მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განახლდა - რა შეიცვალა მართვის მოდელსა და პროცესებში?
საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განახლდა - რა შეიცვალა მართვის მოდელსა და პროცესებში?

საპენსიო ფონდის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განახლდა - რა შეიცვალა მართვის მოდელსა და პროცესებში?

BM.GE2 ივლისი, 2026, 11:10|bm.ge

საქართველოს საპენსიო ფონდმა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი განაახლა. ძალაში შევიდა საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის 2026 წლის 1 ივლისის №06 დადგენილება. აღნიშნულმა აქტმა ძალადაკარგულად გამოაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მიერ წინა წლის ბოლოს, კერძოდ, 2024 წლის 30 დეკემბერს მიღებული №017 ბრძანება.

დოკუმენტის განახლება ძირითადად ეხება ორგანიზაციულ სტრუქტურას, ინსტიტუციურ სახელწოდებებს, გადაწყვეტილების მიღების იერარქიასა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას, ხოლო საინვესტიციო საქმიანობის ფუნდამენტური პრინციპები უცვლელი რჩება.

ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება დოკუმენტებს შორის ტერმინოლოგიური და სტრუქტურული ხასიათისაა. 2024 წლის დოკუმენტით საპენსიო ფონდს ერქვა "საპენსიო სააგენტო", რის შემდეგაც პარლამენტმა სააგენტოს ფონდად ტრანსფორმაციის და მმართველობის სტრუქტურის განახლების შესახებ მიიღო კანონი, ახალი საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი კი სწორედ აღნიშნული კანონით განსაზღვრული მოწყობიდან გამომდინარეობს. ახალი კანონის შესაბამისად, ფონდის უმაღლეს მმართველობით რგოლად „მმართველობითი საბჭო“ არის მითითებული.

ეს ცვლილება პირდაპირ აისახა საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის დამტკიცების წესზეც: თუკი 2024 წელს პოლიტიკას ბრძანებით ამტკიცებდა სააგენტოს დირექტორი, 2026 წლის დოკუმენტი მიღებულია მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილების სახით.

ახალი რგოლი: საინვესტიციო კომიტეტის უფლებამოსილებები

მართვის მოდელის განახლების ფარგლებში დოკუმენტში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა „საინვესტიციო კომიტეტმა“, რომელიც წინა ვერსიაში ამ სახით არ ფიგურირებდა. საპენსიო ფონდის საინვესტიციო პროცესებში ფუნქციები შემდეგნაირად გადანაწილდა:

• საინვესტიციო ჰორიზონტი და ბენჩმარკები: 2024 წლის პოლიტიკით, თითოეული პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტსა და ბენჩმარკ პორტფელებს განსაზღვრავდა საინვესტიციო საბჭო. 2026 წლის დოკუმენტით, საინვესტიციო ჰორიზონტს თითოეული პორტფელისთვის განსაზღვრავს საინვესტიციო კომიტეტი, რომელიც მას დასამტკიცებლად წარუდგენს მმართველობით საბჭოს. ასევე კომიტეტი ირჩევს შესაბამის ბენჩმარკ პორტფელებს და განსაზღვრავს აქტივების გადახრის ზღვრებს, რასაც შემდგომ კვლავ მმართველობითი საბჭო ამტკიცებს. • ESG (გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი) პოლიტიკა: 2024 წლის რედაქციით, „ESG“ პოლიტიკა უნდა შეემუშავებინა და ყოველწლიურად გადაეხედა საინვესტიციო საბჭოს. ახალი, 2026 წლის წესით, აღნიშნულ პოლიტიკას შეიმუშავებს საინვესტიციო კომიტეტი, ხოლო ამტკიცებს და ყოველწლიურად გადახედავს მმართველობითი საბჭო.

საინვესტიციო პროცესები და კონტროლის მექანიზმები

2024 წლის პოლიტიკით, მთავარი საინვესტიციო ოფიცერი ვალდებული იყო საინვესტიციო სტრატეგიების განხორციელებამდე საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური ჩაეყენებინა საქმის კურსში. 2026 წლის განახლებული დოკუმენტის თანახმად, მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა სტრატეგიების დანერგვამდე ინფორმირებულობა უნდა უზრუნველყოს უშუალოდ „საინვესტიციო კომიტეტის“ დონეზე.

რაც შეეხება ლიმიტებიდან გადახრის მართვას, ორივე დოკუმენტი უშვებს 6-თვიან პერიოდს პორტფელის შესაბამისობაში მოსაყვანად, თუმცა ახალი დოკუმენტის მიხედვით, ასეთი გადახრებისა და მაკორექტირებელი გეგმების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ფონდის მმართველობით საბჭოს.

რა დარჩა უცვლელი?

ორგანიზაციული სტრუქტურის მიღმა, ფონდის ძირითადი ფილოსოფია და საინვესტიციო პრინციპები სტაბილურია. ფონდი კვლავ ეყრდნობა იმ დაშვებას, რომ აქტივების გრძელვადიანი სტრატეგიული განაწილება ამონაგების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. შენარჩუნებულია დივერსიფიკაციის აუცილებლობა , რისკის გონივრული აღების მიდგომა და ხარჯების მინიმიზაციის პრინციპი.

ასევე უცვლელია კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობის მანდატი და ლიკვიდურობის მართვის მიზნები, რომლებიც ბაზრის ძლიერი რყევების დროსაც კი ფულადი ნაკადების სტაბილურობასა და ვალდებულებების შესრულებას ისახავს მიზნად.

რა ზომისაა საპენსიო ფონდი ამჟამად:

საპენსიო ფონდის ზომა 2026 წლის ივლისის მდგომარეობით 9,5 მილიარდ ლარს აჭარბებს და მასში 1.5 მილიონი მოქალაქის საპენსიო დანაზოგები არის დაცული.

საპენსიო ფონდის აქტივები სამ განსხვავებულ პორტფელში არის განთავსებული, ესენია კონსერვატიული პორტფელი, სადაც თანხის 98.7% დევს (9.28 მლრდ ლარი), დაბალანსებული პორტფელი 54 მილიონი ლარით და დინამიკური პორტფელი 64.5 მილიონი ლარით. ამასთან, კონსერვატიულ პორტფელში ინახება სისტემის 1,543,081 მონაწილის საპენსიო დანაზოგი; დაბალანსებულ პორტფელში 5,162 მონაწილის, ხოლო დინამიკურ პორტფელში კი მხოლოდ 5,019 მონაწილის. ამასთან, ყველა მოქალაქის დანაზოგები ავტომატურად არის განთავსებული კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო დანარჩენ ორ პორტფელში თანხის გადატანა შესაძლებელია მოქალაქეთა პერსონალური არჩევანით, რომლის დაფიქსირებაც მათ საპენსიო ფონდის ოფისსა და იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ლარის ფიქსირებული შემოსავლის მქონე აქტივები, ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.5% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.

დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 62%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.6%, 55.4% კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია. 2026 წლის იანვარ-მაისის ჩათვლით ამ პორტფელებიდან ყველაზე მაღალი - 8.99%-ის ამონაგები სწორედ დინამიურ პორტფელს ჰქონდა; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 7.45%-ია; ხოლო კონსერტავიული პორტფელის ამონაგები 5.91%.

საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Sotheby's აუქციონზე 67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება - წინასწარი ღირებულება $30 მილიონია

Sotheby's აუქციონზე 67 მილიონი წლის ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება - წინასწარი ღირებულება $30 მილიონია

BM.GE

2023 წლიდან უფუნქციო "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა 76 234 ლარის ხელფასი აიღო

2023 წლიდან უფუნქციო "სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის" დირექტორმა 76 234 ლარის ხელფასი აიღო

BM.GE

სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

სვეტიცხოვლის კვლევისა და რესტავრაციისთვის ₾5 მილიონამდე დაიხარჯება|შესყიდვები გამარტივებულად იგეგმება

BM.GE

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა გაიზარდა - არიან გარდაცვლილები

BM.GE