
საავიაციო, საზღვაო და სახელმწიფო შესყიდვების კოდექსებში ცვლილებებს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებას დაუჭირა მხარი, რომლებიც საავიაციო ბაზარს, საზღვაო კოდექსს, სახელმწიფო შესყიდვებსა და დიზაინერების საავტორო უფლებებს ეხება.
კომიტეტზე ცვლილებები ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და მთავრობის საპარლამენტო მდივანმა წარადგინეს, რომლებისთვისაც კანონმდებლებს არც ერთ კანონის პროექტზე, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა დეპუტატებს „საქართველოს საჰაერო კოდექსსა“ და მასთან დაკავშირებულ ოთხ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარუდგინა.
მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული პაკეტი საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით მომზადდა. ცვლილებები უზრუნველყოფს კრედიტორის უფლებას, საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული ინტერესი, ხოლო სახელშეკრულებო დეფოლტის შემთხვევაში, მოითხოვოს ხომალდის მყისიერი ამოღება საქართველოს რეესტრიდან.
„ეს ცვლილება გაზრდის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას უცხოური ინვესტიციებისთვის და მკვეთრად შეამცირებს საავიაციო ობიექტის ფასს ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
თამარ იოსელიანმა სხდომაზე ასევე წარადგინა „საზღვაო კოდექსში შესატანი ცვლილებები“, რომლის მიზანიც ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
მისი თქმით, პროექტი აღმოფხვრის ტექნიკურ ხარვეზს, რომელიც აღიარებული ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების სამართლებრივ განსაზღვრას უკავშირდება და მოახდენს ქართული ნორმების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას. კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა აღნიშნულ ინიციატივებს მნიშვნელოვანი უწოდა.
ახალი ტარიფები სახელმწიფო შესყიდვების დავებზე
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა კომიტეტს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო. რეფორმის მიზეზი დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის გადახედვა გახდა, ვინაიდან მოქმედი ტარიფები პროპორციული არ იყო.
ახალი პროექტის მიხედვით, საჩივრის წარდგენის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:
• სახელმწიფო შესყიდვისას: შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%; • გამარტივებული შესყიდვისას: ღირებულების 2%; • ლიმიტები: საფასური არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და 1 000 ლარზე მეტი.
ბაჩიაშვილმა დეპუტატებს ასევე გააცნო „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულება (რომელიც 2024 წელს საუდის არაბეთში, ისმო-ს კონფერენციაზე იქნა მიღებული) და შესაბამისი კანონპროექტი.
ამ შეთანხმებით დგინდება დიზაინის დაცვის ერთიანი, მინიმალური სტანდარტები, რაც შეამცირებს სხვადასხვა ქვეყნის ბიუროკრატიულ ხარჯებსა და ვადებს. მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ეს ქართველ დიზაინერებსა და მცირე/საშუალო ბიზნესს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივ დაცვას გაუმარტივებს. ხელშეკრულებას ამ დროისთვის მსოფლიოს 28 სახელმწიფო უჭერს მხარს.
კომიტეტმა წარმოდგენილ ყველა საკანონმდებლო ინიციატივას მხარი დაუჭირა.
BM.GE
წყარო: bm.ge