
"რუსთავის აზოტის" შემოსავალმა ₾500 მილიონს გადააჭარბა | რა ინვესტიციას დებს კომპანია წარმოების მოდერნიზებაში?
საქართველოში ქიმიური მრეწველობის ერთ-ერთმა უმსხვილესმა კომპანიამ, „რუსთავის აზოტმა“, 2025 წელი 500 მილიონ ლარზე მეტი შემოსავლით და 45.4 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულა - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიტირებულ ანგარიშშია აღნიშნული.
2025 წელს კომპანიის მფლობელმა Indorama ჯგუფმა წარმოების ენერგოეფექტურობის ზრდისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) და აზიის განვითარების ბანკთან (ADB) ჯამურად 115 მილიონი დოლარის დაფინანსების ხელშეკრულებები გააფორმა.
2025 წელს „რუსთავის აზოტის“ შემოსავალმა 500 მილიონი ლარი შეადგინა, 2024 წელს კი 435.9 მილიონი ლარი იყო. რეალიზაციაში მთავარი წილი ამონიუმის გვარჯილაზე მოდის, რომლის გაყიდვებიდან კომპანიამ 383.7 მილიონი ლარი მიიღო. ნატრიუმის ციანიდის რეალიზაციამ 108.9 მილიონი ლარი შეადგინა.
კომპანიის შემოსავლის 88.2% ექსპორტზე მოდის. უცხოურ ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვით მიღებულმა შემოსავალმა 440.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 18.4%-ით აღემატება. ადგილობრივი რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი კი 59.2 მილიონი ლარი იყო, 2024 წლის 63.7 მილიონ ლართან შედარებით.
წარმოების მთავარი ხარჯი ბუნებრივი აირია. 2025 წელს რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებამ 329.7 მილიონი ლარი შეადგინა. აქედან ბუნებრივ აირზე 145.6 მილიონი ლარი, ელექტროენერგიაზე 48.1 მილიონი ლარი, ხოლო ხელფასებსა და შესაბამის ხარჯებზე 39.7 მილიონი ლარი მოდიოდა. მნიშვნელოვანი ხარჯებია ასევე კაუსტიკური სოდა, 29 მილიონი ლარი, და ცვეთა, 18.8 მილიონი ლარი.
მიუხედავად შემოსავლის ზრდისა, კომპანიამ 2025 წელს 45.4 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღო, წინა წლის 63.1 მილიონ ლართან შედარებით. ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია ძირითადი საშუალებების გაუფასურების 38-მილიონიანი ხარჯიც. კომპანიის საოპერაციო საქმიანობიდან მიღებულმა ფულადმა ნაკადმა 100.7 მილიონი ლარი შეადგინა.
წარმოების მოდერნიზაციისთვის $115 მლნ დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან
„რუსთავის აზოტმა“ 2025 წელს წარმოების განახლებისა და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის ორი მსხვილი საერთაშორისო დაფინანსების ხელშეკრულება გააფორმა.
2025 წლის 22 ივლისს კომპანიასა და EBRD-ს შორის 65 მილიონი დოლარის დაფინანსების ხელშეკრულება გაფორმდა. თანხა ახალი დაბალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (LDAN) საწარმოს მშენებლობას, ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებულ კაპიტალურ დანახარჯებსა და საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფას მოხმარდება. პროექტის მთლიანი სავარაუდო ღირებულება 87 მილიონი დოლარია, საიდანაც 22 მილიონი დოლარის დაფინანსება კომპანიის საკუთარი ფულადი ნაკადებით, სუბორდინირებული სესხით ან საკუთარი კაპიტალით არის გათვალისწინებული.
მეორე ხელშეკრულება 2025 წლის 30 დეკემბერს აზიის განვითარების ბანკთან გაფორმდა. ADB კომპანია 50 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ეს თანხა მაღალი სიმკვრივის ამონიუმის გვარჯილის (HDAN) საწარმოს მოდერნიზებასა და განახლებას, ენერგოეფექტურობის პროექტებსა და საბრუნავი კაპიტალის უზრუნველყოფას მოხმარდება. ამ პროექტის სავარაუდო ღირებულება 61 მილიონი დოლარია, საიდანაც დარჩენილი 11 მილიონი დოლარი კომპანიის რესურსებით უნდა დაფინანსდეს.
ამრიგად, EBRD-სა და ADB-სთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დაფინანსება ჯამურად 115 მილიონ დოლარს შეადგენს. ორივე პროექტის ჯამური სავარაუდო ღირებულება კი 148 მილიონი დოლარია.
აქტივები, ვალდებულებები და მფლობელები
2025 წლის ბოლოს „რუსთავის აზოტის“ აქტივების ღირებულება 798.4 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 27.5%-ით აღემატება. აქტივების უდიდესი ნაწილი, 575.2 მილიონი ლარი, ძირითად საშუალებებზე მოდის. მარაგების ღირებულება 151.1 მილიონი ლარი იყო.
კომპანიის ვალდებულებები წლის ბოლოს 382.4 მილიონ ლარს შეადგენდა. მათ შორის, სესხების მოცულობა 318.2 მილიონი ლარი იყო, რაც 2024 წლის ბოლოს არსებულ 154.9 მილიონ ლართან შედარებით გაორმაგებულია.
„რუსთავის აზოტის“ 100%-იანი წილის მფლობელი Excelus Holdings-ია, რომელიც ნიდერლანდებში რეგისტრირებული Indorama Holdings B.V.-ის შვილობილი კომპანიაა. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე Lohia Global Trust-ია, რომლის ბენეფიციარებიც Indorama-ს დამფუძნებლები, ლოჰიას ოჯახის წევრები არიან. ოჯახის ორი წევრის ქონება Forbes-ის მიერ არის შეფასებული, შრი პრაკაშ ლოჰიას ქონება 2026 წლის მდგომარეობით 8.3 მილიარდ დოლარს შეადგენს, ალოკ ლოჰიას ქონება კი 1.6 მილიარდ დოლარს.
2025 წელს კომპანიამ აქციონერს 50.5 მილიონი ლარის დივიდენდი გადაუხადა. 2024 წელს გაცემული დივიდენდი 117.3 მილიონ ლარს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge