
სენატორები მოითხოვენ, ტრამპმა რუსეთთან "დიზელის შეთანხმება" გააუქმოს
აშშ-ის სენატორთა ორპარტიულმა ჯგუფმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, რუსეთთან დიზელის საწვავის მიწოდების თაობაზე მიღწეული შეთანხმება დაუყოვნებლივ გააუქმოს.
კანონმდებლები ტრამპის ამ გადაწყვეტილებას რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციების შესახებ მოქმედი კანონის პირდაპირ დარღვევად მიიჩნევენ. ერთობლივ განცხადებას რესპუბლიკელი სენატორები სიუზან კოლინზი, ლიზა მურკოვსკი, ტომ ტილისი და ჯონ კერტისი, ასევე სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წამყვანი დემოკრატი ჯინ შაჰინი აწერენ ხელს.
ამერიკელი კანონმდებლების განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ფინანსური რესურსები არ უნდა გადასცეს იმ ფონზე, როდესაც რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ხოცავს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სენატორებმა ადმინისტრაციას პოზიციის გადახედვისკენ პირდაპირ მოუწოდეს.
რაც შეეხება თავად შეთანხმების დეტალებს, გასულ კვირას დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ-ში რუსული დიზელის საწვავის იმპორტი დაიწყება. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი ქვეყანაში საწვავზე გაზრდილი ფასების დასტაბილურებას ისახავს მიზნად. მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ტრამპმა პუტინს მადლობა არაერთხელ გადაუხადა.
პარალელურად, დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერის გარიგებას ოფიციალური კიევის მკაცრი რეაქცია მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიღებულ გადაწყვეტილებას „სუსტი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვისთვის მსგავსი დათმობების გაკეთება მშვიდობის დამყარებას ხელს არ შეუწყობს.
ცნობისთვის, შეერთებულ შტატებში რუსული ენერგორესურსების იმპორტი სრულად 2022 წელს მიღებული ფედერალური კანონით აიკრძალა, თუმცა ტრამპმა ახალ საგამონაკლისო წესი აამოქმედა.
ექსპერტების შეფასებით, რუსეთის მხრიდან მიწოდებული დიზელის მოცულობა იმდენად მიზერულია, რომ მას საწვავის ფასებზე გავლენა ფიზიკურად ვერ ექნება.
BM.GE
წყარო: bm.ge