
საკუთარი თავის პოზიციონირება არ შეიძლება კონიუნქტურულად ცვალო - ტურიზმის ექსპერტი
“ინდოეთში, ჩინეთში, ისრაელში ახალი ბაზრების ძებნა საჭიროა, მაგრამ საკუთარი თავის პოზიციონირება არ შეიძლება კონიუნქტურულად ცვალო”, - ამის შესახებ ტურიზმის ექსპერტი ვანო ვაშაყმაძე “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს.
მისი შეფასებით, საერთაშორისო ბაზრების ცვლილებამ და აზიური თუ ბიუჯეტური სეგმენტის ზრდამ ქვეყნის გრძელვადიანი ბრენდინგი არ უნდა შეცვალოს. ვაშაყმაძის თქმით, სახელმწიფო პოლიტიკა არ უნდა იცვლებოდეს „ფლიუგერივით“ კონიუნქტურულად, მხოლოდ კონკრეტული მომენტის ან სტუმრის მოთხოვნის შესაბამისად.
“გლობალური სიტუაცია არ არის მარტივი. ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირებაც არ არის მარტივი და ალბათ ტურიზმის ადმინისტრაციაც ცდილობს ყველაფერს, რომ კრიზისულ სიტუაციებში ბაზრების ჩანაცვლება მოახერხოს.
ძებნა ახალი ბაზრების — ინდოეთში, ჩინეთში, ისრაელში საჭიროა, მაგრამ საკუთარი თავის პოზიციონირება არ შეიძლება კონიუნქტურულად ცვალო. თუ შენ იძახი, რომ საქართველო ამით არის ცნობილი, აი იმას უნდა გაუფრთხილდე, რუდუნებით, ათწლეულებით განავითარო და არ ცვალო ფლიუგერივით სტუმრის მოთხოვნაზე დამოკიდებულებით. იმიტომ რომ, როგორც კი ამას გააკეთებ, შენი ხარისხი და ფასი ჩამოცურდება ქვემოთ, შენ მოიპოვებ ისევ რაოდენობრივ მაჩვენებლებს შემოსული ვიზიტორების, მაგრამ მას არ ექნება არც ეკონომიკური ეფექტი, არც პოლიტიკური, არც სოციალურ-კულტურული, თუ გნებავთ, რისთვისაც თავიდან დავისახეთ ჩვენ ამ ქვეყნის ჩვენება სამყაროსთვის.
ამაში საჭიროა, თუ გინდა შენივე შექმნილი დოკუმენტების და იქ მიგნებების კარგად გააზრება და თანმიმდევრულობა, რაც არის აუცილებელი ფაქტორი წარმატების და რაც არ გვახასიათებს. შეიძლება ჩვენი გადარჩენის კოდიც ეგ არის, მაგრამ ესეც არ არის კარგი კოდი და თუ ამას არ გადავლახავთ, ჩვენ მუდმივად პირველ კლასში ვიქნებით.
ახლა, თუ ჩვენ ისე გადავეწყობით, რომ ყველა ჩინურ ავტობუსს თავისი მზარეული ჩამოჰყვება და ყველა რესტორანს ჩინური კერძის მომზადებისთვის ჩინური პერსონალი დასჭირდება, მაშინ ეს ჩინეთის პროვინცია იქნება და არა საქართველო. ხოლო თუ შევინარჩუნებთ ამას და ჩვენს სტუმარს რუდუნებით ავუხსნით, რატომ ვართ საინტერესო, შეიძლება ის უფრო კმაყოფილი წავიდეს და შედეგად უფრო მაღალხარჯველიანი მისი თანამოქალაქე ჩამოვიდეს ამის გამო.
ეს არის პროცესი, რომელსაც სიმტკიცე და ადაპტაცია სჭირდება ერთდროულად. არ შეიძლება აქ ფლუქტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ დიდი ქვეყანა. ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას რაოდენობრივი მახასიათებლებით.
რითაც ვართ ჩვენ გამორჩეული და საინტერესო, ამაზე უნდა ვიდგეთ და ეს უნდა გავაძლიეროთ ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტებით”, - აცხადებს ვანო ვაშაყმაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge