
ევროკომისია წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებას სთავაზობს
ევროკომისია სანქციების 22-ე პაკეტის პროექტით წევრ ქვეყნებს ყულევის ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის სანქციების სიიდან ამოღებისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ The Kyiv Independent-ის ბრიუსელის კორესპონდენტი კრის პაუერსი წერს. ინფორმაცია ორშაბათს გავრცელდა, როდესაც ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 22-ე პაკეტი წარადგინა.
ევროკავშირმა ყულევის ქარხანა სანქციების სიაში ივლისში შეიყვანა და ნედლი ნავთობის მომწოდებლების შესაცვლელად ექვსი თვე მისცა.
სიიდან ქარხნის ამოღებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანხმობა სჭირდება. თუ ისინი წინადადებას 2027 წლის 25 იანვრამდე დაამტკიცებენ, ქარხანაზე ფინანსური გარიგებების შეზღუდვა აღარ ამოქმედდება.
ქარხნის მფლობელი და ოპერატორი Black Sea Petroleum-ის განცხადებით, საწარმო 23 აგვისტოდან მხოლოდ არარუსული წარმოშობის ნედლ ნავთობს ამუშავებს და ამ პოლიტიკას მომავალშიც შეინარჩუნებს.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი მონაცემებით, ოქტომბერში ქვეყანაში 86,300 ტონა ნედლი ნავთობი შემოვიდა, ხოლო მომწოდებელი ქვეყანა მხოლოდ ლიბია იყო.
The Kyiv Independent-ის ინფორმაცია ხორვატიულმა გამოცემა Index-მა და ჩეხურმა პორტალმა Around Prague-მაც გაავრცელეს. Around Prague-მა ყულევის ქარხნის სიიდან ამოღების წინადადება „ვალდებულებების შესრულებისთვის ჯილდოდ“ შეაფასა.
BM.GE
წყარო: bm.ge