
საქსტატის დირექტორის დანიშვნის წესის ცვლილება ევროკავშირის 2026 წლის ანგარიშში მოხვდა - დეტალები
"უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ევროპის სტატისტიკის კოდექსით განმტკიცებული პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა", - ეს ევროკავშირის გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშში წერია, სადაც სხვა საკითხებთან ერთად შეფასებულია საქსტატის ხელმძღვანელის არჩევის წესიც.
"სტატისტიკის საკანონმდებლო ჩარჩო ნაწილობრივ ინარჩუნებს შესაბამისობას ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის პრინციპებთან. 2026 წლის მარტში, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“კანონში მიღებული ცვლილებებით საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე ორი ვადით თანამდებობაზე ყოფნის შეზღუდვა გაუქმდა. მეტიც, საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს ღია კონკურსის საფუძველზე ახლა პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს თანამდებობიდან. დირექტორი ანგარიშვალდებული რჩება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსით განმტკიცებული პროფესიული დამოუკიდებლობის პრინციპის დაცვა", - წერია დოკუმენტში.
მიმდინარე წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო ცვლილებები, რომლითაც საქსტატის აღმასრულებელ დირექტორს და საბჭოს წევრებს თანამდებობაზე პრემიერ-მინისტრი დანიშნავს და გაათავისუფლებს.
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელსა და საბჭოს წევრებს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის თანხმობით ნიშნავდა, რისთვისაც საკანონმდებლო ორგანოს ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე 1 კანდიდატს და საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარუდგენდა.
აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკის შესახებ კანონში რიგით მეორე ცვლილება იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა 2026 წლის საგაზაფხულო სესიის ფარგლებში დააინიცირეს. მანამდე მიღებული კანონით საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ერთი და იგივე პირი ორზე მეტი ვადით დაინიშნა გახდა შესაძლებელი.
ამჟამად საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე გოგიტა თოდრაძეა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულ ცენტრს 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. ის ამ თანამდებობაზე პრემიერმა მეორედ 2022 წლის მაისში დაამტკიცა და ხელმძღვანელობის 4 წლიანი ვადა 2026 წლის მაისში ეწურებოდა, თუმცა ის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, მესამე ვადით აირჩიეს.
BM.GE
წყარო: bm.ge