მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სებ-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.9%-მდე გაზარდა
სებ-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.9%-მდე გაზარდა

სებ-მა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.5%-მდე, ინფლაციის პროგნოზი კი 4.9%-მდე გაზარდა

BM.GE7 მაისი, 2026, 15:24|bm.ge

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის და ეკონომიკური ზრდის პროგნოზები გაზარდა - ამის შესახებ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში არის აღნიშნული. უფრო დეტალურად, სებ-ი 2026 წლის თებერვალში გაკეთებული პროგნოზით 2026 წელს საქართველოში 5%-ის ეკონომიკურ ზრდას და 3.7%-ის ინფლაციას მოელოდა. განახლებული შეფასებით კი, წელს ეკონომიკური ზრდა 6.5%-ს მიაღწევს, ინფლაცია კი 4.9% იქნება.

ეროვნული ბანკის განმარტებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გადახედვა განაპირობა 2026 წლის პირველი კვარტალის შედეგებმა, რომლის თანახმადაც ეკონომიკა 9.1%-ით გაიზარდა. ინფლაციის პროგნოზის გადახედვა კი განაპირობა ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომმა, რასაც გლობალურ ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა მოჰყვა. გარდა საწვავის ფასის მატებისა, სებ-ის თანახმად, საქართველოში ინფლაციის ზრდაზე გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის მატებაც. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე აპრილში ინფლაციის ტემპმა ორწლიან მაქსიმუმს 5.9%-ს მიაღწია, რის საპასუხოდაც სებ-მა 5 მაისის მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ის წინა პროგნოზით, საქართველოში 2026 წელს 3.7%-იანი ინფლაცია უნდა ყოფილიყო.

ეროვნული ბანკის პროგნოზი 2026 წელს მოსალოდნელ 6.5%-ის ეკონომიკურ ზრდაზე:

"ერთის მხრივ, საომარი ვითარების შედეგად საერთაშორისო ფრენების გაუქმება, რეგიონული გაურკვევლობის ზრდა და ახლო აღმოსავლეთში ეკონომიკური აქტივობის შენელება ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე შემცირების მიმართულებით იმოქმედებს. გარდა ამისა, ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა შინამეურნეობების მსყიდველუნარიანობას შეამცირებს, რაც, გლობალური და ადგილობრივი ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად, ერთობლივი მოთხოვნის ზრდის ტემპს გარკვეულწილად შეანელებს. მეორეს მხრივ, ამის საპირისპიროდ, კონფლიქტის გამწვავებით განპირობებული საერთაშორისო სასაქონლო პროდუქტების მიწოდების შოკი ხელს შეუწყობს საქართველოდან სამთო-მეტალურგიული პროდუქციის ექსპორტის ზრდას და, იმავდროულად, რეგიონის ნავთობექსპორტიორი ქვეყნებიდან მომდინარე მოთხოვნას გააძლიერებს. შედეგად, გასულ პერიოდში მოსალოდნელზე ძლიერი ეკონომიკური ზრდის ინერცია 2026 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასების ზემოთ გადახედვას განაპირობებს, წინა ცენტრალურ პროგნოზთან შედარებით, თუმცა კონფლიქტის ეფექტების ზეგავლენით, ეკონომიკური აქტივობა სწრაფად ნორმალიზდება და საბოლოოდ, მშპ-ის ზრდა 6.5%-ს შეადგენს. შემდგომ კი, მის გრძელვადიან, 5%-იან ზრდის ტემპს დაუბრუნდება,"- ნათქვამია სებ-ის მონეტარული პოლიტიკის ანგარიშის საბაზო სცენარში.

