
რა შემთხვევაში არ იქნება მოსწავლე ვალდებული, ატაროს სასკოლო ფორმა? - მიქანაძის განმარტება
სასკოლო ფორმის ტარებასთან დაკავშირებით წარმოშობილი თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს მოსწავლის მიერ ფორმის ტარებაზე უარის მიზეზებს - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, თუ მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასკოლო ფორმის ტარება არ შეუძლია, მშობელმა შესაბამისი სამედიცინო ცნობა უნდა წარმოადგინოს, რის საფუძველზეც ბავშვი ფორმის ტარებისგან გათავისუფლდება.
„სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს. თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია ფორმის ტარება, მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანი წესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება.
თითოეული ასეთი შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, - განაცხადა მიქანაძემ.
მინისტრის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ დაასაბუთებს, რატომ ამბობს მოსწავლე სასკოლო ფორმის ტარებაზე უარს, საკითხი სკოლის შინაგანი წესის შესაბამისად დარეგულირდება.
„იმ შემთხვევაში, თუ მშობელი ვერ ასაბუთებს, თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანი წესის შესაბამისად. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.
BM.GE
წყარო: bm.ge