
როგორია ეკონომიკური კავშირები ბრიტანეთთან, რომელმაც საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა?
როგორც დღეს გახდა ცნობილი, დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქეს (ნიკოლოზ მჟავანაძეს, მამუკა ფიფიას, პაატა აბულაძეს და გიორგი ირემაძეს) სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ეს პირები სანქცირდებიან კრემლის დეზინფორმაციის გავრცელების გამო.
გთავაზობთ მონაცემებს გაერთიანებულ სამეფოსთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შესახებ.
ვაჭრობა
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო ბრუნვამ გასულ წელს რეკორდულ 543 მლნ დოლარს გადააჭარბა, რაც დიდწილად ნახატების მკვეთრად გაზრდილი იმპორტით იყო გამოწვეული, რამაც 313 მლნ დოლარი შეადგინა.
2026 წლის 8 თვეში სავაჭრო ბრუნვა 164 მლნ დოლარია, რაც წლიურად 65%-იანი კლებაა. აქედან ექსპორტზე მხოლოდ 16.8 მლნ დოლარი მოდის და წლიურად 67%-იან ზრდას აჩვენებს, თუმცა იმპორტი 68%-ით შემცირდა, 147.2 მლნ დოლარამდე.
ტოპ 5 საიმპორტო საქონელი შემდეგია:
• მსუბუქი ავტომობილები: 61.8 მლნ აშშ დოლარი • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები: 10.2 მლნ აშშ დოლარი • ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა: 10 მლნ აშშ დოლარი • ნარევები გამოყენებული სასმელების წარმოებაში: 7.8 მლნ აშშ დოლარი • დანარჩენი საქონელი: 3.6 მლნ აშშ დოლარი
ძირითადი საექსპორტო საქონლის ხუთეული კი ასეთია:
• ძრავები ტურბორეაქტიული და ტურბოხრახნიანი, ტურბინები აირის სხვა: 4 მლნ აშშ დოლარი • ფეროშენადნობები: 3.7 მლნ აშშ დოლარი • მაისურები, თბილი კვართები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი: 1.6 მლნ აშშ დოლარი • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი: 1.4 მლნ აშშ დოლარი • ყურძნის ნატურალური ღვინოები: 1.3 მლნ აშშ დოლარი
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
გაერთიანებული სამეფო ლიდერია საქართველოში შემოსული ინვესტიციების სტატისტიკაში. 2026 წლის II კვარტალში ის მეორე ადგილზე იმყოფება 123.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 26.3 პროცენტი). 2025 წელს კი საქართველომ ყველაზე მეტი, 426.6 მლნ აშშ დოლარის FDI სწორედ გაერთიანებული სამეფოდან მიიღო.
ტურიზმი
გაერთიანებული სამეფოდან საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები გასულ წელს რეკორდული 45 018 იყო. 2026 წლის 6 თვეში კი ვიზიტების რაოდენობამ 22 799 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 2025 წლის გაზაფხულიდან განახლდა. თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ორი ბრიტანული ავიაკომპანია ასრულებს British Airways და EasyJet.
საერთაშორისო ვიზიტორების ვიზიტები გაერთიანებული სამეფოდან
ფულადი გზავნილები
გაერთიანებული სამეფოდან ფულადი გზავნილები სტატისტიკა არც ისე დიდია, თუმცა დინამიკა მზარდია. 8 თვეში 44.1 მლნ დოლარი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 1.7%-ია. 2025 წელს ჯამური მაჩვენებელი 58 მლნ დოლარი იყო.
BM.GE
წყარო: bm.ge