მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია - ლექსო ალექსიშვილი
სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია - ლექსო ალექსიშვილი

სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია - ლექსო ალექსიშვილი

BM.GE21 მაისი, 2026, 20:58|bm.ge

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებლის ლექსო ალექსიშვილის შეფასებით, სახელმწიფოსგან „სოციალური კალათის“ შექმნის მითითება ბიზნესისთვის თავსმოხვეულია. ამის შესახებ მან „ანალიტიკაში“ პროდუქტის ფასების ზრდის შემაკავებელ ფაქტორებზე საუბრისას განაცხადა.

კითხვას - რამდენად ლოგიკურია ბიზნესის ქცევა „სოციალური კალათის“ შექმნის კუთხით, იმ პირობებში როდესაც თავად „ფასების საპარლამენტო კომისიამ“ დაასკვნა, რომ FMCG სექტორში მოქმედი კომპანიების მოგების მარჟები არც ისე მაღალია, როგორც ეს ჩანს, ლექსო ალექსიშვილი პასუხობს, რომ ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს, ხოლო სახელმწიფომ რეგულირების მხრივ ისეთი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რომ ბაზარი მაქსიმალურად მრავალფეროვანი იყოს.

„ხშირად ბიზნესს ვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მათ შეუძლიათ რომ გააკეთონ. რეალურად ბიზნესს რისი კეთებაც შეუძლია, ეს არის ის ბიზნესი. ჩვენ მას ამაზე მეტს ვერ მოვთხოვთ რასაც აკეთებს. ბიზნესის არსიც ეს არის.

მეორე მხრივ კი ჩვენ ვთხოვთ ბიზნესს, რომ გაითვალისწინოს სოციალური თემატიკა, ან გაითვალისწინოს პოლიტიკისთვის დამახასიათებელი თემატიკა. „სოციალური კალათის“ შექმნის საკითხები, მგონია რომ ეს უფრო მეტად სახელმწიფოსგან მიცემული მითითება იყო, რომ მიეღოთ მყისიერი პასუხი იმ ამოცანაზე, რა ამოცანაც დაისვა. ანუ ეს იყო მყისიერი პასუხი იმაზე, რომ მოდი ახლა ჩვენ რაღაცა ხომ უნდა მოვიმოქმედოთ, რაც ჩემი აზრით, ბიზნესისთვის თავსმოხვეულია.

ახლა რაც შეეხება იმას - რა რეაგირება შეიძლება მოახდინოს ბიზნესმა? ბიზნესმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. ოღონდ სახელმწიფომ უნდა ეცადოს, რომ ამ სივრცეებში მონაწილე ჯგუფების რაც შეიძლება დიდი რაოდენობა შექმნას, ნებისმიერ საქონელზე ბაზარი რაც შეიძლება დივერსიფიცირებული უნდა იყოს, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს, გააღოს კარი ნებისმიერი სახის იმპორტიორისთვის, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანაში სხვადასხვა არხებით შემოდიოდეს - ეს ერთადერთი გამოსავალია იმისთვის თუ გვინდა, რომ მართლა ეფექტი მივიღოთ“, - განაცხადა ლექსო ალექსიშვილმა და დასძენს, რომ პროდუქტზე ფასების შემცირების ერთ-ერთი ფაქტორი შეიძლება მიწოდების ჯაჭვის დამოკლებაც იყოს, თუმცა ამას ხელოვნურად ვერ შექმნი.

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი „ფასების საპარლამენტო კომისიის“ სხდომებზე ბევრი საკითხი არ იყო განხილული, რაც ყურადღებას იმსახურებს - ასე პასუხობს ის კითხვას შეიძლება თუ არა ფასების კომისიის შექმნა პროდუქციის ფასების ზრდის შემაკავებელი იყო.

