
სასკოლო ფორმის ყველა მოდელმა საერთაშორისო ლაბორატორიის ტესტირება წარმატებით გაიარა - მიქანაძე
სასკოლო ფორმის ყველა მოდელმა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტირება წარმატებით გაიარა - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, ლაბორატორიული კვლევების შედეგებით დადასტურდა, რომ სასკოლო ფორმა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, ხოლო გამოყენებული მასალა გამძლე და ყოველდღიური აქტიური გამოყენებისთვის პრაქტიკული.
შეგახსენებთ, მატერია, რომლისგანაც ფორმები შეიკერება ძირითადად სინთეტიკური იქნება, უფრო დეტალურად - პოლიესტერი 72%; ვისკოზა 25%; ელასტინი 3%.
„მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ სასკოლო ფორმების ყველა მოდელმა წარმატებით გაიარა საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიის SGS CSTC Standards Technical Services Company Ltd-ის მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების დადგენილი ტესტირებები და სრულად აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს.
ტესტირების შედეგები ადასტურებს, რომ ფორმა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, ხოლო მასალა არის გამძლე და პრაქტიკული, გათვლილი ყოველდღიურ აქტიურ გამოყენებაზე“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, SGS CSTC Standards Technical Services Company Ltd ტესტირების, ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით მოქმედი საერთაშორისო კომპანიაა. მისი სათავო ოფისი ჟენევაში მდებარეობს და, მიქანაძის ინფორმაციით, კომპანიას მსოფლიოს 115 ქვეყანაში 2 500-ზე მეტი ლაბორატორია აქვს.
სასკოლო ფორმის ტარება 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო ხდება. მიქანაძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია თანასწორობის, მოსწავლეთა უსაფრთხოების, სასკოლო კულტურის განვითარებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობა.
BM.GE
წყარო: bm.ge