მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სატრანსფერო ფასწარმოქმნა საქართველოში: რა იცვლება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად|ინტერვიუ ანა ლობჟანიძესთან
სატრანსფერო ფასწარმოქმნა საქართველოში: რა იცვლება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად|ინტერვიუ ანა ლობჟანიძესთან

სატრანსფერო ფასწარმოქმნა საქართველოში: რა იცვლება და რისთვის უნდა ვიყოთ მზად|ინტერვიუ ანა ლობჟანიძესთან

BM.GE25 მაისი, 2026, 15:15|bm.ge

2026 წლის თებერვლიდან საქართველოში სატრანსფერო ფასწარმოქმნის რეგულაცია არსებითად შეიცვალა. ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში შესული ცვლილებების პრაქტიკულ შედეგებზე, ტიპურ შეცდომებსა და ბიზნესის მზაობაზე BMG კომპანია "DGN ქონსალთინგის" პარტნიორ ანა ლობჟანიძეს ესაუბრა.

- სატრანსფერო ფასწარმოქმნა დიდი ხანია გლობალური ბიზნესის დღის წესრიგშია. რამდენად კარგად არის დღეს ქართული ბიზნესი ადაპტირებული ახალ რეგულაციებთან?

- გულახდილად რომ ვისაუბროთ, ბიზნესის უმრავლესობა მზად არ არის. სატრანსფერო ფასწარმოქმნის წესები საქართველოში ახალი არ არის, მაგრამ ბევრი კომპანია მათ ჯერ კიდევ უბრალო ფორმალობად აღიქვამს. 2026 წლის 24 თებერვალს ფინანსთა მინისტრის №996 ბრძანებაში შეტანილი ცვლილება ამ მიდგომას, დიდი ალბათობით, შეცვლის.

ახალი წესებით, მოგების გადასახადის დეკლარაციას ახალი დანართი დაემატა: „ინფორმაცია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებზე". კომპანია ვალდებულია მიუთითოს კონტრაჰენტები, ოპერაციების ტიპი და მოცულობა, დებიტორული და კრედიტორული ნაშთები და, რაც მთავარია, აქვს თუ არა TP დოკუმენტაცია მზად.

აქამდე, შემოსავლების სამსახურისთვის ეს ინფორმაცია მხოლოდ შემოწმების დროს ხდებოდა ცნობილი. ახლა დეკლარაციის მეშვეობით მიიღებს. ბევრმა კომპანიამ ეს ტექნიკურ საკითხად მიიჩნია, მაგრამ რეალურად ეს არის მექანიზმი, რომლითაც საგადასახადო ორგანო ხედავს სრულ სურათს - ვის აქვს დოკუმენტაცია მომზადებული და ვის არა.

- რეალურად, რა შემთხვევებში ხდება სატრანსფერო ფასწარმოქმნა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქართული კომპანიებისთვის? რა ტიპის ოპერაციები ხვდება ყველაზე ხშირად საგადასახადო ორგანოს ფოკუსში?

- ვალდებულება ეხება კომპანიებს, რომლებსაც აქვთ ოპერაციები უცხოურ ურთიერთდამოკიდებულ პირებთან ან ოფშორულ კომპანიებთან, და ამ ოპერაციების ჯამური მოცულობა, ნაშთების ჩათვლით, აღემატება 500,000 ლარს. ეს ორი პირობა ერთდროულად უნდა სრულდებოდეს.

ჩვენს პრაქტიკაში, საგადასახადო ორგანოს ყურადღებას ყველაზე ხშირად იქცევს რამდენიმე ტიპის ოპერაცია: მშობელი კომპანიისთვის გადახდილი მართვის საფასური (ე.წ. management fees), ჯგუფის შიდა სესხები და მათზე დარიცხული პროცენტი, როიალტის გადახდები, და ჯგუფის შიგნით საქონლის ყიდვა-გაყიდვა. ეს ის ოპერაციებია, სადაც ფასი შესაძლოა არ ასახავდეს საბაზრო რეალობას და დამატებითი მტკიცებულების ქონა ხდება საჭირო. სწორედ აქ ითხოვს შემოსავლების სამსახური Arm's Length პრინციპის დაცვის დასაბუთებას, რაც ზუსტად ის დოკუმენტაციაა, რის ქონასაც შემოსავლების სამსახური ითხოვს.

- სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციაში ძირითადად რა ტიპის შეცდომებს უშვებენ კომპანიები?

ყველაზე გავრცელებული შეცდომა, მაინც, დოკუმენტაციის საერთოდ არ მომზადებაა. კომპანიები ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ მაშინ დასჭირდებათ, თუ შემოწმება დაიწყება და ამ დოკუმენტაციას შემოსავლების სამსახური მოითხოვს. შემოწმებისას კი კომპანიას მხოლოდ 30 კალენდარული დღე აქვს დოკუმენტაციის წარსადგენად. ეს ვადა, პირდაპირ გეტყვით, უმეტეს შემთხვევაში არარეალისტურია.

TP დოკუმენტაცია არ არის რაღაც ფორმა, რომელსაც შეავსებ. ის მოითხოვს კონტროლირებული ოპერაციების დეტალურ ანალიზს, ფინანსური მონაცემების დამუშავებას, საბაზრო შედარებებს კომერციული ბაზებიდან, როგორიცაა Orbis ან Bloomberg, და OECD-ის სტანდარტებთან შესაბამისობის დასაბუთებას. მხოლოდ ბაზის ანალიზს რამდენიმე კვირა შეიძლება დასჭირდეს.

მეორე შეცდომა, რომელსაც ხშირად ვხვდებით: კომპანია ჯგუფის ზოგად დოკუმენტაციას იყენებს და ფიქრობს, რომ ეს საკმარისია. მაგრამ შემოსავლების სამსახური ითხოვს ხარჯების განაწილებას თითოეულ ოპერაციაზე ცალ-ცალკე, უპირატესობას ანიჭებს ადგილობრივ ტესტირებად მხარეებს. ჯგუფის გლობალური დოკუმენტაცია ამ მოთხოვნას იშვიათად აკმაყოფილებს.

შედეგად კომპანია ან არასრულყოფილ დოკუმენტს წარადგენს, ან ვადას ვერ იცავს. ორივე შემთხვევაში მტკიცების ტვირთი კომპანიას რჩება.

- რა ტიპის გარიგებები იწვევს ყველაზე დიდ აზრთა სხვადასხვაობას ბიზნესსა და საგადასახადო ორგანოს შორის?

- აქ ჯერ ერთი პრინციპული რამ უნდა ავხსნა. საქართველოს კანონმდებლობით, თუ კომპანია TP დოკუმენტაციას წარადგენს, მტკიცების ტვირთი საგადასახადო ორგანოზე გადადის. მან უნდა დაასაბუთოს, რომ ფასწარმოქმნა არ შეესაბამება Arm's Length პრინციპს. თან თუ კომპანია დოკუმენტაციას არ მოამზადებს, მისი წარდგენა მაინც დასჭირდება, უკვე არა შემოწმების, არამედ დავის ფარგლებში.

კონკრეტულ გარიგებებზე რომ ვთქვა, ყველაზე ხშირად დავა იქ ჩნდება, სადაც ფასწარმოქმნის მეთოდის შერჩევა სუბიექტურია. მაგალითად, ტრანზაქციულ მეთოდსა და მოგებაზე დაფუძნებულ მეთოდს შორის არჩევანი. ჯგუფის შიდა მომსახურების გარიგებებზეც ხშირია უთანხმოება. კომპანია მშობელ კომპანიას მართვის საფასურს უხდის, მაგრამ ვერ ასაბუთებს, რა კონკრეტული სარგებელი მიიღო ამ მომსახურებიდან. საგადასახადო ორგანო კი ეკითხება ძალიან მარტივ კითხვას: ეს ხარჯი ქართული კომპანიისთვის იყო აუცილებელი, თუ მშობელი კომპანიის ინტერესებს ემსახურებოდა?

- ბევრი ბიზნესისთვის TP დოკუმენტაციის მომზადება დამატებითი ბიუროკრატიული ტვირთია. როგორ შეიძლება ეს პროცესი სხვაგვარად დაინახო?

