
რვა საარბიტრაჟო დავის ჯამური მოთხოვნა $4.8 მილიარდს შეადგენს - ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრომ 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართული დოკუმენტი - ფისკალური რისკების ანალიზი გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთ რისკს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების წაგება წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტროს თანახმად, რვა მიმდინარე დავის ფარგლებში ჯამური მოთხოვნა 4.8 მილიარდ დოლარს შეადგენს.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარს. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (7 დავა), 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება,"- ნათქვამია 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის თანდართულ ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.
უმსხვილესი საარბიტრაჟო დავა, რომელიც არსებული მდგომარეობით საქართველოს მთავრობამ წააგო შეეხებოდა ENKA-ს დავას ნამახვანჰესის პროექტზე სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო შეთანხმების მოშლას. დავა საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დეკემბერში წააგო, რის შემდეგაც სახელმწიფომ საფრანგეთის იურისდიქციაში ის გაასაჩივრა. 2025-2026 წლებში საფრანგეთში სააპელაციო პროცედურები მიმდინარეობდა, თუმცა 2026 წლის სექტემბერში ENKA-მ მიმართა აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს განაჩენის აღიარების და აღსრულების საქმის წარმოების დაწყებისთვის. აღნიშნული მოთხოვნა აშშ-ს სასამართლომ დააკმაყოფილა. ამ დავაში საქართველოსთვის დაკისრებულია 443,258,952 დოლარი; 356,190 ევრო და 40,362 გირვანქა სტერლინგი. აღნიშნულ თანხებს სრულ გადახდამდე დაერიცხება SOFR + 4% პროცენტი, ყოველდღიური დარიცხვით.
კიდევ ერთი საარბიტრაჟო პროცესი, რომელიც საქართველომ წააგო იყო რუსული Inter Rao-ს დავა. 2025 წლის დეკემბერში მხარეთა შორის შედგა შეთანხმება თანხის გადახდის გრაფიკზე, აღნიშნული პერიოდისთვის გადასახდელი კომპენსაცია 139 მილიონ დოლარს აღწევდა. პირველი გადახდა 2025 წლის 31 დეკემბერს განხორციელდა, მეორე გადახდა კი 2026 წლის 10 ივლისს. თანხის გადახდა 2028 წლის 10 ივლისს უნდა დასრულდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge