მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამშენებლო სტანდარტები მოძველებულია, გასული საუკუნის მონაცემებს ეფუძნება" - გეოლოგი თბილისის სანიაღვრეების პრობლემაზე
"სამშენებლო სტანდარტები მოძველებულია, გასული საუკუნის მონაცემებს ეფუძნება" - გეოლოგი თბილისის სანიაღვრეების პრობლემაზე

"სამშენებლო სტანდარტები მოძველებულია, გასული საუკუნის მონაცემებს ეფუძნება" - გეოლოგი თბილისის სანიაღვრეების პრობლემაზე

BM.GE9 ივლისი, 2026, 19:55|bm.ge

დედაქალაქში ბოლო პერიოდში განვითარებულმა ძლიერმა ნალექმა თბილისის ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა კიდევ ერთხელ თვალსაჩინო გახადა. დატბორილი ქუჩები, ქვის მასების ჩამოშლა და შეფერხებული სატრანსპორტო მოძრაობა - ეს ის შედეგებია, რამაც საზოგადოებაში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა. თბილისის მერია ძირითად პრობლემად სანიაღვრეების ნარჩენებით გაჭედვასა და ქსელების ამორტიზებას ასახელებს, თუმცა დარგის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პრობლემის სათავე გაცილებით სიღრმისეულია.

გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას, გეოლოგმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა არჩილ მაღალაშვილმა დედაქალაქის წინაშე არსებულ კომპლექსურ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი განმარტებით, მხოლოდ მიწისქვეშა კომუნიკაციების ნაწილობრივი განახლება არსებულ კრიტიკულ მდგომარეობას არსებითად ვერ შეცვლის.

არჩილ მაღალაშვილის შეფასებით, პირველი და უმთავრესი სისტემური შეცდომა ქვეყანაში არსებული სამშენებლო ნორმატივებია, რომლებიც რეალურ კლიმატურ ცვლილებებს საგრძნობლად ჩამორჩება. მისი თქმით, მიმდინარე პროექტები და ტენდერები კვლავაც მოძველებული კლიმატური გათვლებით ხორციელდება.

"პირველ რიგში შესაცვლელია დღეისათვის არსებული სტანდარტი, ეგრეთ წოდებული საინჟინრო კლიმატოლოგია, რომელიც 2009 წელს არის მიღებული, მაგრამ უკვე მოძველებულია. მიღების პერიოდში ის ეფუძნებოდა ლამის გასული საუკუნის მონაცემებს, მას მერე კი კლიმატი აჩქარებულად იცვლება და ბევრი პარამეტრი დღეს უკვე არ შეესაბამება რეალობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სტანდარტით აშენებული ინფრასტრუქტურა, აშენებული შენობები და სხვა, უკვე პრობლემურია", - ამბობს ის.

პროფესორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამავე სტანდარტით მშენებლობების გაგრძელება საფრთხის შემცველია.

"მაგაშია საქმე ზუსტად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე ვდებთ დღესვე პრობლემას მომავალ მშენებლობებში. ის ტენდერი, რომელიც გამოცხადებულია, ჩემი აზრით, უპრიანი იქნებოდა, თუკი გაითვალისწინებდა არსებულ რეალობებს და არ დაეყრდნობოდა დღეისათვის არსებულ ნორმატიულ დოკუმენტაციას, მათ შორის, პირველ რიგში, აი ამ დოკუმენტს, რომელშიც ნალექების რაოდენობაა მოყვანილი გასული საუკუნის მონაცემებზე დაყრდნობით", - განმარტავს არჩილ მაღალაშვილი.

გეოლოგმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ დედაქალაქში წყალდიდობის პრობლემა მჭიდრო კავშირშია ჰაერის ხარისხსა და დამტვერიანებასთან. ფერდობებიდან ჩამორეცხილი მასა ქალაქში რჩება, რაც შემდგომ მავნე მტვრად იქცევა.

"ეს საკითხი უკავშირდება არა მარტო ქალაქის დატბორვას, არამედ მთელ რიგ კომპლექსს სხვადასხვა საკითხებისა, მათ შორის ქალაქის დამტვერიანებას, ჰაერის ხარისხს. ფერდობებიდან ჩამოსული ნაკადები საერთო ჯამში ქმნიან იმას, რომ ჩვენ ტალახიანი ქუჩები გვაქვს, რაც შემდგომში ჰაერში ადის და მტვერს წარმოქმნის, რომლითაც ძალიან პრობლემურია ჩვენი ქალაქი", - ამბობს მაღალაშვილი.

