მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძე
"რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძე

"რუსულმა ემბარგომ მუტაცია განიცადა - შერჩევით აკრძალვებში "ოცნების" ინტერესებიც იკვეთება"|ვასილ მანაგაძე

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 21:33|bm.ge

რუსეთის მიერ ქართული ღვინის იმპორტის შეზღუდვების ტალღა ახალ ფაზაში შედის. მას შემდეგ, რაც პრორუსმა ბიზნესმენმა მამუკა ფიფიამ „შატო მუხრანისა“ და „ვინივერიას“ პროდუქციის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, დასანქცირებული ქართული კომპანიების რიცხვი ათამდე გაიზარდა. თუ თავდაპირველად რუსული მხარე მიზეზად ხარისხსა და სანიტარიულ ნორმებს ასახელებდა, მამუკა ფიფიას მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში უკვე ღიად გაჟღერდა, რომ შეზღუდვების მეორე ტალღა კომპანიების მიერ უკრაინის მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უკავშირდება.

TOP-10 კომპანია საქართველოდან, რომელიც რუსეთში ყველაზე მეტ ღვინოს ყიდის

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ 2006 წლის ღვინის ემბარგოსთან შედარებით, დღეს სრულიად განსხვავებულ რეალობასთან გვაქვს საქმე და პროცესმა ჰიბრიდული სახე მიიღო.

„ცალსახად ახალი ეტაპია დამდგარი. გარკვეულწილად, რუსულმა ემბარგომაც მუტაცია განიცადა და 2006 წლისგან განსხვავებით, სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, როგორც ვხედავთ, შერჩევითად ხდება კომპანიების დასანქცირება“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში.

“შერჩევითი ემბარგო” და ხელისუფლების სავარაუდო ჩართულობა

ვასილ მანაგაძე არ გამორიცხავს, რომ ქართული კომპანიების შერჩევითი სანქცირების პროცესში საქართველოს ხელისუფლების ინტერესები და ჩართულობაც იკვეთებოდეს. ის ეჭვობს, რომ ოფიციალური თბილისი არასასურველი ბიზნესების “გაწირვით” საკუთარ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს.

„მინდა, ჩემი ეჭვი გამოვთქვა, რომ ამ კომპანიების დასანქცირებაში ჩვენი ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ რუსული ხელისუფლებაა, თავის როლს თამაშობს - კონკრეტულად რომელ კომპანიებზე, რომელ ფირმებზე და რომელი სექტორიდან უნდა გაკეთდეს აქცენტები... როდესაც ჩვენი ხელისუფლება ჩვენი მებრძოლების მონაცემებს გადასცემს შესაბამის სამსახურებს რუსეთში, ახლა მეღვინეების მონაცემები რომ გადასცენ, მე მგონი, ამაში გასაკვირი არაფერია“, - ამბობს ის.

მისივე შეფასებით, შექმნილ ვითარებაში, რეალურად, არც ქართული პროდუქციის ხარისხის პრობლემა დგას და არც წმინდა წყლის პოლიტიკური მოტივებია განმსაზღვრელი - “პროცესი ბევრად უფრო ბუნდოვანი და კულუარულია”.

სახელმწიფო უწყებების დუმილი და რუსული მართვის მოდელი

„წერტილთან“ ინტერვიუში ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ მართალია, შეზღუდვა უკვე 10-მდე კომპანიას შეეხო, თუმცა სახელმწიფო უწყებები - სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის სამინისტროები თუ ღვინის ეროვნული სააგენტო - სრულ დუმილს ინარჩუნებენ.

„როცა უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა და არც სოფლის მეურნეობის სამინისტროს, არც ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხმა არ ამოუღიათ, ეს ცხადყოფს, რომ „მანდრაჟის“ რეჟიმში არიან. არ იციან, როგორ იმოქმედონ, რა გააკეთონ და ელოდებიან მითითებებს,“ - აცხადებს ვასილ მანაგაძე.

მისივე თქმით, ეს „დუმილის სტრატეგია“ გადადის ბიზნესზეც, რაც ქვეყანას რუსული მართვის მოდელში აბრუნებს, სადაც საკითხები არა ინსტიტუციურად, არამედ კულუარულად წყდება.

„ბიზნესის დუმილი ნიშნავს იმას, რომ რუსული ბიზნესის კეთების მოდელში გადავდივართ... მიდის საკითხების აბსოლუტურად კულუარული მოგვარება. ამაში სახელმწიფოს როლი ძალიან დაბალია. რეალურად, იმის ძალაც არ აქვთ და იმისი უნარიც, რომ გამოვიდნენ და ხალხს აუხსნან, რაშია საქმე,“ - დასძინა მან.

