მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "საბრუნავი თანხა დისტრიბუციას თუ გაუჩნდება, რითეილს მოაკლდება"|რითეილერების პოზიცია "არასამართლიანი ვაჭრობის" კანონზე
"საბრუნავი თანხა დისტრიბუციას თუ გაუჩნდება, რითეილს მოაკლდება"|რითეილერების პოზიცია "არასამართლიანი ვაჭრობის" კანონზე

"საბრუნავი თანხა დისტრიბუციას თუ გაუჩნდება, რითეილს მოაკლდება"|რითეილერების პოზიცია "არასამართლიანი ვაჭრობის" კანონზე

BM.GE26 ივნისი, 2026, 23:37|bm.ge

ქსელურ მარკეტებს (რითეილერებსა) და დისტრიბუტორებს შორის კომერვიული ურთიერთობების დარეგულირების მიზნით, "არასამართლიანი ვაჭრობის შესახებ" EU-ს დირექტივის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული "უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმოფხვრის შესახებ“ კანონპროექტი შესაძლოა, დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდეს.

რიტეილსექტორისთვის აღნიშნული რეგულაცია მიუღებელია, რადგან მიიჩნევენ, რომ პროცესების ხელოვნური ჩარევა მათ საბრუნავ სახსრებსა და თავისუფლებას შეამცირებს, პრობლემას კი რეალურად ვერ გადაჭრის. ამ თემაზე „რითეილ ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სოფო ქაშაკაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში ისაუბრა.

საქმე ის არის, რომ 2023 წელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ასევე, კონკურენციის სააგენტო და სექტორის წარმომადგენლები შედიოდნენ და სურსათზე ფასნამატის რეგულირების მიზნით, ეკონომიკის სამინისტროში, ევროდირექტივის შესაბამისად „უსამართლო სავაჭრო პრაქტიკის აღმფხვრის შესახებ“ კანონპროექტიც დაიწერა, მაგრამ მალევე თაროზე შემოიდო.

2026 წელს კი, "ფასების კომისიის" ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პერიოდში დაწერილი კანონპროექტის მიღებაა. კერძოდ, "ფასების საპარლამენტო კომისიის" რეკომენდაციაა, პარლამენტმა მწარმოებელს, იმპორტიორს, დისტრიბუტორსა და ქსელებს შორის ინსტიტუციური ურთიერთობის ჩარჩო შექმნას "არასამართლიანი სავაჭრო პრაქტიკის შესახებ" ევროკავშირის დირექტივის მიხედვით.

- დღის წესრიგში ისევ შეიძლება დაბრუნდეს დისტრიბუტორებსა და ქსელებს შორის ურთიერთობის დარეგულირება, სადაც მთავარი პრობლემა ანაზღაურების დაგვიანებული ვადებია. რატომ ეწინააღმდეგება რითეილ სექტორი ამ საკითხის კანონით მოწესრიგებას?

- შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. საბრუნავი თანხა თუ დისტრიბუციას გაუჩნდება, რითეილს მოაკლდება ანუ ეს პრობლემა მაინც პრობლემად დარჩება. რასაკვირველია, რითეილს უფრო მეტი თავისუფლება სჭირდება, იმიტომ რომ მომხმარებელს ამ სტანდარტს, ხარისხსა და მომსახურებას უშუალოდ რითეილი სთავაზობს. 2022 წელს, ეკონომიკის სამინისტროსთან ეს საკითხი ძალიან ვრცლად გავიარეთ; პროცესში ჩართული იყო კონკურენციის სააგენტოც, დისტრიბუტორებიც და რითეილიც. დეტალურად ვისაუბრეთ ყველა იმ რისკზე, რასთანაც ამ რეგულაციის მიღება იყო დაკავშირებული და მაშინ გადაწყდა, რომ პროცესი დროებით შეჩერებულიყო, თუმცა ჩვენი ურთიერთობები დაკვირვების ქვეშ რჩებოდა. დღეს მივედით იმ ეტაპამდე, რომ ისევ არის ამაზე საუბარი, თუმცა ოფიციალური, დადასტურებული ინფორმაცია, რომ ამ კანონპროექტზე მუშაობა ხელახლა იწყება, ამ ეტაპზე არ გვაქვს. ჩვენ ისევ მზად ვართ, დავიცვათ ჩვენი პოზიციები. დაველოდოთ, ვნახოთ.

- გასაგებია, მაგრამ ქსელური მარკეტების მხრიდან ანაზღაურება თუ იგვიანებს, დისტრიბუტორებს უწევთ კრედიტების აღება, რაც ძვირია და საბოლოოდ, პროდუქტზე ფასნამატს ზრდის და ისევ მომხმარებელს აწვება ტვირთად. სად ხედავთ ოქროს შუალედს, როცა ამ ჯაჭვში სამივე რგოლი - იმპორტიორი, დისტრიბუტორი და ქსელი - თანაბრად მნიშვნელოვანია?

- ჩვენ ამაში პრობლემას ვერ ვხედავთ. დისტრიბუტორებმა თავისი ბიზნესპროცესები ისე უნდა დაგეგმონ, როგორც ეს ხელშეკრულებებში დეტალურად არის გაწერილი. არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, რომ კონტრაქტის პირობებში კარგად ჩახედულები არ არიან. რითეილერთან ხელშეკრულების გაფორმების დროსვე უნდა გაითავისონ ყველა ის ვალდებულება, მოთხოვნა და სტანდარტი, რომელსაც ქსელი მათგან ითხოვს. იგივე ხდება წარმადობასთან დაკავშირებითაც - ბევრი მაგალითი გვაქვს, როცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ვეღარ აკმაყოფილებენ იმ მოცულობებს, რასაც რითეილი სთხოვს, თუმცა ეს კონტრაქტით წინასწარ არის გათვალისწინებული. ასე რომ, საკუთარი ბიზნესპროცესები ხელშეკრულების შესაბამისად უკეთ უნდა გაწერონ.

- ვნახოთ, რას იზამს ამჯერად ეკონომიკის სამინისტრო… რა არის დღეს რიტეილ სექტორის ყველაზე სუსტი წერტილი?

- ალბათ იმპორტდამოკიდებულება - ეს ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ ადგილობრივი წარმოება და private label-ის (საკუთარი ბრენდის) მიმართულება. ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ ბაზარზე მეტი ქართული წარმოების პროდუქცია გვქონდეს - კონკურენტული ფასითა და ხარისხით.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

ON Semiconductor-მა $7 მილიარდად Synaptics-ი შეიძინა

BM.GE

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

Polymarket-ის წლიური შემოსავალი $1 მილიარდს გადასცდა

BM.GE

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

"30 წლით უკან არ უნდა დავბრუნდეთ" - რა რისკები ჩანს ერთიანი სალარო აპარატების დანერგვაში

BM.GE

ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

ნავთობის სიჭარბე & ზედმეტად გაიაფების რისკები – რა ხდება OPEC-ში?

BM.GE