
რუსეთმა ციმბირში შავი ჭირის გავრცელების შესახებ ცნობები უარყო
რუსეთის ხელისუფლებამ ციმბირში ლაბორატორიის თანამშრომლის შავი ჭირით გარდაცვალებასა და ინფიცირების სავარაუდო მეორე შემთხვევაზე საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
ინფორმაციისთვის, ირკუტსკში შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი დარია შიპილოვა გასულ კვირას ქალაქ შელეხოვში გარდაიცვალა. რუსულმა მხარემ კი მომხდარის მიზეზად თავიდანვე პნევმონია დაასახელა. დიმიტრი პესკოვმა კი მედიასთან საუბრისას ლეტალური შედეგის საბოლოო განმაპირობებელ ფაქტორად დაუდგენელი მიზეზი გამოაცხადა.
კრემლის პრესსპიკერმა შავი ჭირის ახალი შემთხვევების შესახებ გავრცელებული ცნობებიც დეზინფორმაციად შეაფასა და მოქალაქეებს მოუწოდა, მხოლოდ ოფიციალურ განცხადებებს დაეყრდნონ. მოსკოვში თქვეს ისიც, რომ აშშ-ის მხრიდან დამატებითი მონაცემების მოთხოვნის შესახებ არავითარი მოთხოვნა არ მიუღიათ.
შექმნილი ვითარების მიუხედავად, რუსეთის მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ფედერალურმა დეპარტამენტმა ეპიდემიოლოგიური რისკების არსებობა სრულად გამორიცხა. უწყების მონაცემებით, ლაბორატორიულმა კვლევებმა 5,000-მდე ანალიზის ფარგლებში საშიში პათოგენების კვალი ვერ გამოავლინა.
სააგენტოს ცნობით, ლაბორატორიის გარდაცვლილი თანამშრომელი ინციდენტამდე შავ ჭირზე უკვე აცრილი იყო და, შესაბამისად, იმუნიტეტს ფლობდა.
ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის საწინააღმდეგო კვლევითი ინსტიტუტი განსაკუთრებით საშიში პათოგენების შესწავლაზე მომუშავე სპეციალიზებული სამეცნიერო ცენტრია. ეს სამეცნიერო დაწესებულება ციმბირის ტერიტორიაზე ბუნებრივი ეპიდემიოლოგიური კერების მუდმივ კონტროლსა და ინფექციური საფრთხეების პრევენციაზეა პასუხისმგებელი.
BM.GE
წყარო: bm.ge