
საქართველო ევროპარლამენტში გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრას არ დაესწრება
24 ივნისს ბრიუსელში გაიმართება გაფართოების საკითხებზე საპარლამენტთაშორისო კომიტეტის შეხვედრა, რომელსაც საქართველო არ დაესწრება.
შეხვედრის მონაწილეთა სიაში საქართველოს პარლამენტის წევრები არ არიან. კანდიდატი ქვეყნებიდან პარლამენტთაშორის კომიტეტის შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატები უკრაინიდან, მოლდოვიდან, მონტენეგროდან და სერბეთიდან.
"24 ივნისს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი (AFET), ეროვნული პარლამენტებთან ურთიერთობების დირექტორატის (DG PART) ინსტიტუციური თანამშრომლობის განყოფილებასთან ერთად, გამართავს პარლამენტთაშორისი კომიტეტის შეხვედრას (ICM) გაფართოების საკითხებზე.
ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები AFET-ის წევრებთან ერთად ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას.
შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“.შეხვედრას გახსნის AFET-ის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი.
ევროსკოპს წყარო ეუბნება რომ, ქართული დელეგაცია ამ შეხვედრაზე არ იქნება. ამას მოწმობს ევროსკოპის მიერ ნანახი მონაწილეების სია, რომელშიც ასევე არ არის საქართველო, მოლდოვასა და უკრაინისგან განსხვავებით. ევროსკოპი განაგრძობს ინფორმაციის მოძიებას ამ თემაზე", - წერს Euroscope.
შესაბამის სესიებზე მთავარი მომხსენებლები იქნებიან ევროკომისიის გაფართოების კოორდინაციის, სტრატეგიისა და ინვესტიციების დირექტორი მატიე ბუსკე და გლობალური მმართველობის ინსტიტუტის საბჭოს თავმჯდომარე და ლეიდენის უნივერსიტეტის უსაფრთხოების კვლევების პროფესორი, იოახიმ კუპსი.
