
საქართველოს "წითელი ნუსხა" 20 წელია არ განახლებულა - აუდიტმა სისტემური ხარვეზები გამოავლინა
საქართველოს „წითელი ნუსხა“, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველებისა და მცენარეების სახეობების ოფიციალურ ჩამონათვალს წარმოადგენს, ბოლო 20 წლის განმავლობაში ფაქტობრივად არ განახლებულა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული.
აუდიტის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა „წითელი ნუსხის“ გადახედვას ყოველ 10 წელიწადში ერთხელ ითვალისწინებს, 2006 წელს დამტკიცებული ნუსხა მხოლოდ ფორმალურად ხელახლა დამტკიცდა 2014 წელს. ამ პროცესში არც ახალი სახეობები დამატებულა, არც არსებული ამოღებულა და არც რომელიმე სახეობის კონსერვაციული სტატუსი შეცვლილა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ ქვეყანაში „წითელი ნუსხის“ განახლების მოქმედი სისტემა საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება. კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროცესში წამყვანი როლი არ აქვს, არ არის განსაზღვრული ერთიანი მმართველობითი მოდელი და პროცესი არასაკმარისად კოორდინირებულია.
ანგარიშის თანახმად, პრობლემას ამძიმებს ისიც, რომ საქართველოში ბიომრავალფეროვნების შესახებ მონაცემების შეგროვება სისტემურ ხასიათს არ ატარებს. სხვადასხვა უწყება ინფორმაციას განსხვავებული მეთოდებით აგროვებს, ხოლო ქვეყნის მასშტაბით ერთიანი მონიტორინგის სტანდარტი და მონაცემთა ბაზა არ არსებობს.
აუდიტორების შეფასებით, სწორედ სანდო და განახლებული მონაცემების ნაკლებობა აფერხებს როგორც „წითელი ნუსხის“ განახლებას, ისე გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიან დაგეგმვას. შედეგად, არსებობს რისკი, რომ მოქმედი ნუსხა ვეღარ ასახავდეს სახეობების რეალურ მდგომარეობას და კონსერვაციულ სტატუსს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო კავკასიის ბიომრავალფეროვნების ერთ-ერთ „ცხელ წერტილში“ მდებარეობს და ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების შესახებ ზუსტი ინფორმაციის ფლობა. ამჟამად საქართველოს „წითელ ნუსხაში“ 195 სახეობაა შეტანილი.
