
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი "შუა დერეფანში" ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე მუშაობენ - ტოკაევი
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჟომარტ ტოკაევი აცხადებს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანთან ერთად "შუა დერეფანში" ერთიან ტარიფებზე მუშაობენ.
"ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, გრძელვადიანი ტარიფების მოდელის შექმნაზე მუშაობენ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების ფარგლებში", - განაცხადა ყახაზეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ერთიანი სატარიფო მოდელის შემუშავებასთან ერთად, სამი ქვეყანა რამდენიმე საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა კასპიის ზღვაში სატვირთო ფლოტის გაფართოება, ფსკერის დაღრმავების სამუშაოები აზერბაიჯანთან თანამშრომლობით და კურიკის პორტის მოდერნიზაცია.
უკვე წლებია "შუა დერეფანში" ერთიანი ტარიფის ამოქმედებაზე მიდის საუბარი. 2023 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთო ტარიფების სისტემის დანერგვაზე მუშაობენ.
“აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ ამ კორიდორში არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად და ყურადღებას ვამახვილებთ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, გამტარუნარიანობის გაზრდაზე, პროცედურების გამარტივებასა და ერთიანი სატარიფო სისტემის დანერგვაზე”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო და სატრანსპორტო სექტორის მინისტრებმა ხელი მოაწერეს საგზაო რუკას 2022-2027 წლებში „შუა დერეფნის“ განვითარების შესახებ. შეთანხმება მიზნად ისახავს კასპია-შავი ზღვის რეგიონში ტვირთების გამტარუნარიანობის გაზრდას.
BM.GE
წყარო: bm.ge