
საფურაჟე სიმინდი მკვეთრად გაძვირდა. ამ მოცემულობით, გაგვიჭირდება თავის გატანა - „მეფრინველეობის განვითარების ასოციაცია"
„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ თავმჯდომარე, "კუმისის" თანადამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ფრინველის საკვებად საჭირო სიმინდის გაძვირებას იმ გამოწვევად ასახელებს, რამაც შეიძლება კვერცხის ფასი გაზარდოს.
როგორც მან BM.GE-სთან განაცხადა, პროდუქტი იმპორტით აღარ შემოდის, ადგილობრივი რაოდენობა საკმარისი არაა, დეფიციტმა კი ფასი გაზარდა.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილი განმარტავს, შეიძლება იყოს რიგი გამონაკლისები, თუმცა მასობრივად პროდუქტზე ფასი არ გაზრდილა. ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, იყო შეხვედრები შესაბამის უწყებებთან, თუმცა გამოსავლის მოძებნა ამ დრომდე არ მომხდარა.
"[კვერცხის ფასთან დაკავშირებით] მოლოდინები არის ძალიან რთული. 2015 წელს არის კანონი მიღებული, რომელიც კრძალავს ქვეყანაში გენმოდიფიცირებული საქონლის შემოტანას, იმ გენისას, რომელსაც სიმინდი და სოიო შეიცავს ბევრ შემთხვევაში. ეს კანონი არ გახსენებია არავის სადღაც აპრილამდე. ახლა ამუშავდა ეს კანონი და სიმინდი აღარ შემოაქვთ. ადგილობრივი სიმინდი, ისე როგორც ძალიან ბევრი სხვა საქონელი, არ არის იმდენი, რამდენზეც მოთხოვნაა, ანუ ვერ ვაკმაყოფილებთ საკუთარ თავს და საკმაოდ სერიოზულად გაძვირდა სიმინდი, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ფრინველის კვებაში და მოლოდინი არის რთული, ანუ არ ვიცით რა გავაკეთოთ. მიდის ამ საკითხზე ყველგან მსჯელობა, პასუხი არსად არ არის ჯერჯერობით, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი. სიმინდი, საფურაჟე სიმინდზე მაქვს საუბარი, ქვეყანაში არ შემოდის, ადგილობრივი მარაგები იწურება და კილოგრამის ფასი რომ იყო 70 თეთრი, გახდა ლარი. ამ მოცემულობით, ცოტა გაგვიჭირდება თავის გატანა და ფასის შენარჩუნება. რა იქნება არ ვიცით. სიმინდის გარეშე ქათამი როგორ უნდა შეინახო, არ ვიცი",- აღნიშნა მან.
ზურაბ უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით კვერცხის ფასი არ გაზრდილა.