
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „მეტროპოლ ორთაჭალის“ პროექტი ხორციელდება
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის ფინანსური პარტნიორობით კომპანია „მეტროპოლი“ თბილისში, ორთაჭალაში ახალ მრავალფუნქციურ საცხოვრებელ პროექტს - „მეტროპოლ ორთაჭალას“ აშენებს.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 91.5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის დაფინანსება 66 მლნ. აშშ დოლარია.
„მეტროპოლ ორთაჭალა“ თბილისის ისტორიულ უბანში, დიმიტრი გულიასა და ვახტანგ გორგასალის ქუჩებს შორის მდებარეობს და თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს, რომელიც ორ 29 სართულიან შენობას გააერთიანებს. პროექტი 12,197 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შენდება, ხოლო მისი საერთო სამშენებლო ფართობი 117,550 კვ.მ-ია. კომპლექსში ჯამში 800 საცხოვრებელი ბინა განთავსდება.
პროექტი საცხოვრებელ სივრცეებთან ერთად მრავალფეროვან ინფრასტრუქტურასაც მოიცავს. მაცხოვრებლებისთვის მოეწყობა რეკრეაციული და გამწვანებული სივრცეები, საბავშვო და სპორტული მოედნები, პადელის მოედანი, ველო და სარბენი ბილიკები, მოსასვენებელი პავილიონები, ასევე სამდონიანი პარკინგი, საოფისე და კომერციული ფართები. კომპლექსში ხელმისაწვდომი იქნება 24/7 კონსიერჟის მომსახურება, დაცვა, საერთო სივრცეების მართვა და მოვლა, მებაღეობისა და დასუფთავების სერვისები.
მშენებლობა 2025 წლის იანვარში დაიწყო და მისი დასრულება 2028 წლის ივნისისთვის იგეგმება.
„მეტროპოლ ორთაჭალა ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია, რომელიც თანამედროვე ურბანულ გარემოს, ფუნქციურ ინფრასტრუქტურასა და გამორჩეულ მდებარეობას აერთიანებს. გვინდოდა შეგვექმნა სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრთან სიახლოვეს კომფორტულ და სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს შესთავაზებდა როგორც ოჯახებს, ისე ინვესტორებს. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა კი შესაძლებლობას გვაძლევს, ეს პროექტი დაგეგმილი ხარისხითა და მასშტაბით განვახორციელოთ“, - აღნიშნავს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი, გიორგი მხეიძე.