
რუსეთმა აბუ-დაბის მოლაპარაკებებამდე ცოტა ხნით ადრე უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასშტაბური იერიში მიიტანა
აშშ-ის შუამავლობით დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებამდე ერთი კვირით ადრე, რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ სექტორს მასირებული დარტყმა მიაყენა.
Reuters-ის ინფორმაციით, ათობით რაკეტითა და ასობით დრონით განხორციელებულმა ტალღურმა შეტევამ ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. თავდასხმების პარალელურად, მძიმე დარტყმა მიადგა ზაპოროჟიეს ოლქის სოფელ კომიშუვახაში მდებარე ჰუმანიტარულ პუნქტს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობისთვის დახმარების გაცემა მიმდინარეობდა.
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ადგილზე სულ მცირე 33 ადამიანი დაიღუპა, ნანგრევებში კი სავარაუდოდ კიდევ 50 მოქალაქე რჩება.
ბერლინში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ეს თავდასხმა მოსკოვის რეალურ მიზნებს ავლენს.
უკრაინის ლიდერის შეფასებით, კრემლს ქალაქ ოლეშკიში მიღწეული ჰუმანიტარული ზავის შენარჩუნება არ სურს და მშვიდობიანი მოქალაქეების განადგურებას განაგრძობს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა რუსეთს მოუწოდა, სამშვიდობო პროცესში სერიოზულად ჩაერთოს.
საყურადღებოა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დარტყმები კომიშუვახასთან განლაგებული უკრაინული სამხედრო შენაერთების არსებობით ახსნა.
მოსკოვის მტკიცებით, იერიშს 25 უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, უკრაინულმა მხარემ კი 15 ერთეული ტექნიკა და რადიოელექტრონული ბრძოლის ერთი სადგური დაკარგა.
ცნობისთვის, აშშ-ის შუამავლობით ორგანიზებული სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აბუ-დაბიში 10-11 ნოემბერს გაიმართება.
BM.GE
წყარო: bm.ge