ტვირთები ჩვენს დერეფანში დარჩეს", - ამბობს კაჭარავა.

ამ ჯაჭვში გადამწყვეტ ფაქტორად ის გამტარუნარიანობის გაზრდას მიიჩნევს, რაშიც უმთავრეს როლს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმართ ინტერესი თამაშობს.

"ეს დოკუმენტი ქმნის მყარ საფუძველს კონკრეტული საინვესტიციო ჩართულობისა და შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუტების დაინტერესება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტით. რაც უფრო გაიზრდება ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გამტარუნარიანობა, მით მეტად ამაღლდება შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა, რაც მარშრუტს ჩინეთისა და ცენტრალური აზიისთვის გაცილებით მიმზიდველს გახდის. ეს უდიდესი პერსპექტივაა და ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - ამბობს "საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი.

პერსპექტივებზე საუბრისას გიორგი კაჭარავა მიუთითებს, რომ ცალკეული ქვეყნის წარმატება ვერ გადაწყვეტს საერთო დერეფნის ბედს - საჭიროა პროცედურების სინქრონიზაცია მეზობლებთან, რათა არ შეიქმნას შეფერხებები და ლოგისტიკური "ვიწრო ყელი".

მისივე თქმით, კიდევ ერთი მთავარი რეკომენდაცია სახელმწიფოებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაძლიერებაა.

"პირველ რიგში, აუცილებელია ახალი და უკვე დაწყებული საინვესტიციო პროექტების მაქსიმალური მხარდაჭერა, ასევე კოორდინაციის გაძლიერება ქვეყნებს შორის - როგორც სახელმწიფო, ისე ბიზნესის დონეზე.

წარმატება მხოლოდ ერთ ქვეყანაზე არ არის დამოკიდებული. საქართველოში გაციფრულება მაღალ დონეზეა და ტვირთებს სწრაფად ვატარებთ, მაგრამ თუ მეზობელთან პროცესი შეფერხდა, მივიღებთ ე.წ. "ვიწრო ყელს". ამიტომაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მჭიდრო რეგიონული კოორდინაცია. ბიზნესსექტორი ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვება, გამოწვევების შესახებ დროულად მიაწვდის ინფორმაციას გადაწყვეტილების მიმღებებს და ეს ერთიანი ძალისხმევა მნიშვნელოვან შედეგს გამოიღებს", - ამბობს გიორგი კაჭარავა "ანალიტიკას" ეთერში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

აშშ-უკრაინის საინვესტიციო ფონდმა კრიტიკული მინერალების სფეროში პირველი გარიგება დადო

BM.GE

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

ტრამპმა დიზელის ექსპორტის აკრძალვის იდეაზე უარი თქვა - G7 რეზერვებიდან 100 მლნ ბარელ ნავთობს გამოყოფს

BM.GE

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

ლატვიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

BM.GE

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

დაკავებულია 80 პირი, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდის“ გარემოცვა - შსს

BM.GE