
საქართველოდან ბევრი კლინიკა გადავა იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია - ნატალია ხონელიძე
კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და რეპროდუქტოლოგი ნატალია ხონელიძე აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუკი საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება, ბევრი რეპროდუქციული კლინიკა იმ ქვეყნებში გადავა, სადაც მსგავსი სერვისები დაშვებულია.
ერთ-ერთ ასევე პოტენციურ ქვეყნად BMG-სთან რეპროდუქტოლოგი მეზობელ სომხეთს ასახელებს, სადაც ბოლო წლებში რეპროდუქციული მედიცინა მნიშვნელოვნად განვითარდა.
კლინიკა „ლიდერმედის“ დამფუძნებელი და რეპროდუქტოლოგი აცხადებს, რომ დარგის წარმომადგენლები სუროგაციასთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრებას ელოდნენ, თუმცა მათთვის სრული აკრძალვის ინიციატივა მოულოდნელი იყო.
“თუკი საქართველოში სუროგაცია სრულად აიკრძალება, ეს სფერო ქვეყანაში სრულად გაჩერდება. ძალიან ბევრი კლინიკა გადავა იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია. ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, ყველანაირი პირობა არსებობს იმისათვის, რომ იქ ნებისმიერი კლინიკა განვითარდეს ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის მიმართულებითაც. იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია იკრძალება, ამ ქვეყნის პაციენტები მიდიან სხვა ქვეყნებში და იქ იტარებენ ამ პროცედურას, ისე როგორც ჩვენს ქვეყანაში მოხდა თავის დროზე ამ მიმართულებით შემოდინება. „ლიდერმედს“ ძალიან ბევრი პაციენტი ჰყავს საელჩოებიდან, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, არა მარტო საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
ეს გამოიწვევს ასევე სუროგატი დედების აბსოლუტურ მიგრაციას იმ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია დაშვებულია და ამაზე დაფიქრება ვფიქრობ, რომ ღირს. სწორედ ამიტომ არის საჭირო ძალიან ბევრი დიალოგი მთავრობასა და ჩვენს შორის, ასევე ეთიკური კომიტეტის წარმომადგენლებს შორის, ასევე სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს შორის, რომ მივიღოთ ერთიანი კონსენსუსი და შევჯერდეთ ერთ გადაწყვეტილებაზე, რომელიც არ დააზიანებს არც სფეროს და ასევე არ მოხდება ქვეყნის დისკრედიტაცია.
[სუროგაციის სრულად აკრძალვის] გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო გავლილი დარგთან, თუმცა გარკვეულწილად რეგულაციებს ველოდით, რადგან საქართველოში
სუროგაციის მიმართულებით ტენდენცია მნიშვნელოვნად გაუარესებული იყო. ნამდვილად იყო პრობლემები და ჩვენ ამაზე არაერთხელ გვქონდა საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან, გვქონდა შეხვედრები და ვფიქრობდით, რომ ეს შეხვედრები გაგრძელდებოდა და საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდოდით, როგორ დარეგულირდებოდა ეს თემა”, - განაცხადა ნატალია ხონელიძემ.
ცნობისთვის, 22 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ სუროგაციის სრულად აკრძალვა კიდევ ერთხელ დააანონსა. „მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისივე განმარტებით, ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე შეზღუდვა არ გავრცელდება.
BM.GE
წყარო: bm.ge