მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველოს გარდა კიდევ რომელი ქვეყნებია ნახსენები თეთრი სახლის დოკუმენტში ჩინეთის შესახებ
საქართველოს გარდა კიდევ რომელი ქვეყნებია ნახსენები თეთრი სახლის დოკუმენტში ჩინეთის შესახებ

საქართველოს გარდა კიდევ რომელი ქვეყნებია ნახსენები თეთრი სახლის დოკუმენტში ჩინეთის შესახებ

BM.GE19 აგვისტო, 2026, 00:35|bm.ge

აშშ-ის თეთრი სახლის ვაჭრობისა და წარმოების პოლიტიკის ოფისის მიერ მომზადებულ ანგარიშში „The Great Transshipment Scam“ („დიდი სატრანზიტო თაღლითობა“) საქართველო ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის შესაძლო გადამისამართების ქსელშია მოხსენიებული.

დოკუმენტი ამ მიზნით 40-ზე მეტ ქვეყანას გამოყოფს და მათ ეკონომიკური მასშტაბის, ჩინეთთან ინტეგრაციისა და სატრანზიტო შესაძლებლობების მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად ყოფს.

ამასთან, ანგარიშში მნიშვნელოვანია ერთი გარემოება: ქვეყნების ამ ჩამონათვალში მოხვედრა თავისთავად არ ნიშნავს, რომ კონკრეტული სახელმწიფო უკანონო სატრანზიტო სქემაში მონაწილეობს ან რომ ხელისუფლება ასეთ პრაქტიკას ახორციელებს. თავად დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ჩინეთიდან სხვა ქვეყნებში სავაჭრო ნაკადების გადანაწილების ნაწილი შესაძლოა ლეგიტიმური წარმოების, ინვესტიციებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებით იყოს განპირობებული და არსებული მონაცემები თავისთავად არ ადასტურებს, რომ ჩინეთიდან გადაადგილებული მთელი მოცულობა უკანონოდ ტრანზიტირდება.

სამი კატეგორია

ანგარიშის პირველი კატეგორია — „Diversified Scale Leaders“ — მოიცავს ქვეყნებსა და სავაჭრო გაერთიანებებს, სადაც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის მოცულობა მაღალია, ხოლო სატრანზიტო რისკი ფართო და ლეგიტიმურ სავაჭრო ნაკადებშია ჩაშენებული. ამ ჯგუფში არიან კანადა, ევროკავშირი, ინდოეთი, ისრაელი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ტაივანი.

მეორე კატეგორია — „Scale Leaders, Significant Economic Integration with China“ — აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც, ანგარიშის შეფასებით, მნიშვნელოვანი სატრანზიტო მოცულობები და ჩინეთთან უფრო ღრმა ეკონომიკური ინტეგრაცია აქვთ. ამ ჯგუფში შედიან ბრაზილია, ინდონეზია, მალაიზია, ტაილანდი, თურქეთი და ვიეტნამი. ანგარიშის მიხედვით, ამ ქვეყნებს აქვთ ისეთი ინდუსტრიული, საპორტო, საწარმოო და ლოგისტიკური შესაძლებლობები, რომლებიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის მნიშვნელოვანი მოცულობების გადამისამართებას შეიძლება ემსახურებოდეს.

მესამე და რაოდენობრივად ყველაზე დიდი კატეგორიაა „Small, Opportunistic Chinese Targets“ — მცირე ეკონომიკები, რომლებსაც ანგარიშის ავტორები ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის გადამისამართებისთვის კონკრეტული უპირატესობების მქონე ქვეყნებად აღწერენ. ასეთ უპირატესობებად დოკუმენტი ასახელებს იაფ სამუშაო ძალას, თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს, პორტებსა და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურას, საბაჟო საწყობებს, ნიშურ ასამბლეას, აშშ-ის ბაზარზე შეღავათიან წვდომას ან საბაჟო კონტროლის შეზღუდულ შესაძლებლობებს.

ამ ჯგუფში, საქართველოს გარდა, ჩამოთვლილია:

არგენტინა, აზერბაიჯანი, ბანგლადეში, კამბოჯა, ჩილე, კოლუმბია, კოსტა-რიკა, დომინიკის რესპუბლიკა, იორდანია, ყაზახეთი, კენია, ლაოსი, მაროკო, მიანმარი, ომანი, პანამა, პერუ, ფილიპინები, სინგაპური, შრი-ლანკა, შვეიცარია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და უზბეკეთი.

საქართველოსა და აზერბაიჯანზე ანგარიშში დამატებითი განმარტებაც არის მოცემული. დოკუმენტის მიხედვით, ორივე ქვეყანა დაკავშირებულია სარკინიგზო და მშრალი პორტების ტრანზიტთან, ტვირთების კონსოლიდაციასთან და სახმელეთო მარშრუტების საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებასთან.

