
საქართველოში 159,000 ავტომობილია დაზღვეული - მოსახლეობამ ამ სერვისში ₾172 მილიონი გადაიხადა
საქართველოში 2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის 159 197 მოქმედი პოლისი იყო. ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12 926-ით, ხოლო 2024 წლის ივნისთან შედარებით 25 657-ით მეტია.
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% არის დაზღვეული. რაც შეეხება პოლისის საშუალო ღირებულებას, ის ერთ ავტომობილზე წელს საშუალოდ თვეში 180.3 ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9 ლარით, ანუ 1.7%-ით მეტია.
ავტოდაზღვევის მიმართულებით 2026 წლის პირველ ნახევარში მოზიდულმა პრემიამ 172.3 მილიონი ლარი შეადგინა. 2025 წლის ექვს თვეში ეს მაჩვენებელი 155.9 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, წლიური ზრდა 10.5%-ს შეადგენს.
მოზიდული პრემიის მიხედვით ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერი თიბისი დაზღვევაა. კომპანიამ ექვს თვეში 38.5 მილიონი ლარის პრემია მოიზიდა, რაც ბაზრის 22%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა „ალდაგი“ — 35.9 მილიონი ლარით და 21%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიციაზე „ჯიპიაი“ არის 23.7 მილიონი ლარით და 14%-იანი წილით. შემდეგ მოდიან: ბენეფიტი — 17.7 მლნ ლარი, 10%; ნიუ ვიჟენ დაზღვევა — 14.7 მლნ ლარი, 9%; სხვა კომპანიები — 41.8 მლნ ლარი, 24%.
ამრიგად, ხუთი უმსხვილესი კომპანია ავტოდაზღვევის ბაზარზე მოზიდული პრემიის დაახლოებით 76%-ს იკავებს.
ავტოდაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევის შემდეგ, საქართველოს სადაზღვევო სექტორის მეორე ყველაზე დიდი მიმართულებაა. ამასთან, მოქმედი პოლისების რაოდენობა ბოლო წლებში ზრდის ტენდენციას აჩვენებს: 2024 წლის 30 ივნისს მათი რაოდენობა 133 540 იყო, 2025 წელს - 146 271, ხოლო 2026 წლის ივნისში კი - 159 197.
BM.GE
წყარო: bm.ge