ეროვნული ბანკის პროგნოზი 4.9%-მდე გაზრდილ ინფლაციის პროგნოზზე:

"სამომხმარებლო ფასების ინდექსში ნავთობპროდუქტების, სურსათისა და, ზოგადად, იმპორტირებული პროდუქტების მაღალი წილის ფონზე, ადგილობრივად ინფლაციის დინამიკაზე გლობალურ ინფლაციურ პროცესებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს. საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე გაზრდილი მერყეობა უკვე აისახა მთლიან ინფლაციაში. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საწვავის ეფექტი, რომელმაც წლიური ინფლაცია მნიშვნელოვნად, 0.8 პროცენტული პუნქტით დააჩქარა. თუმცა ნავთობპროდუქტებიდან მომდინარე საბოლოო ინფლაციური ეფექტი ძირითადად ჰორმუზის სრუტის ბლოკადის ხანგრძლივობასა და ენერგეტიკული ობიექტების დაზიანების მასშტაბზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ვითარებაზეა დამოკიდებული როგორც მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები, ისე ცალკეული სასურსათო ჯგუფებიდან მომდინარე ინფლაციური ეფექტები. გარდა ამისა, საერთაშორისო ბაზრებზე დიზელისა და სასუქის გაძვირება როგორც გლობალურად, ისე ადგილობრივად სოფლის მეურნეობის სექტორში შუალედური დანახარჯების ზრდას გამოიწვევს, რაც სურსათის საბოლოო ფასებზეც აისახება.

საგარეო ფაქტორებთან ერთად, განსაკუთრებით საყურადღებოა ადგილობრივად ადმინისტრირებადი გადასახადების ზრდის ეფექტებიც. ელექტროენერგიის ფასების ზრდა, სიგარეტისა და ავტომობილების იმპორტის აქციზის გადასახადის ზრდასთან ერთად, დამატებით ინფლაციურ ეფექტებს ქმნის. თუმცა, სურსათის ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით მოქმედებს წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტები, მათ შორის, ხორბლის პურის ფასის გაძვირების წვლილის ეტაპობრივი მილევა. გლობალურად გაზრდილი ინფლაციის პროგნოზების ფონზე, განვითარებულ ეკონომიკებში მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია მნიშვნელოვნად გადავადდა და წლის ბოლოსთვის მოსალოდნელი საპროცენტო განაკვეთები გაიზარდა. შედეგად, გლობალური ფინანსური პირობები მნიშვნელოვნად გამკაცრდა და კაპიტალის უსაფრთხო აქტივებისკენ გადინების რისკებიც გაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში საქართველოს სუვერენული რისკის პრემია კვლავ წონასწორულ დონეზე დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. აღნიშნული კი, საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან პოზიტიურ განწყობებზე მიუთითებს და, ომის პირდაპირი ეფექტების მიმდინარე ანგარიშის ბალანსზე სუსტი გავლენის დაშვების პარალელურად, გაცვლითი კურსის მყარ მიმდინარე პოზიციას განაპირობებს. საბოლოოდ, მიწოდების შოკის მძლავრი, თუმცა დროებითი გავლენის გათვალის­წინებით, 2026 წელს მთლიანი ინფლაცია საშუალოდ 4.9 პროცენტამდე გაიზრდება, თუმცა 2027 წელს კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება და 2.5 პროცენტამდე შემცირდება. თავის მხრივ, ინფლაციის მის მიზნობრივ მაჩვენებელთან ნორმალიზებას ეგზოგენური შოკის ამოწურვა, შესუსტებული ერთობლივი მოთხოვნა და გაცვლითი კურსის მიმდინარე მყარი პოზიციაც შეუწყობს ხელს,"- წერს ეროვნული ბანკი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეც. წარმომადგენელს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენმდივნის სპეც. წარმომადგენელს შეხვდა

BM.GE

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

მარიამ ქვრივიშვილი თურქმენეთშია - როგორია ორი ქვეყნის ეკონომიკური კავშირი?

BM.GE

ახალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩევენ

ახალ პატრიარქს გაფართოებულ კრებაზე 11 მაისს აირჩევენ

BM.GE

მონეტარული ბიზნესი, როდესაც სებ-ი ითვლის მოგებას, ფასების სტაბილურობის საფასურს კი იხდის მოქალაქე|ბლოგი

მონეტარული ბიზნესი, როდესაც სებ-ი ითვლის მოგებას, ფასების სტაბილურობის საფასურს კი იხდის მოქალაქე|ბლოგი

BM.GE