
საქართველო ჯანმოს მიერ C და B ჰეპატიტების პროგრამების საერთაშორისო ვალიდაციისთვის ემზადება - სამინისტრო
საქართველომ B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.
საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის, ხელმძღვანელობით, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, სადაც ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული ანგარიში განიხილეს.
„ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 87.3% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოზირებული პაციენტების 87.1%-ს მკურნალობა დაწყებული აქვს, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება. ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0.03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 96%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ - 90%-ს მიაღწია“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო ვალიდაციის პროცესის ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს ნიშნავს, საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია.
„განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება“, - ნათქვამია სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში.
ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთი მთავარი წარმატებაა, რომელმაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა. მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თენგიზ ცერცვაძის როლი პროგრამის განვითარებაში. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიღწეული შედეგები თანმიმდევრული სახელმწიფო პოლიტიკის, ქართველი სპეციალისტების პროფესიონალიზმისა და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგია.