
საქართველო Netflix-ის შოუში გამოჩნდება - ტურიზმის ადმინისტრაციამ $295,000-ის კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკულ საპროდიუსერო კომპანია New World Distribution Inc.-თან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დოკუმენტურ სერიალ The Last Recipe-ში საქართველოს წარმოჩენას დააფინანსებს. შეთანხმების ღირებულება გადასახადების - დღგ-ის ჩათვლით $295 ათასს შეადგენს, საიდანაც უშუალოდ პარტნიორობის საფასური $250 ათასია.
ხელშეკრულება 2026 წლის 9 ივლისს გაფორმდა და მისი მოქმედების ვადა სამი წლით - 2029 წლის 9 ივლისამდე განისაზღვრა. დოკუმენტის მიხედვით, პროექტის ფარგლებში საქართველო სერიალის ერთ-ერთ ეპიზოდში იქნება წარმოდგენილი, როგორც ტურისტული მიმართულება, განსაკუთრებული აქცენტით ქვეყნის კულტურაზე, კულინარიასა და გასტრონომიულ ისტორიებზე.
შეთანხმების თანახმად, The Last Recipe-ის ეპიზოდი საქართველოში გადაიღებენ. სერიალში ასევე გათვალისწინებულია საქართველოს ტურიზმის შესახებ ინტეგრირებული სიუჟეტი და ინტერვიუ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთან.
ხელშეკრულების მიხედვით, პროექტი 2027 წელს Netflix-ის საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსდება. მოგვიანებით სერია გავრცელდება სხვა საერთაშორისო და ადგილობრივ სატელევიზიო და სტრიმინგ პლატფორმებზე. მესამე ეტაპზე მისი გავრცელება დაგეგმილია არაკინოთეატრალური არხებით - მათ შორის ავიაკომპანიების, უნივერსიტეტებისა და სხვა ორგანიზაციების პლატფორმებით.
ტურიზმის ადმინისტრაციას სერიალის ფარგლებში მიღებული ვიდეომასალის გამოყენების უფლებაც ექნება. შეთანხმების მიხედვით, უწყებას გადაეცემა საქართველოში გადაღებული კადრები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტურისტული პოპულარიზაციისთვის.
ასევე, საქართველოს კადრები უნდა მოხვდეს სერიალის თრეილერსა და სარეკლამო მასალებში. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართვას პროექტის მარკეტინგულ კამპანიებში, მათ შორის პრესრელიზებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალებში.
კონტრაქტის მიხედვით, საქართველოს პოპულარიზაციისთვის გამოყენებული იქნება როგორც სერიის, ისე მონაწილე პირებისა და პარტნიორების სოციალური მედიის არხები.
დოკუმენტში წერია, რომ ტურიზმის ადმინისტრაცია მიიღებს:
• ორ პოსტს მსახიობ შაილენ ვუდლის სოციალური ქსელებიდან ექვსთვიანი პერიოდის განმავლობაში; • ორ პოსტს თავად სერიის ოფიციალური სოციალური ანგარიშებიდან; • სერიის ვებგვერდზე პარტნიორის სტატუსით წარმოდგენას.
გარდა ამისა, შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოს შესახებ მორგებული სოციალური მედიის მასალების შექმნას და ერთობლივ სარეკლამო აქტივობებს.
ხელშეკრულების ფარგლებში ტურიზმის ადმინისტრაციამ საპროდიუსერო ჯგუფს საქართველოში გადაღებების ორგანიზებაში უნდა შეუწყოს ხელი.
კერძოდ, უწყების ვალდებულებებში შედის:
• გადაღებების პერიოდში ადგილობრივი კოორდინატორის უზრუნველყოფა; • სასტუმროს ხარჯების დაფარვა 2026 წლის 23-27 ივლისის პერიოდში; • ადგილობრივ საპროდიუსერო კომპანიასთან დაკავშირება; • პროექტში მონაწილე პირებთან კომუნიკაციის ხელშეწყობა. • ამასთან, ფრენის ხარჯები, დოკუმენტის მიხედვით, პროდიუსერების მიერ დაიფარება ინტეგრაციისთვის გამოყოფილი თანხებიდან.
ხელშეკრულების თანახმად, $250 ათასიანი პარტნიორობის საფასურის 80% ტურიზმის ადმინისტრაციამ წინასწარ უნდა გადაიხადოს, ხოლო დარჩენილი 20% - საქართველოში გადაღებების დასრულების შემდეგ.
BM.GE
წყარო: bm.ge