2006 წლის გამოცდილება vs დღევანდელი უმოქმედობა

2006 წლის რუსული ემბარგოს პერიოდის გახსენებისას, ვასილ მანაგაძე, რომელიც მაშინ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ხელმძღვანელობდა, ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ მოქმედებდა სახელმწიფო მაშინ და როგორ იქცევა დღეს:

“2006 წელს, პირველივე დღიდან ხმამაღლა, მთელი მსოფლიოს გასაგონად დავარწმუნეთ ყველა, რომ ჩვენს პროდუქციას ხარისხის არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. გვქონდა დასაბუთებული დოკუმენტაცია აკრედიტებული ლაბორატორიებიდან, ჩავატარეთ საინსპექციო კონტროლი ყველა ქარხანაში... და მერე უკვე გადავედით შეტევაზე - ეს მივიყვანეთ იქამდე, რომ ეს იყო 100%-ით პოლიტიკური პრობლემა. დღეს კი აბსოლუტური დუმილია.“

მისივე თქმით, უპირველესი პრობლემა ინფორმაციის გავრცელების ფორმატშია: დღეს რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები („როსპოტრებნადზორი“ თუ „როსსელხოზნადზორი“) საერთოდ არ ჩანან და პროცესის მთავარ სპიკერად კერძო პირი - მამუკა ფიფიაა ქცეული, რაც ღვინის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, საქართველოს ხელისუფლებისადმი აგდებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

ვასილ მანაგაძის თქმით, ღვინის ეროვნული სააგენტო, რომელიც თითოეულ ექსპორტირებულ ბოთლზე ხარისხის სერტიფიკატს გასცემს, დღეს საკუთარი ხელმოწერისა და რეპუტაციის დაცვასაც ვერ ბედავს: „ელემენტარულად, შენ ხელმოწერა მაინც ხომ უნდა დაიცვა?! ამასაც ვერ ბედავენ, რადგან ასეთი მითითება აქვთ: ხმა არ ამოიღოთ, გაჩუმდით.“

რუსეთის ბაზრის თაროებიდან ჩამოხსნილი პროდუქცია და ბაზრის გადანაწილება

ვასილ მანაგაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ქართული მხარე დუმს, რუსეთის ბაზარზე პროცესები უკვე აქტიურ ფაზაშია შესული - რუსულ იმპორტიორ კომპანიებს „როსპოტრებნადზორმა“ სანქცირებული ქართული ღვინოების თაროებიდან სრული ამოღება მოსთხოვა.

„წინა კვირას რუსმა იმპორტიორმა კომპანიებმა „როსპოტრებნადზორისგან“ უკვე მიიღეს დავალება, რომ აბსოლუტურად ყველა თაროდან უნდა ჩამოხსნან სანქცირებული პროდუქცია. უკვე შეტანილიც, მთელი რუსეთის მასშტაბით... წარმოიდგინეთ, რა რაოდენობებზე და რა ფინანსურ ზარალზეა საუბარი“, - თქვა მან.

მისივე შეფასებით, სახელმწიფოს უმოქმედობა უშუალოდ ქართული პროდუქციის იმიჯს აზიანებს, რადგან როცა ხარისხის ოფიციალური დაცვა არ ხდება, მომხმარებელს უჩნდება განცდა, რომ პროდუქციას ხარვეზი მართლაც აქვს.

საბოლოო ჯამში, ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ ეს არ არის კლასიკური პოლიტიკური ემბარგო, არამედ რუსული ბაზრის მაფიოზური გადანაწილებაა, სადაც პატიოსანი ქართული კომპანიები იჩაგრებიან, ხოლო ხელისუფლებისადმი დაახლოებული თუ რუსული კაპიტალით მართული ბიზნესები სარგებელს იღებენ:

„ეს არის რუსული თამაში, რუსული მითითება და აქ ახლა ხდება რეალურად გაცხრილვა - რომელი კომპანიები უნდა ჩამოაშორონ რუსეთის ბაზარს და ვინ უნდა გადაიბაროს მათი ადგილი. სანამ ეს „ემბარგო“ არ შეეხება ვახტანგ კარიჭაშვილის, უჩა მამაცაშვილის თუ ალეკო ივანიშვილის კომპანიას, იქამდე ეს არის რუსეთის ბაზრის მაფიოზური გადანაწილება”.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ ერთ ნაბიჯში ხედავს და ქართველ მეწარმეებს რადიკალური გადაწყვეტილებისკენ მოუწოდებს:

„ჩემი აზრით, ყველა თავმოყვარე კომპანია დღეს თავისი ნებით უნდა გამოვიდეს რუსული ბაზრიდან, სანამ პანჩურით გამოუგდიათ იქიდან ან სანამ ოთარ ფარცხალაძის სარდაფში მოხვდებიან იქვე, რუსეთში“, - აცხადებს ის.