„თუ კომისიის მიზანია, რომ რაღაცა პოლიტიკური სცენა უნდა დავდგათ, სადაც ამ თემებზე უნდა ვიმსჯელოთ და ხალხს ვაჩვენოთ, რომ მე ამ თემებზე ვმსჯელობ, ეს სხვა თემაა, მაგრამ რეალურად, არის თემატიკები, რომელთა განხილვაც შეიძლება საინტერესო ყოფილიყო, მათ შორის მაგალითად იმპორტიორების შეზღუდული რაოდენობა, ანუ იმპორტიორებში რა ხდება? ჩვენ ხშირ შემთხვევაში იმპორტს, როგორც ცუდ მოვლენას ისე ვუყურებთ და იმპორტის შემცირებას ვამჯობინებთ, რაღაცის მიღწევის მოლოდინით, თუმცა იმპორტის შემცირებით მხოლოდ პროდუქტის გაძვირებას მივაღწევთ. ჩემი ინფორმაციით, ამ ქვეყანაში იმპორტი, სხვადასხვა გარემოებების გამო, ყოველთვის იზღუდებოდა.

საქართველო პატარა ბაზარია, რომლის დამახასიათებელიც ის არის, რომ მისი დაკავება მარტივია. ერთხელ თუ დაიკავებს რაღაცა ჯგუფი ან რამდენიმე ჯგუფი ერთდროულად ბაზარს, ბუნებრივია მასზე ახალი მოთამაშის შემოსვლა გაცილებით უფრო რთულია, და როდესაც ეს რთულია, ბუნებრივია ნიშნავს, რომ ფასზე ზემოქმედების ყველაზე საუკეთესო საშუალება სწორედ ეს არის. შეგვიძლია თუ არა ამის შეცვლა? მგონია, რომ შესაძლებელია იქიდან გამომდინარე თუ უფრო დეტალურად ვნახავთ რა ხდება.

მეორე საკითხი არასატარიფო ბარიერებია, რომლებიც უმრავლეს შემთხვევაში არ ჩანს. მათ შორის, მაგალითად უამრავი მოსაკრებელი, რომელიც სხვადასხვა ვითარებით დგება. ზოგი სამშენებლო მასალაზეა, ზოგი საკვებ პროდუქტზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ეს პროდუქტის გაძვირებას იწვევს. ამ პროცესის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი თანმიმდევრულობაა. ერთი მხრივ პროდუქტის გაიაფება გვინდოდეს და მეორე მხრივ ჩვენ გვინდოდეს, რომ აქციზის გადასახადი დავადოთ რაღაცას ან შევზღუდოთ იმპორტი - ეს არ მოდის შესაბამისობაში იმ ამოცანასთან, რომელიც მეორე მხარეს დგას“, - განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.

ცნობისთვის, FMCG სექტორი პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ შეისწავლა, რის შედეგადაც მომზადდა დასკვნა მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული დასკვნის შემდეგ საქართველოში ქსელურმა მარკეტებმა მომხმარებლებისთვის „სოციალური კალათით“ ფასდაკლებების შეთავაზება დაიწყეს. როგორც „რითეილ ასოციაციამ" განმარტა, კომპანიები ერთიან მიდგომაზე შეთანხმდნენ, თუმცა ყველამ ინდივიდუალურად განსაზღვრა შეთავაზებები. სოციალური პროდუქტი ძირითადად არის ზეთი, ბრინჯი, კვერცხი, წიწიბურა, მაკარონი, პური, შაქარი, გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება იყოს რძის პროდუქტიც, ქათმის ხორცი. მარკეტების ეს ნაბიჯი ფასების საპარლამენტო კომისიის დასკვნას მოჰყვა, რომელიც მოკლევადიანი მსუბუქი ინტერვენციის სახით ერთ-ერთ რეკომენდაციად საფრანგეთისა და საბერძნეთის მოდელს განიხილავს.

როგორ უნდა იპოვოთ ფასდაკლებული პროდუქცია - ყველაფერი "სოციალური კალათის" შესახებ|ინტერვიუ

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვინ მართავს ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს? - TI-ს კვლევა

ვინ მართავს ფოთის სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს? - TI-ს კვლევა

BM.GE

"ღარიბებს გადასახადები უნდა მოეხსნათ" - ჯეფ ბეზოსი

"ღარიბებს გადასახადები უნდა მოეხსნათ" - ჯეფ ბეზოსი

BM.GE

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

საუდის არაბეთი ელექტროენერგიის საწარმოებლად ნავთობპროდუქტების მოხმარებას ზრდის

BM.GE

"ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა" - როგორია მონაცემთა ცენტრების პერსპექტივა საქართველოში?

"ბაზარი განვითარების ადრეულ ეტაპზეა" - როგორია მონაცემთა ცენტრების პერსპექტივა საქართველოში?

BM.GE