რა როლი აქვს ქვეყნებს ქსელში

ანგარიში მხოლოდ ქვეყნების სამ კატეგორიად დაყოფით არ შემოიფარგლება. მეორე ცხრილში ქვეყნები ფუნქციის მიხედვითაცაა დაჯგუფებული. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის „მიკროჰაბებში“ ანგარიშში მოხსენიებულია ბანგლადეში, კამბოჯა, ლაოსი, ფილიპინები და შრი-ლანკა, სადაც შესაძლო ფუნქციებად მსუბუქი ასამბლეა, საექსპორტო ზონები, ეტიკეტირების შეცვლა და ხელახალი ექსპორტი სახელდება.

ცალკე ჯგუფია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის „გადამამუშავებელი სარტყელი“, სადაც დოკუმენტი ასახელებს ჩეხეთს, უნგრეთს, პოლონეთსა და რუმინეთს. მათი შესაძლო ფუნქციებია ჩინურ კომპონენტებზე დაფუძნებული საბოლოო აწყობა, ტესტირება, კონტრაქტული წარმოება, საბაჟო საწყობები და რეგიონული ხელახალი ეტიკეტირება.

საზღვაო კარიბჭეების კატეგორიაში არიან კოსტა-რიკა, დომინიკის რესპუბლიკა, მალაიზია, ომანი, პანამა და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამ ჯგუფისთვის ანგარიშში მითითებულია თავისუფალი ზონებიდან ხელახალი ექსპორტი, ღრმაწყლოვანი პორტებით გადატვირთვა, კონტეინერების კონსოლიდაცია და ხელახალი ინვოისირება.

„Belt-and-Road Overland Nodes“-ის სახელით გამოყოფილ ჯგუფში კი შედიან აზერბაიჯანი, საქართველო, ყაზახეთი და უზბეკეთი. მათი ფუნქცია, ანგარიშის მიხედვით, მოიცავს სარკინიგზო და მშრალი პორტების ტრანზიტს, კონსოლიდაციას და სახმელეთო მარშრუტიდან საზღვაო გადაზიდვაზე ტვირთების გადაცემას.

დოკუმენტში ასევე არის „Latin American Corridors“, სადაც არგენტინა, ბრაზილია, ჩილე, კოლუმბია და პერუ არიან მოხსენიებული, ხოლო „African Peripheral Hubs“-ში — კენია და მაროკო. განვითარებული ლოგისტიკური პლატფორმების ჯგუფში კი დასახელებულია ბელგია, კანადა, ნიდერლანდები, სინგაპური, შვეიცარია და თურქეთი.

რას ამბობს ანგარიში ჩინეთთან დაკავშირებულ საქონელზე

დოკუმენტის მიხედვით, „China-linked goods“ მხოლოდ იმპორტში ჩინეთად დეკლარირებულ საქონელს არ გულისხმობს. ანგარიშის განმარტებით, საუბარია პროდუქტებზე, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ ჩინურ ეკონომიკურ წარმოშობასთან, კონტროლთან ან შინაარსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნიშნები — მათ შორის ჩინური კომპონენტები, ჩინური საკუთრება ან დაფინანსება, ჩინელ მომწოდებლებთან ურთიერთობა, ჩინეთში განხორციელებული წარმოების ეტაპები ან ჩინეთთან დაკავშირებული მარშრუტი.

ანგარიშის თანახმად, ასეთი საქონლის გადაადგილება შეიძლება ორი ძირითადი გზით ხდებოდეს. ერთი არის წარმოების მიმართულება, როდესაც მესამე ქვეყანაში ხორციელდება მსუბუქი აწყობა, დასრულება, ტესტირება, შეფუთვა, ეტიკეტირება ან კომპონენტების ინტეგრაცია. მეორეა ლოგისტიკური მიმართულება, როდესაც ძირითადი ოპერაციები დაკავშირებულია გადამისამართებასთან, კონსოლიდაციასთან, საწყობში განთავსებასთან, ინვოისების შეცვლასთან, ხელახალ ეტიკეტირებასთან ან ახალი დოკუმენტაციით რეექსპორტთან.

ამავე დროს, ანგარიში ხაზს უსვამს, რომ ასეთ პრაქტიკასა და ლეგიტიმურ წარმოებას შორის განსხვავების დადგენა მნიშვნელოვანია. მაგალითად, მესამე ქვეყანაში პროდუქტის რეალური და არსებითი გადამუშავება შესაძლოა ლეგიტიმურ წარმოებას წარმოადგენდეს, მაშინ როდესაც მხოლოდ დოკუმენტების, შეფუთვის ან ეტიკეტის შეცვლა — წარმოშობის დამალვის მცდელობას.

ანგარიშის მასშტაბი

თეთრი სახლის დოკუმენტი წერს, რომ 2018 წელს ჩინეთზე დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შემდეგ ჩინეთიდან აშშ-ში პირდაპირი იმპორტის წილი შემცირდა, მაშინ როდესაც 40-ზე მეტი იმ ქვეყნის ერთობლივი წილი, რომლებიც ანგარიშში გაზრდილი სატრანზიტო რისკის მქონედაა მიჩნეული, გაიზარდა. თუმცა ავტორები თავად აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილება ავტომატურად არ ნიშნავს ჩინური საქონლის უკანონო ტრანზიტს — მისი ნაწილი შეიძლება წარმოების, ინვესტიციებისა და მიწოდების ჯაჭვების ლეგიტიმურ ცვლილებას უკავშირდებოდეს.

ანგარიში ხუთ სხვადასხვა შეფასებასაც განიხილავს და აღნიშნავს, რომ შესაძლო უკანონო ტრანზიტის ან მასთან დაკავშირებული სავაჭრო გადანაცვლების წლიური მოცულობის შეფასებები დაახლოებით $40 მილიარდიდან $303 მილიარდამდე მერყეობს. ეს შეფასებები ერთმანეთთან პირდაპირ შესაჯამებელი არ არის, რადგან სხვადასხვა მეთოდოლოგიასა და მონაცემებს იყენებს.

პრემიერ-მინისტრის პასუხი აღნიშნულ ანგარიშზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანგარიშში საქართველოს მოხსენიებაზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ დოკუმენტში კონკრეტული ფაქტები არ არის მოყვანილი და ხელისუფლება შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.

„რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი? არ მგონია, რომ რაიმე კონკრეტული ფაქტი არის მოყვანილი. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სხვადასხვა მხარეს, მათ შორის თეთრ სახლსაც, შესაძლოა არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს.

„ძალიან ხშირად დაუწერია სხვადასხვა მხარეს ფაქტებზე დაუფუძნებლად. აქედან გამომდინარე, დასკვნებს ნუ გააკეთებთ. შეიძლება ფაქტებზე დაფუძნებით დაწეროს რაღაც, შეიძლება არ დაწეროს ფაქტებზე დაფუძნებით. თეთრ სახლსაც შეიძლება ვინმემ მიაწოდოს შეგნებულად არასწორი ინფორმაცია. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს და შემდეგ ფაქტებს ვერ გვაწვდიან ხოლმე, ეს არის სტანდარტული მოცემულობა.

ფაქტი მოგვაწოდონ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში არავითარი სქემა არ არსებობდეს. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით მოგვაწოდონ ფაქტი. ფაქტი თუ იქნება, რეაგირებაც გვექნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამრიგად, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც ჩინეთთან დაკავშირებული საქონლის შესაძლო გადამისამართების კონტექსტშია ნახსენები. ქვეყნები სამ კატეგორიად არის განაწილებული და ჩამონათვალში არიან როგორც მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები — კანადა, ინდოეთი, იაპონია, მექსიკა, სამხრეთ კორეა და ევროკავშირი, ისე აზიის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის შედარებით მცირე ეკონომიკები. თავად ანგარიშის კლასიფიკაცია კი რისკის, სავაჭრო ნაკადებისა და ლოგისტიკური შესაძლებლობების შეფასებას წარმოადგენს და კონკრეტული ქვეყნის მიერ უკანონო სქემაში მონაწილეობის დამადასტურებელ ფაქტად არ არის წარმოდგენილი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახლი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • თეთრი სახლი აქვეყნებს ტრამპის პოსტს, სადაც ჰორმუზის სრუტე აშშ-ის ახალ ტერიტორიადაა მოხსენიებულიიმედი
  • თეთრი სახლი: ჩინეთი აშშ-ის ტარიფებისთვის გვერდის ავლის მიზნით საქართველოს იყენებსფორმულა
  • რა ხდება ღარიბაშვილის სახლთან ექს-პრემიერის სკანდალური განცხადების შემდეგტვ პირველი
  • კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ივანე ჯავახიშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებსრუსთავი 2
სახლი →

მსგავსი სტატიები

"სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა" - მამუკა მდინარაძის პრესსამსახური

"სრული აბსურდი, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა გამოაქვეყნა" - მამუკა მდინარაძის პრესსამსახური

BM.GE

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

ბრიტანული კომპანია „Contact Web Ltd“ საქართველოში ოპერირებას იწყებს

BM.GE

19 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

19 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE

"ჩემ მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი მამუკა მდინარაძისგან ივლისში მივიღე" - ირაკლი ღარიბაშვილი

"ჩემ მიერ გუშინ გამოქვეყნებული წერილი მამუკა მდინარაძისგან ივლისში მივიღე" - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE