მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სამჯერ შეცვლილი მოდელი - ანაკლიის პორტის განხორციელების გეგმის ქრონოლოგია
სამჯერ შეცვლილი მოდელი - ანაკლიის პორტის განხორციელების გეგმის ქრონოლოგია

სამჯერ შეცვლილი მოდელი - ანაკლიის პორტის განხორციელების გეგმის ქრონოლოგია

BM.GE6 ივლისი, 2026, 15:28|bm.ge

დღეს, ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების მოდელის ცვლილების შესახებ გამართა პრესკონფერენცია. მინისტრის თქმით, წინა მოდელი, რაც ითვალისწინებდა პორტის 49%-ის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას და კერძო ინვესტორის მიერვე პორტის ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის თანხების ჩადებას, ე.წ. "ლენდლორდის" მოდელით შეიცვალა, რა დროსაც სახელმწიფო იქნება პორტის 100%-ის მესაკუთრე. სახელმწიფო ააშენებს პორტის ინფრასტრუქტურას, ხოლო პორტს არ ეყოლება რომელიმე ერთი კონკრეტული ოპერატორი და მის ნაცვლად, სახელმწიფო სხვადასხვა კომპანიებზე გასცემს ტერმინალებს და ნავმისადგომებს იჯარით. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, სახელმწიფო არ გაასხვისებს პორტის წილებს და მუდმივად შეინარჩუნებს პორტზე სრულ საკუთრების უფლებას.

შესაბამისად, პროექტში არ იქნება ინვესტორის სახით ჩართული ჩინური კორპორაცია CCCC-ი, რომელიც საერთაშორისო კონკურსის უპირატეს მონაწილედ 2024 წლის 29 მაისს გამოვლინდა. გასული ორი წლის განმავლობაში კომპანიასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა თუმცა, საბოლოოდ მთავრობამ მოდელი შეცვალა და პროექტი სრულად სახელმწიფო დაფინანსებით აშენდება. პროექტის ჯამურ საინვესტიციო მოცულობად 1.1 მილიარდი დოლარი არის განსაზღვრული, ხოლო დღეს გამოცხადებული გადაწყვეტილების ფონზე უშუალოდ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან 200 მილიონი დოლარით მეტის დახარჯვა მოუწევს. ამ თანხის მოზიდვაზე სახელმწიფო მოლაპარაკებებს მართავს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

როგორ იცვლებოდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განხორციელების მოდელი ბოლო 12 წლის განმავლობაში:

"ქართული ოცნების" მთავრობის პირობებში, ანაკლიის პორტის პროექტი 2014 წლის 5 აგვისტოს დაიწყო, როდესაც მთავრობამ პორტის მშენებლობის შესახებ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. პროექტი პირვანდელი მოდელით კერძო ინვესტორს უნდა განეხორციელებინა, თუმცა სახელმწიფო ინარჩუნებდა "ოქროს აქციას", ასევე სახელმწიფოს კუთვნილი "საპარტნიორო ფონდი" $100 მილიონი დოლარის საკრედიტო თანადაფინანსებას გასცემდა.

პირვანდელი მოდელის ქრონოლოგია - პროექტი 100%-ით კერძო ინვესტორის საკუთრებაში უნდა ყოფილიყო, სახელმწიფოს კი "ოქროს აქცია" ექნებოდა.

