
სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის განვითარების კურსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს - მევლუდ მელაძე
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე მიიჩნევს, რომ თბილისის სატრანსპორტო პრობლემების მოსაგვარებლად ქალაქის განვითარების არსებული კურსი რადიკალურად უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც თბილისის მერის გუშინდელ ვიდეოჩართვას გამოეხმაურა.
მევლუდ მელაძის განცხადებით, წლების წინ თბილისის მერიაში გამართულ განხილვებზე ის აფრთხილებდა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რომ დედაქალაქში ავტომობილების რაოდენობა სწრაფად გაიზრდებოდა და ქალაქის განაშენიანების არსებული მიდგომა სატრანსპორტო პრობლემებს გაამწვავებდა. მისივე თქმით, ქალაქის სიმაღლეში განვითარება და განაშენიანების სიმჭიდროვის ზრდა საგზაო ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარებისა და საპარკინგე სივრცეების შექმნის გარეშე არასწორი გადაწყვეტილება იყო.
„წლების წინ მერიაში მწვავედ ვიკამათეთ ამ საკითხზე (ჩემს გარდა სხვა სპეციალისტებიც იყვნენ). გაშმაგებული ვამტკიცებდი, რომ ავტომობილების რაოდენობა ძალიან სწრაფად გაიზრდებოდა. არ შეიძლებოდა დედაქალაქის სიმაღლეში წასვლა და შემჭიდროება (მით უმეტეს - ამ ტემპით და თან საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე). შეგახსენებთ, რომ მერიის გეგმაში მაშინ ავტომობილების რაოდენობის ზრდა კი არა, განახევრება იყო, თან - იმ ფონზე, რომ პარალელურად ქალაქის ცენტრში მრავალსართულიანი ნაგებობები მომრავლდებოდა“, – წერს მევლუდ მელაძე.
საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ დედაქალაქს დამატებით სჭირდება უშუქნიშნო გამჭოლი და შემოვლითი გზები, ადეკვატური რაოდენობის საპარკინგე სივრცეები და მეტროს ქსელის სწრაფი განვითარება.
პოსტში იგი ცნობილი სპორტსმენის, ილია თოფურიას მიერ თბილისის სატრანსპორტო პრობლემებზე გამოთქმულ მოსაზრებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევების დანახვა უკვე სხვა პროფესიის ადამიანებისთვისაც შესაძლებელია.
„თუკი მერს მართლა სურს პრობლემის მოგვარება, მაშინ ვურჩევ, არსებული კურსი რადიკალურად შეცვალოს. გზა, რომელსაც ის ადგას, ჩემი აზრით, თბილისის მოსახლეობას სასურველ შედეგს ვერ მოუტანს“, – დასძენს მევლუდ მელაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge