
საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6 386 ლარია
2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო სისტემის ერთი მონაწილის საშუალო დანაზოგი 6386 ლარია, შედარებისთვის ერთი წლის წინ დანაზოგის მოცულობა იყო 5139 ლარი, ანუ ამ მხრივ ზრდამ 1247 ლარი ანუ 24% შეადგინა.
საქართველოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში სულ 1,585,989 მოქალაქე არის ჩართული, რომელთა ჯამური დანაზოგიც 2026 წლის სექტემბრის ბოლოსთვის 10.1 მილიარდ ლარს აღწევს. შედარებისთვის, ბოლო ერთ წელიწადში სისტემის მონაწილეთა რაოდენობა 93,576 მოქალაქით გაიზარდა, ხოლო ჯამური დანაზოგების მოცულობა 2.45 მილიარდი ლარით.
საქართველოს საპენსიო ფონდის 10.1 მილიარდიანი აქტივებიდან 10 მილიარდი ლარი, ანუ 1,575,635 მოქალაქის დანაზოგი ავტომატურად განთავსებულია კონსერვატიულ პორტფელში, ხოლო მისი შეცვლისთვის კი მოქალაქეებმა საპენსიო ფონდს ან იუსტიციის სახლს უნდა მიმართონ. 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდის პორტფელი შეცვლილი აქვს 10,354 მოქალაქეს, რომლებმაც თანხა დაბალანსებულ და დინამიკურ პორტფელებში გადაიტანეს.
საპენსიო ფონდის სტატისტიკის თანახმად, 2026 წლის 9 თვეში ყველაზე მაღალი 8.87%-ის ამონაგები სწორედ დინამიკურმა პორტფელმა მიიღო; დაბალანსებული პორტფელის ამონაგები 8.75% იყო; ხოლო კონსერვატიული პორტფელის ამონაგები კი 8.46%. შესაბამისად, ყველაზე მაღალი ამონაგები მიიღეს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც საპენსიო ფონდის პორტფელი დაბალანსებულიდან დინამიკურ პორტფელში გადაიტანეს.
რაც შეეხება ამ პორტფელებს შორის სხვაობას - კონსერვატიულ პორტფელში დომინირებს ეროვნული ვალუტის აქტივები - ესაა ქართული ბანკების მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატები და სახაზინო ობლიგაციები, ხოლო თანხის 19.1% კი უცხოური ვალუტის აქტივებშია განთავსებული, რაც ძირითადად საერთაშორისო საფონდო ინდექსებს მოიცავს.
დაბალანსებულ პორტფელში ლარის აქტივების წილია 63%, დანარჩენი კი უცხოურ ვალუტაზე მოდის. დინამიურ პორტფელში კი ლარის აქტივების წილია 44.2%, დანარჩენი კი უცხოური ვალუტის აქტივებზე მოდის, სადაც ძირითადად საფონდო ინდექსები შედის. შესაბამისად, გლობალურ საფონდო ბაზარზე საპენსიო დანაზოგების ყველაზე დიდი წილი სწორედ დინამიურ პორტფელშია.
საქართველოში მოქმედი დაგროვებითი საპენსიო კანონმდებლობის თანახმად, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია მისი დასაქმებულები ჩართოს დაგროვებით საპენსიო სისტემაში. დასაქმებულთა ხელფასის 2%-ის ტოლი შენატანის კონტრიბუციის ვალდებულება აქვს დამსაქმებელს, ასევე 2% იხდება დასაქმებულის მიერ, ხოლო 2%-ს სახელმწიფო იღებს საშემოსავლო გადასახადიდან და საპენსიო ფონდში მიმართავს. შესაბამისად, მთლიანობაში ხელფასის 6%-ის ოდენობით თანხა ყოველთვიურად უნდა ირიცხებოდეს საპენსიო ფონდში, რასაც ფონდი თავის მხრივ საინვესტიციო ამონაგების სახით სარგებელს არიცხავს.
BM.GE
წყარო: bm.ge