ფალსიფიკაციის პრობლემა და ღვინის პოპულარიზაციაში „გადაყრილი მილიონები“

ვასილ მანაგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან არანაირი თანმიმდევრული პოლიტიკა მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებისა თუ ბაზრების დივერსიფიკაციისთვის არ არსებობს, ხოლო საბიუჯეტო სახსრები, რომლებიც თითქოს ქართული ღვინის პოპულარიზაციას უნდა ხმარდებოდეს, სრულად ეფექტიანობას მოკლებულია.

დარგის წარმომადგენლები ხშირად ამბობენ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის გამოყოფილი 19-20 მილიონი ლარი საკმარისი არ არის რუსული ბაზრის ალტერნატივის მოსაძებნად, თუმცა ვასილ მანაგაძის შეფასებით, პრობლემა არა - თანხის ოდენობაში, არამედ სისტემურ ფალსიფიკაციასა და ხარისხის არგაკონტროლებაშია.

„სანამ სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო არ მიხედავს ფალსიფიკაციას ქვეყანაში და ხარისხის პრობლემას სათანადოდ არ მიხედავს, ის ₾19 მილიონიც გადაყრილი ფულია. იმიტომ, რომ რეალურად ფალსიფიკატორების პოპულარიზაციასაც ახდენენ. ამ ფალსიფიკატორებს მოწინავე ადგილები უკავიათ გამოფენებზეც. პირველ რიგში, უნდა მიხედონ ხარისხის კონტროლს ქვეყანაში, რასაც ნული ყურადღება ექცევა,“ - თქვა მან.

მისი თქმით, უხარისხო და გაყალბებული ღვინის დიდი წილი სწორედ რუსეთის ბაზარზე გადის, თუმცა პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ რუსულმა მხარემ სანქციები სწორედ მაღალი ხარისხის მწარმოებლებს დააწესა:

„ვინც ხარისხიანია, ისინი დაასანქცირეს! ამაშია უბედურება და [მთავრობა] ამ ხალხს არ იცავს. „თბილღვინოს“ რომ არ დაიცავს, „შატო მუხრანს“ არ დაიცავს და „ვინივერიას“ არ დაიცავს ღვინის ეროვნული სააგენტო - აბა, „ბოლეროს“ შეჰქმნოდა პრობლემა?! მინისტრი [დავით სონღულაშვილი] და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე [ლევან მეხუზლა] სალტოებით ჩავიდოდნენ მოსკოვში,“ - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.

პოლიტიკური ვექტორის ცვლილება და ევრაზიული კავშირი

“წერტილთან” ინტერვიუში ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა პოლიტიკური განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შექმნილი კრიზისი მხოლოდ მეღვინეობას არ ეხება.

მისი თქმით, ეს ქვეყნის საგარეო ვექტორის ცვლილების შემადგენელი ნაწილია:

„სანამ წერტილს არ დავუსვამთ „ქართულ ოცნებას“, საშველი არ ექნება არც მეღვინეობა-მევენახეობას, არც მეძროხეობას და არც მეხორბლეობას. უკვე კატასტროფის მიჯნაზე ვართ. ვფიქრობ, ესენი ამზადებენ ქვეყანას უკვე, რომ შეიყვანონ ევრაზიულ კავშირში. ახლა ამზადებენ ყველაფერს [ლაბორატორიების შემოწმებების და აკრედიტაციის მიზნით ვიზიტები რუსეთიდან], რომ ეს თემა გამზადებული იყოს თაროზე და ერთი ღილაკზე დაჭერა იყოს საჭირო ევრაზიულ კავშირში შესასვლელად. ამიტომ დროზე უნდა მოვიშოროთ ეს ხელისუფლება“, - განაცხადა ვასილ მანაგაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ოცნების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 141 სტატია.

  • TI: ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ოცნებას ეკსირება, ვითხოვთ გათავისუფლებასფორმულა
  • პარტიების აკრძალვის პროცესი "ქართული ოცნების" ნება კი არა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლება და კონსტიტუციური აქტია, რომელიც ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის და მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისია - ირაკლი ქადაგიშვილირუსთავი 2
  • “ოცნებაში“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად, 2024 წლის არჩვენების წინ ოპოზიციის მხრიდან ერთობლივ მუშაობას ასახელებენტვ პირველი
  • „ოცნება“ კვლავ არაა მიწვეული ევროკავშირის გაფართოების ფორუმზენეტგაზეთი
ოცნების →აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

BP-ის მესამე კვარტალის მოგებამ პროგნოზს გადააჭარბა და $8.46 მილიარდი შეადგინა

BP-ის მესამე კვარტალის მოგებამ პროგნოზს გადააჭარბა და $8.46 მილიარდი შეადგინა

BM.GE

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება

„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება

BM.GE

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონია

თბილისში ახალი სასტუმრო ART Riverfront-ი გაიხსნა - ინვესტიცია $68 მილიონია

BM.GE

შპს „ლილო-მოლის“ განცხადება

შპს „ლილო-მოლის“ განცხადება

BM.GE