
სახელმწიფო ღვინის კომპანია სუბსიდიით შესყიდული ყურძნის გადასამუშავებლად სპირტსახდელს ₾1.8 მილიონად ყიდულობს
შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუკუზანში სპირტის სახდელი დანადგარის შესაძენად 1.8 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერს აცხადებს.
ტენდერის ფარგლებში შესყიდვა ასევე მოიცავს დანადგარის მონტაჟსა და ექსპლუატაციაში გაშვებას სრული ტექნოლოგიური ეტაპების გათვალისწინებით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, დანადგარის წარმადობა დღეში 95-100 ათასი ლიტრი უნდა იყოს.
ტენდერით ასევე უნდა შეიძინონ წყლის გამაციებელი დანადგარი, რომლის წარმადობა საათში 25 ტონა იქნება, წყლის ავტომატური რეცხვისა და დარბილების დანადგარი საათში 3-5 ტონის წარმადობით, ასევე ორთქლის ქვაბი საათში 2-2.5 ტონის წარმადობით. პროექტში შედის ორთქლის წნევის მარეგულირებელი და ორთქლის მიწოდების მილ-გაყვანილობაც.
ტენდერში მონაწილე კომპანიებს 2022 წლის 1 იანვრიდან მსგავსი ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეთ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტის მიერ შესრულებული მსგავსი ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება არანაკლებ 1 მილიონი ლარი უნდა იყოს. კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 5 ოქტომბერს სრულდება.
"მოსავლის მართვის კომპანია" მუკუზანში საწარმოს სრულად აღჭურვას გეგმავს
სპირტის სახდელი დანადგარის შესყიდვა მუკუზანში ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვის გეგმას უკავშირდება.
კომპანიამ 27 აგვისტოს კიდევ ერთი მსხვილი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 54 რეზერვუარის შეძენაა დაგეგმილი. ამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8.07 მილიონი ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანია შეიძენს 10 ერთეულ 300-ტონიან, 40 ერთეულ 150-ტონიან, 2 ერთეულ 50-ტონიან და 2 ერთეულ 16-ტონიან რეზერვუარს. შესყიდვა ასევე ითვალისწინებს მათ მონტაჟს. წინადადებების მიღება ამ ტენდერზე 23 სექტემბერს დაიწყება და 28 სექტემბერს დასრულდება.
მუკუზანში ყურძნის გადამმუშავებელი საწარმოს მშენებლობისა და აღჭურვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება „მოსავლის მართვის კომპანიას“ მთავრობის 6 აგვისტოს განკარგულებით დაევალა. იმავე განკარგულების თანახმად, კომპანიისთვის 2025 წლის 26 წლის განკარგულების ფარგლებში გამოყოფილი თანხიდან 17 მილიონი ლარი საწარმოს მშენებლობასა და აღჭურვას უნდა მოხმარდეს.
შპს „მოსავლის მართვის კომპანიის“ 100%-იანი წილის მმართველი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „ღვინის ეროვნული სააგენტოა“. სახელმწიფო კომპანია რთველის პერიოდში ჭარბ ყურძენს იბარებს და მისგან ღვინო-მასალასა და საკონიაკე სპირტს აწარმოებს.
2025 წელს „მოსავლის მართვის კომპანიამ“ 145.7 ათასი ტონა ყურძენი ჩაიბარა, რისთვისაც სახელმწიფომ 240 მილიონი ლარი დახარჯა. ეს იმ წელს საქართველოში მიღებული ყურძნის, 330 ათასი ტონის, დაახლოებით 44%-ს შეადგენდა.
BM.GE
წყარო: bm.ge