ამასთანავე, თბილისის სპეციფიკური ოროჰიდროგრაფიული მდებარეობა (ქვაბული) საჭიროებს სრულფასოვან კოორდინაციას, რაც ამჟამად ნაკლებად იგრძნობა სხვადასხვა უწყებრივ პროექტებს შორის.

"გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც თბილისს უკავია - მოგეხსენებათ, ქალაქი ერთგვარ ქვაბულშია მოქცეული - მოითხოვს განსაკუთრებულ მიდგომას, მათ შორის სანიაღვრე სისტემებისადმი, ფერდობების გამაგრებისა და ფერდობების გამწვანებისადმი. ეს ღონისძიებები ტარდება ნაწილობრივ, მაგრამ მე რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაინცდამაინც დიდი კოორდინაცია სხვადასხვა ტიპის პროექტებს შორის არ არის", - განმარტავს პროფესორი BMG-სთან.

არჩილ მაღალაშვილის თქმით, ჯერ კიდევ 8 წლის წინ დარგმა პარლამენტში კონკრეტული სამოქმედო გეგმა წარადგინა, რომლის მთავარი არსიც საფრთხეების ერთიანი მართვის სისტემაა.

"ჩვენ შემოვედით წინადადებით, რომ შექმნილიყო ქალაქის ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილი იქნებოდა პრაქტიკულად ყველა საფრთხე - ხევების სახით, არსებული ინფრასტრუქტურის სახით და სხვადასხვა. ასევე, მერიაში უნდა შექმნილიყო გარკვეული სადისპეტჩერო, რომელიც ონლაინ, ცოცხალ რეჟიმში შეძლებდა სწრაფ რეაგირებას, იმიტომ რომ ყველგან ყველაფრის ერთდროულად მოწესრიგება შეუძლებელია. ძალიან კარგია ქუჩების მორეცხვა ან მულჩირების პროექტები, მაგრამ ამ ყველაფერს შორის უნდა არსებობდეს ერთიანი კოორდინაცია", - ამბობს მაღალაშვილი.

სპეციალისტის განმარტებით, ასეთი საინფორმაციო-სადისპეტჩერო ცენტრის შექმნა ქალაქის ბიუჯეტისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი არ იქნება და მისი განხორციელება მოკლე დროშია შესაძლებელი.

"ეს არ იქნება დიდ სახსრებთან დაკავშირებული, დარწმუნებული ვარ, ძალიან მარტივად შესაძლებელია, რომ განხორციელდეს. წინასწარი კვლევები არსებობს და მათი სინთეზია გასაკეთებელი. საინფორმაციო სისტემა პრაქტიკულად სადისპეტჩეროს როლს შეასრულებს, სადაც ცნობილი იქნება, რომელ ქუჩაზე მოხდა წყალდიდობა, სად არის მოვარდნა, საიდან გვაქვს ტალახის ღვარის შემოსვლა. თუ ეს განხორციელდება, თბილისი ერთ-ერთი წამყვანი იქნება, რადგან მსგავსი სისტემები მხოლოდ ერთ ან ორ ქალაქში არსებობს. არადა, ჩვენ ეს გვეკუთვნის, რადგან დედაქალაქის მდებარეობა მოითხოვს კომპლექსური - გეოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების გატარებას," - განაცხადა არჩილ მაღალაშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

მასკმა Anthropic-ის კონკურენტი პროგრამული AI წარადგინა - რა გამოარჩევს Grok 4.5-ს?

BM.GE

რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტიც გართულდა - მოლოდინია, რომ LPG-ს ფასი 1,80 ლარს მიაღწევს

რუსეთიდან საქართველოში თხევადი გაზის იმპორტიც გართულდა - მოლოდინია, რომ LPG-ს ფასი 1,80 ლარს მიაღწევს

BM.GE

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

ქვეყანამ, "ოცნების" პოლიტიკით სტრატეგიული პარტნიორები რომ დაკარგა, საიდან უნდა განახორციელოს [ანაკლიის პორტში] ინვესტიციები? - ხოკრიშვილი

BM.GE

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

ახალი კანონები საქართველოში დამოუკიდებელ სამოქალაქო ჯგუფებს აზიანებს - Human Rights Watch

BM.GE