
სახელმწიფოს არ აქვს იმხელა რესურსი, ყველას ყველაფერი დაუფინანსოს, ამიტომ ჯანდაცვაში შემავსებელი კომპონენტი უნდა შემოვიდეს - ბესიკ ფესტვენიძე
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის პოლისების 30%-იან მატებაზე საუბრობს. „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სამედიცინო დირექტორი ბესიკ ფესტვენიძე BMG-სთან განმარტავს, რომ სამედიცინო სერვისების გაძვირებასთან ერთად, მოქალაქეების დაინტერესება კერძო დაზღვევით მზარდია.
ბესიკ ფესტვენიძის თქმით, „ჯიპიაი ჰოლდინგი“ წლებია ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის ბაზრის 50%-ზე მეტს ფლობს. ბოლო პერიოდში დინამიკა განსაკუთრებით გააქტიურდა. მისივე განმარტებით, თუ ადრე ინდივიდუალურ პაკეტებს ძირითადად უცხოელები ან რეპატრიანტები ყიდულობდნენ, ახლა ზრდის ძირითადი წილი საქართველოს მოქალაქეებზეც მოდის.
„ინდივიდუალურ დაზღვევას ძირითადად ის ადამიანები ყიდულობენ, რომლებიც დასაქმებულები არიან, აქვთ შემოსავალი, თუმცა მათი სამსახური კორპორატიულ დაზღვევას არ სთავაზობს. ასევე ხშირია შემთხვევები, როდესაც შვილები პოლისებს ასაკოვანი მშობლებისთვის ყიდულობენ.
ჩვენი პროდუქტი ნაკლები შეზღუდვებით და მეტი თავისუფლებით ხასიათდება. ჩვენს დაზღვეულს შეუძლია, დაზღვევის პირველივე დღიდან მიიღოს მომსახურება მოცდის პერიოდების გარეშე. მოცდის პერიოდები გვაქვს ჰოსპიტალურ ოპერაციებზე, დაგეგმილ ოპერაციებზე; გადაუდებელზე - არა. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება კარგი პროდუქტი იყოს. ეს პირველი კვარტლის შედეგებშიც აისახა - ზრდა დიდია - 30%-ზე მეტი ზრდაა პოლისების რაოდენობაში და 30%-იანი ზრდა პრემიაში“ - აცხადებს ფესტვენიძე BMG-სთან.
ამასთან, მისივე განმარტებით, დღეს მოქმედი რეგულაციით, მოქალაქე, რომელიც კერძო დაზღვევას ყიდულობს, ავტომატურად კარგავს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის უფლებას (გარკვეული გამონაკლისების გარდა). ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ე.წ. „დაშენებული პაკეტის“ შემოტანა შექმნიდა სისტემას, სადაც სახელმწიფო პროგრამა რჩება ბაზისად (მაგალითად, ჰოსპიტალური მომსახურებისთვის), ხოლო კერძო დაზღვევა დაფარავდა იმ ხარჯებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ აფინანსებს.