
საერთაშორისო მაგისტრალების 200-მეტრიან ზონაში უნებართვო ობიექტებზე ჯარიმა წესდება - კანონპროექტი პარლამენტშია
საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონო საქმიანობისთვის პასუხისმგებლობის დაწესებას გეგმავს. პარლამენტში ინიციირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არის მომზადებული, მიზნად ისახავს გზისპირა ზონებში შეუთანხმებელი მშენებლობებისა და სხვა საგზაო დარღვევების პრევენციას, ინფრასტრუქტურის დაცვასა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას. მთავრობა აღნიშნული ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა გზისპირა ზონებში საქმიანობის შეთანხმების ვალდებულებას ითვალისწინებდა, დღემდე ეფექტიანი და კონკრეტული სანქციები განსაზღვრული არ იყო. ამ ხარვეზის გამო, ხშირია შემთხვევები, როდესაც გზისპირა ზოლებში (გზის ღერძიდან 100 ან 200 მეტრში) ტექნიკური პირობების გარეშე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობები, ზიანდება საგზაო ინფრასტრუქტურა და იზრდება მძღოლებისა თუ მგზავრების უსაფრთხოების რისკები.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება სრულიად ახალი – 194² მუხლი, ასევე იცვლება 134-ე მუხლის მე-2 ნაწილი, სადაც ზუსტად გაიწერა, თუ რა დარღვევაზე რა სახის ფინანსური სანქცია დაეკისრებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს.
კონკრეტული ჯარიმები დარღვევების მიხედვით:
1. უკანონო სამშენებლო საქმიანობა გზისპირა ზონებში (მუხლი 194²) ეს მუხლი არეგულირებს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებლად ან შეთანხმების პირობების დარღვევით ნებისმიერი სამშენებლო საქმიანობის განხორციელებასა თუ ნაგებობის განთავსებას.
პირველადი გამოვლენა: ითვალისწინებს მხოლოდ ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას. გაფრთხილებასთან ერთად, უფლებამოსილი პირი სამართალდამრღვევს აძლევს მითითებას და განუსაზღვრავს გონივრულ, მაქსიმუმ 1-თვიან ვადას მშენებლობის შეწყვეტის, დემონტაჟის ან ტერიტორიის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებისთვის.
მითითების შეუსრულებლობა: თუ მიცემულ ვადაში პირი მითითებას არ შეასრულებს, დაეკისრება ჯარიმა:
• ფიზიკური პირი – 500 ლარი; • იურიდიული პირი – 2 000 ლარი.
განმეორებითი დარღვევა: თუ გაფრთხილებისა და სახდელის დადების შემდეგ პირი კვლავ გააგრძელებს შეუთანხმებელ მშენებლობას ან ახალს დაიწყებს, ჯარიმები მკვეთრად იზრდება:
• ფიზიკური პირი – 1 500 ლარი; • იურიდიული პირი – 6 000 ლარი.
საავტომობილო გზის ან მისი ნაწილის დაზიანება (მუხლი 194², ნაწილები 4 და 5) თუ გზისპირა ზოლში მიმდინარე უკანონო საქმიანობას შედეგად მოჰყვა საავტომობილო გზის ან მისი შემადგენელი ნაწილის დაზიანება, სანქციები განსაკუთრებით მკაცრდება (აღსანიშნავია, რომ ეს სანქციები გავრცელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს მშენებლობის ნებართვა აქვს, მაგრამ მუშაობისას გზა დააზიანა):
პირველადი შემთხვევა:
• ფიზიკური პირი – 1 500 ლარი; • იურიდიული პირი – 50 000 ლარი.
განმეორებითი შემთხვევა:
• ფიზიკური პირი – 3 000 ლარი; • იურიდიული პირი – 100 000 ლარი.
გზებთან თვითნებური მიერთება და სხვა ინფრასტრუქტურული დარღვევები (მუხლი 134, ნაწილი 2) ახალი რედაქციით განისაზღვრა ფიქსირებული 1 000-ლარიანი ჯარიმა (როგორც იურიდიული, ისე პასუხისმგებელი ფიზიკური პირისათვის) შემდეგი ქმედებებისთვის:
• საერთო სარგებლობის საავტომობილო გზასთან სხვა დანიშნულების გზის თვითნებური მიერთება; • გზის ღერძიდან 100 მეტრზე ახლოს ან ქუჩის მიმდებარედ რაიმე ობიექტის უნებართვო მშენებლობა ან პირობების დარღვევა; • პლაკატის, ტრანსპარანტის, აფიშის, სარეკლამო ფირნიშის ან არასტანდარტული საგზაო ნიშნის უნებართვოდ განთავსება; • გზის თვითნებურად გადათხრა ან სამუშაოების წარმოების შეთანხმების დარღვევა; • საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მანქანის შესაკეთებლად მიღება შესაბამისი ნებართვის გარეშე.
დემონტაჟის უფლება და ხარჯების დაკისრება
კანონპროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტს მნიშვნელოვან ბერკეტს ანიჭებს: მითითებული ვადის გასვლისთანავე, უწყებას უფლება აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თანდასწრებით თავად დაიწყოს უკანონო ნაგებობის დემონტაჟი და აღდგენითი სამუშაოები. დემონტაჟისა და რეაბილიტაციის ყველა ხარჯი სამართალდამრღვევს დაეკისრება. იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ მშენებლობის განმახორციელებელი პირის ვინაობის დადგენა ვერ მოხერხდება, ფინანსური პასუხისმგებლობა და ზიანის ანაზღაურება შენობა-ნაგებობის ან მიწის ნაკვეთის ოფიციალურ მესაკუთრეს ან მოსარგებლეს დაეკისრება.
გზების გაჭუჭყიანებაზე კონტროლი დეპარტამენტს გადაეცემა
საკანონმდებლო ცვლილებებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი თავად ხდება დამჯარიმებელი ორგანო იმ სამართალდარღვევებზე, რომლებიც გზის საფრის გაჭუჭყიანებას, გზის სავალ ნაწილზე, ტროტუარზე ან გვერდულაზე სამშენებლო ან სხვა მასალების დაყრას უკავშირდება (კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამ დარღვევებზე დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზევე გამოსცემენ ელექტრონულ საჯარიმო ქვითარს, რომელიც იმავდროულად ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმია. აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება ხდება დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, თუმცა გასაჩივრება საჯარიმო აქტების მოქმედებასა და აღსრულებას არ აჩერებს.
ეკონომიკური ეფექტი და ამოქმედების ვადები
მთავრობის პროგნოზით, ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ გზისპირა ზონებში უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით წელიწადში დაახლოებით 300 სამართალდარღვევა გამოვლინდება, რაც ბიუჯეტში 1.2 მილიონი ლარის შემოსავალს მოიტანს. დამატებით, გზების გაჭუჭყიანებისა და სამშენებლო მასალების დაყრის ჯარიმებიდან კიდევ 700 ათასი ლარის მობილიზებაა მოსალოდნელი. ახალი ფუნქციების ეფექტიანად შესასრულებლად, საავტომობილო გზების დეპარტამენტს ეძლევა უფლება, საჭიროების შემთხვევაში გადააჭარბოს ბიუჯეტით დამტკიცებულ საშტატო რიცხოვნობას.
ინიციატივის განხილვა მთავრობის მოთხოვნით დაჩქარებული წესით უნდა მოხდეს.
BM.GE
წყარო: bm.ge