
საქართველომ ყავის იმპორტში $43.9 მილიონი გადაიხადა | სად ვყიდულობთ?
2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ყავის იმპორტის ღირებულება წლიურად 9.2%-ით გაიზარდა და 43.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ამასთან, იმპორტირებული პროდუქციის ფიზიკური მოცულობა უფრო სწრაფი ტემპით, 16.5%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში ქვეყანამ 6 496 ტონა ყავა შეიძინა, რაშიც 43 942 600 დოლარი გადაიხადა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტირებული იყო 5 575 ტონა ყავა, რომლის ღირებულებაც 40 204 100 დოლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ერთ წელიწადში ყავის იმპორტი 921 ტონით, ხოლო ღირებულება 3.7 მილიონი დოლარით გაიზარდა. მონაცემების მიხედვით, იმპორტის მოცულობის ზრდის ტემპი ღირებულების ზრდის ტემპს 7.3 პროცენტული პუნქტით აღემატება.
რაც შეეხება მომწოდებელ ქვეყნებს, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში ყავის უმსხვილესი იმპორტიორი ინდონეზია იყო. ამ ქვეყნიდან 2 896 ტონა ყავა, 12.3 მილიონი დოლარის ღირებულებით შემოვიდა. მეორე ადგილზე იტალია აღმოჩნდა, საიდანაც 401 ტონა ყავის იმპორტმა 6.4 მილიონი დოლარი შეადგინა. თითქმის იდენტური ღირებულებით, მესამე პოზიციაზე რუსეთია - 718 ტონა და 6.47 მილიონი დოლარი. მომწოდებელი ქვეყნების ათეულში მეოთხე ადგილს ვიეტნამი იკავებს, საიდანაც 1 197 ტონა ყავა, 5 მილიონი დოლარის ღირებულებით შემოვიდა. მას მოსდევს თურქეთი - 167 ტონა, 1.9 მილიონი დოლარი; გერმანია - 149 ტონა, 1.9 მილიონი დოლარი; საფრანგეთი - 67 ტონა, 1 მილიონ დოლარზე მეტი; ავსტრია - 63 ტონა, 1 მილიონ დოლარზე მეტი; სომხეთი - 147 ტონა, 1 მილიონი დოლარი; და პოლონეთი - 83 ტონა, 860.9 ათასი დოლარი.
აღსანიშნავია, რომ მომწოდებელ ქვეყნებს შორის ყავის ერთ კილოგრამზე ყველაზე მაღალი საშუალო საიმპორტო ფასი ავსტრიაზე მოდის და 16.35 დოლარს შეადგენს. მას მოსდევს საფრანგეთი - 16.25 დოლარი და იტალია - 16.15 დოლარი. ყველაზე დაბალი საშუალო საიმპორტო ფასი კი ვიეტნამიდან შემოტანილ ყავაზე ფიქსირდება - 4.18 დოლარი კილოგრამზე. ინდონეზიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4.26 დოლარია, რუსეთის შემთხვევაში კი - 9.02 დოლარი.
BM.GE
წყარო: bm.ge