
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე კაპიტალის მოზიდვის შესახებ ინტენსიური პრაქტიკული სემინარი გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს თანაორგანიზებით, ასოციაციის წევრი კომპანიებისათვის, გაიმართა ინტენსიური პრაქტიკული სემინარი თემაზე: „კაპიტალის მოზიდვა და საჯარო შეთავაზება ლონდონის საფონდო ბირჟაზე“.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ადგილობრივი ბიზნეს სექტორისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე წვდომისა და დაფინანსების მოზიდვის შესაძლებლობების გაცნობას.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის მოადგილემ, ჩარმიან ლივერმა და დიდი ბრიტანეთის სავაჭრო კომისრის მოადგილემ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში, რიჩლავ მენსამ გახსნეს. გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ეკონომიკური კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გასვლა ქართული კომპანიებისთვის მასშტაბირებისა და გლობალური ინვესტორების მოზიდვის ეფექტიანი მექანიზმია.
სემინარს უძღვებოდნენ წამყვანი ბრიტანული საინვესტიციო ბანკის Cavendish-ის და იურიდიული კომპანია Squire Patton Boggs-ის მაღალი რანგის ექსპერტები, ფინანსური კვლევების მიმართულების ხელმძღვანელები და მმართველი დირექტორები.
პრაქტიკული სესიის ფარგლებში, სპიკერებმა დეტალურად მიმოიხილეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე, არა მხოლოდ პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) განხორციელების ეტაპები და საერთაშორისო ინვესტორთა მოლოდინები, არამედ, განვითარებადი კომპანიებისთვის განკუთვნილი სპეციალური პლატფორმა AIM (Alternative Investment Market), რომელიც ბიზნესს კაპიტალის მოზიდვის შესაძლებლობას მთავარ ბაზართან შედარებით უფრო მოქნილი და ნაკლებად მკაცრი რეგულაციების პირობებში სთავაზობს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, რა დროსაც ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ბრიტანელი ექსპერტებისგან მიეღოთ პრაქტიკული რეკომენდაციები, საჯარო შეთავაზებისთვის მომზადების პროცესთან დაკავშირებით.
„ქართული ბიზნესისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, განსაკუთრებით კი ისეთ წამყვან ფინანსურ ცენტრში, როგორიც ლონდონის საფონდო ბირჟაა, წვდომა განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. ჩვენი მიზანია, ასოციაციის წევრ კომპანიებს მივაწოდოთ პრაქტიკული ცოდნა და დავაკავშიროთ საერთაშორისო ექსპერტებთან, რაც მათ გლობალურ ბაზარზე პოზიციონირებასა და ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge