
რუსეთი ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტის აღებას $600-დან $65-მდე აიაფებს
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავრობის დადგენილების ცვლილების პროექტის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე მოსაკრებელი 600 დოლარიდან 65 დოლარამდე შემცირდება.
ცნობისთვის, რუსეთმა უცხოელების მიერ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე საკონსულო მოსაკრებელი მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 65 დოლარიდან 600 დოლარამდე გაზარდა. ცვლილებამ განსაკუთრებით დნესტრისპირეთში უკმაყოფილება გამოიწვია, სადაც დე ფაქტო ხელისუფლების თქმით, რუსეთის მოქალაქეობის მიღების მსურველთა რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, მოსკოვის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონებისთვის შემცირებული ტარიფი იმოქმედებს.
შეგახსენებთ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შემთხვევაში გასულ წელს ამოქმედდა რუსეთის მიერ მოქალაქეობის გაცემის გამარტივებული მექანიზმი. 2025 წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესაძლებლობა მიეცათ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის იმ სრულწლოვან მცხოვრებლებს, რომლებიც 2008 წლის 26 აგვისტოს ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოქალაქეები იყვნენ და ეს სტატუსი შეინარჩუნეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, პასპორტის მიღების მსურველებს აღარ მოეთხოვებათ რუსეთში მუდმივი ცხოვრება და რუსული ენის, ისტორიისა და კანონმდებლობის ცოდნის დადასტურება.
ცნობისთვის, დნესტრისპირეთი არის მოლდოვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორია, რომელიც საერთაშორისო დონეზე მოლდოვის ნაწილადაა აღიარებული, თუმცა მას დე ფაქტო ხელისუფლება ტირასპოლიდან მართავს, რეგიონი დე ფაქტო დამოუკიდებლად ფუნქციონირებს და ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნა შენარჩუნებულია. დნესტრისპირეთის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს რუსეთის მოქალაქეობა უკვე აქვს, ხოლო მოსკოვი რეგიონთან მჭიდრო პოლიტიკურ და სამხედრო კავშირებს ინარჩუნებს.
2026 წლის მაისში ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელმაც დნესტრისპირეთის სრულწლოვანი მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება მნიშვნელოვნად გაამარტივა. დნესტრისპირეთის დე ფაქტო ლიდერის, ვადიმ კრასნოსელსკის განცხადებით, ახალი წესის ამოქმედებიდან სამ თვეში რუსეთის მოქალაქეობის მისაღებად 60 ათასზე მეტი განაცხადი შევიდა. მისი თქმით, დაახლოებით 220 ათას მცხოვრებს უკვე აქვს რუსეთის მოქალაქეობა.
BM.GE
წყარო: bm.ge