
"სებ-ს, დეკემბერში, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0.25%-ით გაზრდა მოუწევს"|ეკონომისტის პროგნოზი
საერთაშორისო ფინანსების სპეციალისტი და ეკონომიკის პროფესორი არჩილ იაკობაშვილი მიიჩნევს, რომ დეკემბერში, საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პროცენტული პუნქტით გაზრდა მოუწევს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება დაჩქარებული ინფლაციური პროცესებისა და საერთაშორისო ბაზრებზე არსებული ტენდენციების ფონზე, პრევენციულ ხასიათს უნდა ატარებდეს.
არჩილ იაკობაშვილის შეფასებით, ოქტომბრიდან იანვრის ჩათვლით პერიოდი ყველა ეკონომიკისთვის ინფლაციურ სეზონს წარმოადგენს, რასაც ენერგორესურსებზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასების არასტაბილურობა განაპირობებს. ამასთან, მისი ვარაუდით, წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების საერთაშორისო ტალღაა მოსალოდნელი.
“მაქვს მოლოდინი, რომ სებ-ს დეკემბერში მოუწევს ზომიერად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, რაც გულისხმობს რეფინანსირების განაკვეთის 0.25 პპ-ით გაზრდას. ალბათ, ნოემბერში, დეკემბერში საქსტატის ინფლაცია 6%-იან ნიშნულსაც გადააჭარბებს. ასე რომ, ინფლაციის მოლოდინებიდან გამომდინარე, პრევენციული მიზნით, ასეთ გადაწყვეტილებას მოველი. ალბათ, განაკვეთების გაზრდის საერთაშორისო ტალღაც გვექნება დეკემბერში როგორც - აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის, ისე ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან - ბოლო მონაცემებით, მათთან ამის ალბათობა 80%-ია”, - აღნიშნა ეკონომიკის პროფესორმა და დასძინა, რომ ამ ნაბიჯის მიუხედავად, კომერციული ბანკები სესხებზე განაკვეთებს, სავარაუდოდ, არ შეცვლიან.
გარდა ოფიციალური სტატისტიკისა, “წერტილთან” ინტერვიუში არჩილ იაკობაშვილმა ყურადღება გაამახვილა სარეზერვო ფულის (M1) აგრეგატზე, რომლის წლიური ზრდა 20%-ს აღემატება. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის (7-8%) და ფულის ბრუნვის სიჩქარის გათვალისწინებით, ამ მაჩვენებელსა და ოფიციალურ ინფლაციას (5-6%) შორის სერიოზული ცდომილებაა, რაც სტატისტიკის სამსახურის მიერ ინფლაციის არაზუსტი დათვლით აიხსნება.
„ინფლაცია არის რეალურად უფრო მაღალი, ვიდრე [ოფიციალური სტატისტიკა ამბობს] - სტატისტიკის სამსახური, სამწუხაროდ, ინფლაციას ვერ ითვლის - ევროპულ სტილში ვერ ითვლის. ლასპეირესის მოდელი (Laspeyres Index არის ეკონომიკური ფორმულა, რომელიც გამოიყენება სამომხმარებლო ფასების ინდექსისა (CPI) და ინფლაციის გამოსათვლელად) საკმაოდ მოძველებულია, მე-19 საუკუნეში აღმოაჩინა გერმანელმა ეკონომისტმა ეტიენ ლასპეირესმა და იმის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. რაც ყველაზე მთავარია, სამომხმარებლო ფასების მონაცემების მოპოვება ევროპის ქვეყნებში ხდება სრულად ელექტრონულად, რასაც საქსტატი საქართველოში ვერ ახერხებს. შესაბამისად, როდესაც საწყისი მონაცემები არასწორია, ინფლაციის დათვლის საბოლოო შედეგიც არის არასწორი“, - განმარტა იაკობაშვილმა.
ეკონომისტის აზრით, რადგან ამჟამინდელი ინფლაციური წნეხი უმეტესად საგარეო ფაქტორებით არის გამოწვეული, ეროვნულ ბანკს ფასების სტაბილურობის შენარჩუნება მხოლოდ მონეტარული ინსტრუმენტებით გაუჭირდება. ამ პროცესში ის გადამწყვეტ როლს მთავრობის ფისკალურ პოლიტიკასა და კერძო სექტორის პასუხისმგებლობას ანიჭებს.
„აუცილებელია, რომ სებ-ის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის პრევენციის მიზნით გამკაცრების პარალელურად, მთავრობამ ფისკალური დისციპლინა გააგრძელოს დეკემბერში და ხარჯებს გაუფრთხილდეს. ზოგადად, დეკემბერი ხარჯების არაპროპორციულად გაზრდითაა ცნობილი, რისგანაც მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს. პლუს, ნავთობიმპორტიორებიც, რომლებიც საწვავის ბაზარზე ოპერირებენ, ნუ იმუშავებენ ზემოგებებზე - იმდენ მოგებაზე იმუშაონ, რამდენიც რეინვესტიციისათვის არის საჭირო. აგრეთვე სუპერმარკეტების ქსელებმა და რითეილერებმაც იგივე პოლიტიკა გაატარონ“, - განაცხადა იაკობაშვილმა.
ამასთან, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად, მან აღნიშნა, რომ ინფლაციის მოსათოკად ციკლური ეფექტი ექნებოდა საწვავზე აქციზის შემცირებას ან სურსათზე დღგ-ს დიფერენციაციას, თუმცა როგორც ცნობილია, მთავრობა ამ ნაბიჯს არ დგამს.
არჩილ იაკობაშვილის შეფასებით, მიზეზი მარტივია - გაზრდილი ფასები ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებს ავსებს, სადაც ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი სწორედ მოხმარების გადასახადი ანუ დღგ-ია.
BM.GE
წყარო: bm.ge