
საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება | პრემიერი
პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ საქართველო-რუსეთის სპეცწარმომადგენლებს შორის პირველი შეხვედრა მალე გაიმართება და აღნიშნავს, რომ შეიძლება შეხვედრა არც თბილისში და არც მოსკოვში არ ჩაინიშნოს. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ ცნობილი გახდება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი.
„რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას აქვს თავისი ბუნებრივი ბარიერი - ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოდ აღიარება, შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება [საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არ აღიარების] არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.
რაც შეეხება ურთიერთობებს ჩვენს სპეციალურ წარმომადგენელსა და რუსეთის სპეციალურ წარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება და ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მოსკოვმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის ახალ სპეციალურ წარმომადგენელ გიორგი ზურაბაშვილთან კონტაქტი დაამყარა. რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის სპეცწარმომადგენელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების პროცესში რუსეთის მხრიდან გიორგი ზურაბაშვილის თანამოსაუბრე მიხეილ გალუზინი იქნება.
BM.GE
წყარო: bm.ge