
საქართველოში ალუმინის ქილების საწარმოს შექმნა იგეგმება - პროექტის ღირებულება $84 მილიონია
საქართველოში ალუმინის სასმლის ქილების საწარმოს მშენებლობა განიხილება. პროექტს სააქციო საზოგადოება Georgian Can Makers (GCM) უკავშირდება, რომლის გეგმების მიხედვით, საწარმოში დაახლოებით 84 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს. პროექტის სრულად ამოქმედების შემთხვევაში, საწარმოს წლიური წარმადობა შესაძლოა 1.2 მილიარდ ალუმინის ქილას შეადგენდეს.
როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორმა (COO) აბდალა ბინომ BMG-ს განუცხადა, პროექტის მიზანი საქართველოში ალუმინის ქილების ადგილობრივი წარმოების განვითარება და სასმელების მწარმოებლებისთვის იმპორტირებული შეფუთვის ალტერნატივის შეთავაზებაა.
კომპანიის თანახმად, საქართველოში სასმელების მწარმოებლები ალუმინის ქილების მიწოდების კუთხით მნიშვნელოვანწილად იმპორტზე არიან დამოკიდებული. ამასთან, მზა ქილების საერთაშორისო ტრანსპორტირება, მათი მოცულობითი შეფუთვის გამო, დამატებით ლოგისტიკურ ხარჯებს უკავშირდება. GCM-ის გეგმის მიხედვით, ადგილობრივი წარმოება ამ დამოკიდებულების შემცირებასა და მიწოდების ვადების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
აბდალა ბინოს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში თავდაპირველად ორი ტიპის პროდუქციის წარმოება განიხილება: 330-მილილიტრიანი ფორმატის ქილები, რომლებიც ძირითადად ენერგეტიკული და გამაგრილებელი სასმელებისთვის გამოიყენება, და 500-მილილიტრიანი სტანდარტული ქილები, რომელთა გამოყენებაც ლუდისა და სხვა სასმელების ჩამოსასხმელად არის შესაძლებელი.
პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი გამოყენებული ალუმინის ქილების გადამუშავების საწარმოს მოწყობაც იქნება. კომპანიის გეგმის მიხედვით, საწარმო არა მხოლოდ ახალ ქილებს გამოუშვებს, არამედ გამოყენებულ ალუმინის ქილებსაც გადაამუშავებს და მიღებულ ნედლეულს წარმოების პროცესში გამოიყენებს.
კომპანიის ამჟამინდელი გეგმით, სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2027 წელს იგეგმება, ხოლო მშენებლობისა და საწარმოო დანადგარების მონტაჟის პერიოდი დაახლოებით 18-24 თვედ არის განსაზღვრული. ამის შემდეგ უნდა განხორციელდეს დანადგარების ტესტირება და საწარმოს კომერციული წარმოებისთვის მომზადება. GCM წარმოების დაწყებას 2029 წელს ვარაუდობს.
აბდალა ბინოს განმარტებით, პროექტის დაფინანსების მოდელი ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვას ითვალისწინებს. მათ შორის განიხილება კომპანიის აქციების გაყიდვით კერძო ინვესტიციების მოზიდვა და დაფინანსების სხვა მექანიზმები. ამ ეტაპზე კომპანიის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციაში დაფინანსების კონკრეტული წყაროების განაწილება დაზუსტებული არ არის.
კომპანიის განცხადებით, საწარმოს ამოქმედების შემთხვევაში, პროდუქციის რეალიზება მეზობელ ქვეყნებშიც, განსაკუთრებით სომხეთსა და აზერბაიჯანში, განიხილება. ამ მიმართულებით კომპანია საქართველოს რეგიონულ მომწოდებლად ჩამოყალიბების შესაძლებლობას ხედავს.
ბინოს თქმით, პროექტის მომზადების პროცესში კომპანია ენერგეტიკული სასმელების წარმოების სფეროში 12 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს, ასევე თურქეთსა და გაერთიანებულ სამეფოში სასმელების ჩამომსხმელ და შეფუთვის ინდუსტრიებთან მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ.
კომპანიის შესახებ
საჯარო რეესტრის მონაცემებით, სააქციო საზოგადოება Georgian Can Makers 2026 წლის 29 სექტემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორად ჰოლლი ემა კლარკია მითითებული, ხოლო ოპერაციული დირექტორის (COO) პოზიციას აბდალა ბინო იკავებს.
კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მისი ძირითადი აქციონერია გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე ბენჯამინ უილსონი.
BM.GE
წყარო: bm.ge