• 2014 წლის 5 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადა. აღნიშნულ პერიოდში პრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტს კი გიორგი კვირიკაშვილი იკავებდა. • სამთავრობო კომისიამ 12 განაცხადის შესწავლა-შეფასების შემდგომ გამოავლინა 7 კომპანია. საბოლოო წინადადება მხოლოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“ წარადგინა და იგი 2016 წლის 5 თებერვალს გამარჯვებულად გამოცხადდა. პროექტი მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა. • 9-თვიანი მოლაპარაკების შემდეგ, შეიცვალა პროექტის განვითარების ქრონოლოგია და 7 ფაზის ნაცვლად პროექტის სახელმწიფო და ინვესტორი 9 ფაზად განვითარებაზე შეთანხმდნენ. ამასთან, კონსორციუმი სახელმწიფოსთან შეთანხმდა, რომ პროექტის საკრედიტო დაფინანსებას გამოყოფდა “საპარტნიორო ფონდიც”, რაც $100 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. ამასთან, ფონდი გამოყოფდა სესხს მაშინ, თუკი კონსორციუმი მოიძიებდა პროექტის განვითარების ძირითად კაპიტალს $400 მილიონის ოდენობით, რომლისთვისაც კრედიტები საერთაშორისო დონორული ინსტიტუტებისგან უნდა აეღო. • 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის გაფორმდა ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის და ოპერირების საინვესტიციო ხელშეკრულება. • ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფოს ვალდებულება იყო პორტის მშენებლობისთვის საჭირო მიწის გადაცემა და საგზაო-სარკინიგზო ინფრასტრუქტურის პორტამდე მიყვანა. • დადგენილ ვადებში კონსორციუმს გადაეცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და კერძო პირებისაგან გამოსყიდული მიწის ნაკვეთები. დანარჩენი მიწები კონსორციუმს გადაეცემა პორტის მშენებლობის პირველი ფაზისათვის. მიწების გამოსყიდვა ეკონომიკის სამინისტრომ დააფინანსა და ის 64 მილიონი ლარი დაჯდა. • პორტთან დამაკავშირებელი გზისა და რკინიგზის მშენებლობისთვის მთავრობამ პროექტი მოამზადა, თუმცა სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად აღნიშნული ინფრასტრუქტურა დღემდე არ არსებობს. • აღნიშნულ პერიოდში პროექტის წარმმართველი ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო, მაშინ სამინისტრო აცხადებდა, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან შეთანხმების საფუძველზე საინვესტიციო შეთანხმებაში 40-ზე მეტი ცვლილება შევიდა. 2019 წლის ჩათვლით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თარიღი 6-ჯერ გადავადდა. აღნიშნულ პერიოდში ანაკლიის კონსორციუმი მოლაპარაკებებს მართავდა EBRD, EIB, OPIC და ADB-თან, რათა მათ გამოეყოთ $100-100-100-100 მილიონიანი კრედიტები პროექტის განვითარებისთვის. • 2018 წლის დეკემბრიდან კონსორციუმის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან სესხის მისაღებად მოლაპარაკებებში მთავრობა ჩაერთო. ბანკებმა მთავრობას ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების 8-პუნქტიანი პაკეტი წარუდგინეს. • 2019 წლის მაისში მთავრობა ყველა ახალ პირობას დათანხმდა, გარდა კერძო ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევისა და 400 მილიონი დოლარის სესხის სრულად უზრუნველყოფისა. • 2019 წლის ივნისში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ბახტაძესთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აშშ იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო პორტის [ანაკლიის პორტის] პროექტს დაასრულებს. • 2019 წლის 15 ოქტომბერს ამოიწურა ვადა, როცა კონსორციუმს უნდა წარედგინა120 მილიონი დოლარის ოდენობის კაპიტალის შევსების თაობაზე მავალდებულებელი შეთანხმება, ასევე - კრედიტორებთან დაფინანსების მისაღებად გასაფორმებელი დოკუმენტის პროექტი. ეს ვადა მთავრობამ გაახანგრძლივა 2020 წლის ბოლომდე. • 2020 წლის იანვარში მთავრობამ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულება ცალმხრივად მოშალა, რასაც კომპანიასთან და მის თანაინვესტორ ბობ მეიერთან ოთხწლიანი საარბიტრაჟო დავა მოჰყვა. საბოლოოდ აღნიშნულ დავებში სახელმწიფომ გაიმარჯვა. • მეორე მოდელი - პროექტში სახელმწიფოს 51%-ის წილი ექნებოდა, კერძო ინვესტორს კი 49%-ის წილი

2022 წლის 12 დეკემბერს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტი შეცვალა. თუკი პირვანდელი პროექტით, პორტის ძირითადი აქციონერი ინვესტორი უნდა ყოფილიყო, ახალი კონფიგურაციით, პორტის 51%-იანი წილის მფლობელი საქართველოს მთავრობა იქნება. შესაბამისად, ინვესტორი, რომელიც პროექტის განვითარებაზე იქნება პასუხისმგებელი, მხოლოდ 49%-იან წილს დასჯერდებოდა.

2023 წლის დასაწყისში ეკონომიკის სამინისტრომ სატენდერო განაცხადი მოამზადა და საერთაშორისო კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში უპირატესი მონაწილე 2024 წლის 29 მაისს დასახელდა. ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ტენდერში გამარჯვებულად კომპანია China Communications Construction Company დასახელდა, რომელმაც სახელმწიფოს სრულყოფილი საინვესტიციო წინადადება წარუდგინა.

ტენდერის საბოლოო ეტაპზე მონაწილეობდა ორი კომპანია კონსორციუმი - (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური), (ქვეკონტრაქტორები - China Road and Bridge Corporation და -Qingdao Port International Co., Ltd). ხოლო მეორე მონაწილე იყო (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A), რომელიც შვეიცარიულ-იტალიური გიგანტის Mediterranean Shipping Company-ის შვილობილი კომპანიაა. აღნიშნულმა კომპანიამ საინვესტიციო წინადადება არ წარადგინა, შესაბამისად ერთადერთი ვინც საინვესტიციო განაცხადი დააფიქსირა სწორედ ჩინური CCCC-ის კონსორციუმი იყო.

პროექტის ფარგლებში სახელმწიფო ვალდებულებას იღებდა ადგილზე მოეწყო წყლის ინფრასტრუქტურა - რაც მოიცავს ფსკერის დაღრმავებას, ტალღმტეხის (კედლის) მშენებლობა პორტის აკვატორიაში, ტერიტორიის ზედაპირის გასწორებას და წინა სამშენებლო ეტაპამდე მიყვანას. ასევე პორტთან 18-კილომეტრიანი გზის და რკინიგზის მშენებლობას და სხვა დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. 2024 წლის აგვისტოში ამ მიზნით საქართველოს მთავრობასა და ბელგიურ კომპანია Jan De Nul-ს შორის გაფორმდა 204 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება ფსკერის დარღმავების, ტალღმტეხის და სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის შესახებ. 2026 წელს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ კონტრაქტორთან მოლაპარაკებების შედეგად პირველადი კონტრაქტის ღირებულების 52 მილიონი დოლარით შემცირებას მიაღწია.

საქართველოს მთავრობა კი მოელოდა, რომ კერძო ინვესტორი, მას შემდეგ რაც მასთან საინვესტიციო შეთანხმება გაფორმდებოდა, პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში განახორციელებს 600 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიციას, რათა ადგილზე მოაწყოს წლიურად 600,000 კონტეინერის (TEU) გამტარობის საკონტეინერო ტერმინალი და 7.8 მილიონი ტონის გატარების ტექნიკური შესაძლებლობის მქონე საზღვაო ნავსადგური. თუმცა, აღნიშნული მოდელით პროექტის განვითარება 2026 წლის 6 ივლისს შეწყდა. ამასთან, გასული პერიოდის განმავლობაში მთავრობამ განაცხადა რომ CCCC-თან გამოკვეთილი იყო ექვსი საკითხი, რაზეც პოზიციების დაახლოება მიმდინარეობდა. ამასთან, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მყარი პოზიცია იყო, რომ კერძო ინვესტორისთვის არ მოახდენდნენ საკრედიტო თუ ტვირთბრუნვის გარანტიის მიცემას.

• მესამე მოდელი - ანაკლიის პორტი 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და ის "ლენდლორდის" მოდელით აშენდება:

2026 წლის 6 ივლისს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი "ლენდლორდის" მოდელით აშენდება და სახელმწიფო პორტში 100%-ის წილს სახელმწიფო შეინარჩუნებს. ამავე მოდელით, სახელმწიფოს მხრიდან გასაწევი ინვესტიციების მოცულობა $200 მილიონით იზრდება. თანხების მობილიზების მიზნით მთავრობა მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური ააშენოს მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აპრობირებული ე.წ. „ლენდლორდის“ მოდელით, რომლის ფარგლებში სახელმწიფო დარჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და მის განვითარებასა და მართვას თავად უზრუნველყოფს. “ლენდლორდის” მოდელი სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, ანაკლიის პორტი განავითაროს არა ერთ, როგორც დღემდე იყო დაგეგმილი, არამედ ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფოსთან და კომპანიასთან პარტნიორობით, რაც პორტში ტვირთების მოზიდვისა და შესაბამისად, მისი მაქსიმალურად ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის საუკეთესო პირობებს შექმნის“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულად მიესალმება ანაკლიის პორტში შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნებიდან - ჩინეთიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელებულ ინვესტიციებს. მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მთავარ მიზანს: პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობითა და მათი ინტერესების გათვალისწინებით, ანაკლიის პორტი საერთაშორისო ინტერესების, კაპიტალისა და ტვირთნაკადების თავმოყრის ცენტრად ჩამოყალიბდეს. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, შექმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს და ჩვენს ქვეყანას შუა დერეფნის პროექტის საკვანძო მონაწილედ აქცევს“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, არიან დაინტერესებული კომპანიები დასავლეთიდან, ცენტრალური აზიიდან, ჩინეთიდან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ტერმინალების იჯარით მართვით არიან დაინტერესებული.

