
საქართველოს ფოსტამ 2025 წელი 8.6-მილიონიანი ზარალით დაასრულა - კომპანიის შემოსავალი შემცირდა
შპს „საქართველოს ფოსტამ“ 2025 წელი 8.6 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, მაშინ როდესაც 2024 წელს კომპანიას 864 ათასი ლარის მოგება ჰქონდა.
აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, გასულ წელს კომპანიის ამონაგები 82.3 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 3.5%-ით, ანუ დაახლოებით 3 მილიონი ლარით ნაკლებია.
შემოსავლების შემცირების მთავარი მიზეზი საფოსტო მომსახურებიდან მიღებული ამონაგების კლებაა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, საფოსტო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 2024 წელს არსებული 55.8 მილიონი ლარიდან 2025 წელს 52.3 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ დაახლოებით 3.5 მილიონი ლარით. ამავე დროს, გადაზიდვებისა და საამანათო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი გაიზარდა - 29.3 მილიონი ლარიდან 29.7 მილიონ ლარამდე, თუმცა ეს მატება საკმარისი არ აღმოჩნდა, რათა კომპანიის შემოსავლების მაჩვენებელი გაზრდილიყო.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის ხარჯების ყველაზე მსხვილი კომპონენტი პერსონალზე გაწეული დანახარჯებია. 2025 წელს ხელფასებისა და თანამშრომელთა სხვა სარგებლის ხარჯმა 39.7 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2024 წლის 35.7 მილიონ ლართან შედარებით დაახლოებით 4 მილიონი ლარით მეტია.
ფინანსური მდგომარეობის ანგარიშგების მიხედვით, 2025 წლის ბოლოს კომპანიის აქტივების საერთო მოცულობა 92.7 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის ბოლოს არსებულ 98.8 მილიონ ლართან შედარებით შემცირებულია. საკუთარი კაპიტალი 71.2 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო ვალდებულებების მოცულობა 21.4 მილიონ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, მოკლევადიანი ვალდებულებები 20.8 მილიონი ლარი იყო, გრძელვადიანი კი - 624 ათასი ლარი.
დაგროვილმა ზარალმა 2025 წლის ბოლოს 20.6 მილიონ ლარს მიაღწია, რაც 2024 წლის ბოლოს არსებულ 12.1 მილიონ ლართან შედარებით 8.6 მილიონი ლარით მეტია და ფაქტობრივად ასახავს წლის განმავლობაში მიღებულ ზარალს.
ფინანსურ ანგარიშგებაზე დამოუკიდებელმა აუდიტორმა - Baker Tilly Georgia-მ პირობითი მოსაზრება გამოთქვა. აუდიტორის განმარტებით, პირობითი მოსაზრების საფუძველი გახდა საერთაშორისო საფოსტო ადმინისტრაციებთან არსებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ასევე რამდენიმე სხვა მუხლის მიმართ საკმარისი და შესაფერისი აუდიტორული მტკიცებულებების ვერ მოპოვება. ამასთან, აუდიტორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ კომპანიის დაგროვილი ზარალი 20.6 მილიონ ლარს, ხოლო 2025 წლის ზარალი 8.6 მილიონ ლარს შეადგენს, რის გამოც კომპანიის მომავალი საქმიანობა გარკვეულწილად სახელმწიფოს მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
ივნისში პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესახებ მოხსენებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იმის მიუხედავად, რომ 2025 წელს "საქართველოს ფოსტა" ზარალზე იყო, 2026 წელს კომპანია მოგებაზე გავა. ამასთან, კობახიძის განცხადებით კომპანიაში თანამშრომელთა რაოდენობის ოპტიმიზაცია განხორციელდა და შტატები 102 თანამშრომლით შემცირდა.
„საქართველოს ფოსტა“ იყო წაგებიანი ორგანიზაცია მთელი ამ გასული წლების განმავლობაში. განხორციელდა აქაც შტატების ოპტიმიზაცია, წლიურ ჭრილში იზოგება 2.5 მილიონი ლარი, 102 შტატი შემცირდა „საქართველოს ფოსტაში“ და აქაც უკეთესად ფუნქციონირებს ამ შემცირების შემდეგ „საქართველოს ფოსტა“. ასევე დაგეგმილია 20 წაგებიანი სერვისცენტრის ოპტიმიზაცია, აქედან დანაზოგი იქნება 1 100 000 ლარი. აქაც იყო შუამავალ კომპანიებში გატანილი ბიზნესპროცესები, დაბრუნდება ფოსტაში და ამის შედეგად ფოსტის ყოველწლიური დანაზოგი და დამატებითი შემოსავალი შეადგენს 14.2 მილიონ ლარს, ყოველწლიურ შემოსავალზეა საუბარი.
ასევე აღდგა საჰაერო ტერმინალის ფუნქცია, რის შედეგადაც ფოსტა მიიღებს დამატებით 1.3 მილიონი ლარის ყოველწლიურ შემოსავალს. გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება თურქეთის ავიახაზებთან, გაუქმდა სატერმინალო გადასახადი და განახევრდა ფოსტის გაგზავნის ტარიფი. ასევე 5 ავიაკომპანიასთან მიმდინარეობს მსგავსი ტიპის მოლაპარაკებები, რომლის დასრულების შემდეგ ფოსტის მოსალოდნელი დამატებითი ყოველწლიური შემოსავალი იქნება 4.3 მილიონი ლარი. ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით, ქვეყნის შიდა გზავნილებისთვის დაიწყება „საქართველოს რკინიგზის“ და შიდა ავიარეისების გამოყენებაც. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში „საქართველოს ფოსტა“ პირველად მთელი ამ წლების განმავლობაში წელს გავა მოგებაზე. შარშანდელი წელი, შედარებისთვის, ფოსტამ დაასრულა 7 მილიონი ლარის ზარალით. დაგროვილია დავალიანება, სავარაუდოდ წლის ბოლომდე მთლიანად გაისტუმრებს დავალიანებას „საქართველოს ფოსტა“ და მომავალი წლიდან უკვე მასშტაბურ მოგებაზე გავა, წლევანდელი წელიც იქნება მოგებიანი“, - განაცხადა პრემიერმა.
BM.GE
წყარო: bm.ge