
"საქართველო თქვენგან მკაფიო პასუხს ელის" - ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ლიდერებს ღია წერილით მიმართავს
ირაკლი კობახიძე ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებს, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს.
სწორედ აღნიშნული წერილი წაიკითხა კობახიძემ დღეს, 19 მაისს გამართულ ბრიფინგზე.
"როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.
ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.
ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.
ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან.