
საქსტატის გადაანგარიშებით, 2015-2024 წლების უარყოფითი მიგრაციული სალდო დადებითად შეიცვალა
საქსტატის მიერ დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგად, 2015-2024 წლების მიგრაციული სალდოს შეფასება რადიკალურად შეიცვალა. ძველი მონაცემებით, ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოდან წასულთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულთა რაოდენობას 13 252-ით აღემატებოდა. განახლებული მონაცემებით კი, პირიქით, საქართველოში იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების რაოდენობას 212 700-ით აჭარბებს.
მიგრაციის სტატისტიკაში როგორც ემიგრანტები, ისე იმიგრანტები შეიძლება იყვნენ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, შესაბამისად, მიგრაციული სალდო შესაძლოა უცხო ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლით იყოს დაბალანსებული.
გადაანგარიშებამდე არსებული მონაცემებით, 2015-2024 წლებში ყველაზე დიდი უარყოფითი მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რაოდენობას შორის) 2023 წელს დაფიქსირდა და -39 207 შეადგინა. განახლებული მონაცემებით კი, 2023 წელს მიგრაციული სალდო დადებითია და ის +54 817-ს შეადგენს.
დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების შედეგად, 2015-2019 წლებში საქართველოში მიგრაციული სალდო ყოველწლიურად დადებითი იყო, თუმცა შედარებით მცირე მაჩვენებლებით ხასიათდებოდა. გადაანგარიშებამდე არსებული მონაცემებით კი ამ პერიოდში მიგრაციული სალდოს ყოველწლიურად უარყოფითი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა.
2020-2021 წლებში მიგრაციულ პროცესებზე პანდემიამ იმოქმედა. გადაანგარიშებამდეც და გადაანგარიშების შემდეგაც, 2020 წელს მიგრაციული სალდო დადებითი იყო, 2021 წელს კი უარყოფითი.
განახლებული მონაცემებით, განსაკუთრებით მაღალი მიგრაციული აქტივობა 2022-2024 წლებში აღინიშნა. 2022 წელს დადებითმა მიგრაციულმა სალდომ კი 89 000-ს მიაღწია. ძველი მონაცემებითაც, 2022 წელს დადებითი მიგრაციული სალდო დაფიქსირდა, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაზრდილ შემოდინებას უკავშირდებოდა.
გადაანგარიშების შედეგად, 2022-2024 წლებში დაფიქსირებული დადებითი მიგრაციული სალდო 2015-2024 წლების ჯამური დადებითი სალდოს დაახლოებით 86%-ს შეადგენს.
გრაფიკი 1: მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებისა და ემიგრანტების რაოდენობას შორის) 2015-2024 წლებში
წყარო : საქსტატი; ძველი და ახალი მონაცემები
საქსტატის განმარტებით, დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშების საჭიროება 2024 წლის მოსახლეობის აღწერის შედეგებმა განაპირობა. აღწერის მონაცემების გათვალისწინებით, უწყებამ 2015-2024 წლების მიგრაციის სტატისტიკაც გადაიანგარიშა და განაახლა.
მონაცემების განსხვავების ერთ-ერთი მიზეზი მიგრანტის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კრიტერიუმებია. მოსახლეობის აღწერისას 12-თვიანი კრიტერიუმი გამოიყენება, მიგრაციის მიმდინარე სტატისტიკაში კი - 6-თვიანი. შესაბამისად, აღწერისა და მიმდინარე სტატისტიკის მონაცემების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოსაყვანად წინა წლების მონაცემების გადაანგარიშება გახდა საჭირო.
BM.GE
წყარო: bm.ge