ჩემი აზრით, ეს პოზიცია ძირეულად არასწორია. სანამ კომპანია TP დოკუმენტაციას ბიუროკრატიად აღიქვამს, ის უარს ამბობს ერთადერთ ინსტრუმენტზე, რომელიც მტკიცების ტვირთს საგადასახადო ორგანოზე გადაიტანს. ეს არ არის ხარჯი. ეს არის დაცვის მექანიზმი.

TP დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს ოპერაციების განხორციელებისთანავე, და არა შემოწმების მოლოდინში. ის 30 დღე, რომელსაც შემოწმებისას გაძლევენ, წარდგენის ვადაა და არა მომზადების ვადა.

კომპანიებს, რომლებიც TP-ს წინასწარ ამზადებენ, აქვთ კიდევ ერთი უპირატესობა, რომელზეც ნაკლებად საუბრობენ. ისინი წინასწარ ხედავენ, სად არის რისკი. და შეუძლიათ ფასწარმოქმნა შეცვალონ, სანამ შემოწმება დაიწყება.

- ციფრული ეკონომიკის ეპოქაში როგორ ტრანსფორმირდება სატრანსფერო ფასწარმოქმნის კონტროლი?

საგადასახადო ორგანოები მთელ მსოფლიოში სულ უფრო მეტ ინფორმაციას ითხოვენ და მუდამ იზრდება ავტომატიზაციის ნაწილიც. OECD-ის BEPS ჩარჩო, რომელსაც ითვალისწინებს საქართველო, სწორედ ამ მიმართულებით მიდის. მიმდინარე პრაქტიკაა ქვეყნებს შორის ინფორმაციის ავტომატური გაცვლა და კონტროლის გამკაცრება.

ზუსტად ეს მოხდა საქართველოშიც. ახალი დანართი, რომელიც დეკლარაციას დაემატა, ფაქტობრივად ავტომატური ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტია. შემოსავლების სამსახური აღარ ელოდება შემოწმებას, რომ გაარკვიოს, ვის აქვს TP დოკუმენტაცია. ეს ინფორმაცია მას დეკლარაციით ეგზავნება.

- DGN-ის ქეისების გათვალისწინებით რას ურჩევთ ბიზნესს?

უკვე მრავალი წელია ჩვენი გუნდი ეხმარება კომპანიებს TP დოკუმენტაციის მომზადებასა და საგადასახადო შემოწმებისას წარმომადგენლობაში.

კომპანიებმა, რომლებსაც უცხოურ დაკავშირებულ პირებთან ან ოფშორულ კომპანიებთან 500,000 ლარზე მეტი ოპერაცია აქვთ, ორი რამ უნდა გააკეთონ -- პირველი, გაარკვიონ, ექვემდებარებიან თუ არა ახალ წესებს. და თუ ექვემდებარებიან, დოკუმენტაციის მომზადება დაიწყონ ახლავე და არ დაელოდონ შემოწმებას.

ეს დაეხმარება მათ დოკუმენტების სრულყოფილად მომზადებაში, ყოველგვარი 30 დღიანი შეზღუდვის გარეშე, რამაც შესაძლოა ამ დოკუმენტაციის ღირებულებაც შეამციროს და მისი სიზუსტე არსებითად გაზარდოს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება - რა კითხვებზე უპასუხებს?

28 მაისს პარლამენტში განათლების მინისტრის ინტერპელაცია გაიმართება - რა კითხვებზე უპასუხებს?

BM.GE

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება Super-ის მაღაზიებში

BM.GE

"დების ღვინის" გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - მცირე საოჯახო მარანი ექსპორტის მიმართულებით მუშაობს

"დების ღვინის" გაყიდვები 50%-ით გაიზარდა - მცირე საოჯახო მარანი ექსპორტის მიმართულებით მუშაობს

BM.GE

Galt & Taggart-მა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

Galt & Taggart-მა თბილისის კომერციული უძრავი ქონების ბაზრის შესახებ კონფერენცია გამართა

BM.GE