"პორტის წილები არ გაიყიდება. ეს იქნება ქართული პორტი, სახელმწიფო იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მფლობელი. სხვა არავინ იქნება მფლობელი. ეს არის ქართული პორტი და იქნება ქართული პორტი. საერთაშორისო კომპანიები ჩაერთვებიან უშუალოდ სატერმინალო ინფრასტრუქტურის მართვაში. ეს არის ლენდლორდ მოდელი, რომელიც არის ყველაზე აპრობირებული მოდელი. ეს მოდელი მუშაობს ნიდერლანდებში, აშშ-ში, სინგაპურში, ბელგაიაში და სხვა ქვეყნებში.

დაფინანსების მოდელი იქნება სტანდარტულად ორივე – ეს იქნება საბიუჯეტო, ისევე როგორც თანამშრომლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და, როგორც უკვე მოგახსენეთ, ძალიან დიდი ინტერესი არსებობს ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, ისევე როგორც საერთაშორისო პოტენციური ოპერატორების მხრიდან“, – აღნიშნა მინისტრმა.

ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს ინვესტიცია სამ ძირითად მიმართულებაზე გადანაწილდება. მისი თქმით, პირველი მიმართულება უკვე მიმდინარე საზღვაო სამშენებლო სამუშაოებია.

„სამი მიმართულებით მოახდენს სახელმწიფო ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში. პირველი ეს გახლავთ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები, რომელიც გულისხმობს დაღრმავებით და ტალღმტეხის სამუშაოებს,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, მეორე მიმართულებაა ანაკლიამდე მისასვლელი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა.

„მეორე გახლავთ რკინიგზისა და დამაკავშირებელი გზის მოწყობა, რომელიც წინა მოდელშიც აქტუალური იყო და აღნიშნულ მოდელშიც აქტუალურად რჩება,“ – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მინისტრის თქმით, სწორედ ახალი განვითარების მოდელიდან გამომდინარე ემატება მესამე კომპონენტი, რომლის დაფინანსებასაც სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს.

„შემოდის ახალი კომპონენტი, რომელიც გულისხმობს უშუალოდ ძირითადი და ფუნდამენტური საპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მათ შორის ნავსადგომებისა და სხვა მნიშვნელოვანი თანამდევი ინფრასტრუქტურის მოწყობას. ეს არის ის ახალი კომპონენტი, რომლისთვისაც დამატებით 200 მილიონი დოლარის მობილიზებას მოახდენს სახელმწიფო და დამატებით მოახდენს ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2026 წლის აპრილის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ ანაკლიის პორტის გენერალური გეგმის ალტერნატივების შეფასებისთვის დაიქირავა კომპანია PORT CONSULTANT ROTTERDAM-ი, რომელსაც პროექტის სრულად სახელმწიფოს მიერ განხორციელების ალტერნატივა უნდა შეეფასებინა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ სწორედ ეს ალტერნატივა აირჩია და პროექტის განხორციელებაში კერძო ინვესტორი აღარ იქნება ჩართული.

რა ვითარებაა ამჟამად ანაკლიაში - მთავრობის კონტრაქტორის Jan De Nul-ის მიერ შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები:

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს" - გოცირიძე

"ჩინელებმა გადაგვაგდეს. ანაკლიის აშენებაზე უარი განაცხადეს, ფაქტობრივად, მოგვატყუეს" - გოცირიძე

BM.GE

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება

6-დან 9 ივლისის 12:00 საათამდე ლანჩხუთისა და ლესას სატრანსპორტო კვანძებზე მოძრაობა შეიზღუდება

BM.GE

სააპელაციო სასამართლოში მიქაუტაძის შემდეგი პროცესი 14 სექტემბერს გაიმართება - ადვოკატი

სააპელაციო სასამართლოში მიქაუტაძის შემდეგი პროცესი 14 სექტემბერს გაიმართება - ადვოკატი

BM.GE

ენერგიის სიჭარბის დროს პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს - გიორგი აბრამიშვილი

ენერგიის სიჭარბის დროს პრიორიტეტი ჰესებს უნდა მიენიჭოს - გიორგი აბრამიშვილი

BM.GE