
სექტემბერში გაეროს სურსათის ფასების ინდექსი 136 პუნქტამდე გაიზარდა
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ახალი კვლევა, რომლის თანახმადაც სურსათის ფასების გლობალურმა ინდექსმა 2026 წლის სექტემბერში საშუალოდ 136.0 პუნქტი შეადგინა.
როგორც ირკვევა, ეს მაჩვენებელი აგვისტოს ნიშნულთან შედარებით 2.0 პუნქტით, ანუ 1.5%-ით გაიზარდა. საერთო ზრდა მარცვლეულის, მცენარეული ზეთებისა და შაქრის გაძვირებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების პარალელურად, ხორცის ფასების მაჩვენებელი შემცირდა, რძის პროდუქტების ღირებულება კი სტაბილური დარჩა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ინდექსი 7.4 პუნქტით, ანუ 5.8%-ით გაიზარდა. თუმცა კი, მიუხედავად ამისა, სექტემბრის მონაცემი 2022 წლის მარტში დაფიქსირებულ ისტორიულ პიკურ დონეს 24.3 პუნქტით, ანუ 15.1%-ით ჩამორჩა.
რაც შეეხება სხვა სეგმენტებს, მარცვლეულის ფასების ინდექსმა სექტემბერში საშუალოდ 122.8 პუნქტი შეადგინა და აგვისტოს მაჩვენებელთან შედარებით 6.0 პუნქტით, ანუ 5.1%-ით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 2025 წლის სექტემბრის მონაცემს 18.0 პუნქტით, ანუ 17.2%-ით აღემატება.
კონკრეტულად ხორბლის გლობალური ფასი აგვისტოს შემდეგ 6.3%-ით გაიზარდა და 2023 წლის აგვისტოს შემდგომ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. პროდუქტის გაძვირება შავი ზღვის რეგიონში არსებულმა ლოგისტიკურმა შეფერხებებმა და ჩრდილოეთ ამერიკაში საშემოდგომო თესვის წინ დაფიქსირებულმა გვალვამ განაპირობა. შექმნილი ვითარების გამო იმპორტიორებმა მარცვლეულის ალტერნატიულ ბაზრებზე გადაინაცვლეს.
კვლევაში ნახსენებია სიმინდიც, რომლის გლობალური ფასიც წინა თვესთან შედარებით 5.6%-ით გაიზარდა და ბოლო 3 წლის მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწია. ფასების მატება აშშ-ში მოსავლიანობის შემცირებამ, ბრაზილიაში საექსპორტო რესურსის კლებამ და შავ ზღვაში ვაჭრობის შეფერხებამ დააჩქარა.
თავის მხრივ, საწვავის, სასუქისა და ტრანსპორტირების ხარჯებიც გაიზარდა, რაც ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვების გაურკვევლობამ განაპირობა. ამ ფაქტორმა ბიოსაწვავის ნედლეულად გამოყენებადი კულტურების, მათ შორის სიმინდის ღირებულების გაზრდას დამატებითი ბიძგი მისცა.
პარალელურად, სექტემბერში საფურაჟე მარცვლეულის ბაზარზე არსებული საერთო ტენდენციის ფარგლებში სორგოსა და ქერის მსოფლიო ფასებიც გაიზარდა. თვის განმავლობაში სორგოს ღირებულებამ 13.7%-ით მოიმატა, ქერის ფასი კი 3.9%-ით გაიზარდა. სორგოს გაძვირებას ჩინეთსა და აშშ-ს შორის გამართული სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ პეკინის მხრიდან შესყიდვების გაზრდის მოლოდინმაც შეუწყო ხელი.
აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენცია ბრინჯის სექტორზეც გავრცელდა. კერძოდ, ბრინჯის ფასების საერთო ინდექსი სექტემბერში 1.4%-ით გაიზარდა. ეს ცვლილება კი არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებისა და სეზონურად შეზღუდული მიწოდების გამო ინდიკას ჯიშის ბრინჯის გაძვირებამ გამოიწვია.
რაც შეეხება შაქარს, შესაბამისი ფასების ინდექსმა სექტემბერში 114.0 პუნქტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი აგვისტოსთან შედარებით 6.5 პუნქტით, ანუ 6.1%-ით, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.6 პუნქტით, ანუ 14.7%-ით გაიზარდა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ შაქრის ფასი ზედიზედ მესამე თვეა იზრდება და 2025 წლის აპრილის შემდგომ უმაღლეს ნიშნულზე იმყოფება. გლობალურად გაძვირება 2026-2027 წლების სეზონზე მოსალოდნელმა დეფიციტმა და მიწოდების საერთო შემცირების მოლოდინმა განაპირობა. როგორც ცნობილია, ევროკავშირში ნათესი ფართობების შემცირებისა და უამინდობის გამო შაქრის ჭარხლის მოსავლის კლებას პროგნოზირებენ, პარალელურად კი წარმოების შემცირებას ტაილანდშიც ელიან. ინდოეთში მოსავლის კლების მოლოდინს ნალექების სიმწირითა და ელ-ნინიოს გაძლიერებით ხსნიან. ბრაზილიის ცენტრალურ-სამხრეთ რეგიონში კი მოსავლის აღების პროცესს ძლიერი წვიმები აფერხებს.
გაეროს ანგარიშში საუბარია მცენარეულ ზეთებზეც, რომელთა ფასების ინდექსმაც სექტემბერში საშუალოდ 198.6 პუნქტი შეადგინა და აგვისტოსთან შედარებით 1.8 პუნქტით, ანუ 0.9%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 18.3%-ით სცდება. როგორც ირკვევა, ინდექსის საერთო მატება პალმის ზეთის გაძვირებამ განაპირობა. ამ ფაქტორმა მზესუმზირას ზეთის გაიაფება სრულად გადაფარა. აღსანიშნავია, რომ პალმის ზეთის საერთაშორისო ფასი ზედიზედ მეოთხე თვეა იზრდება. ბაზარზე ფასების მატებას მაღალი გლობალური მოთხოვნა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მშრალი ამინდით გამოწვეული პრობლემები განაპირობებს.
აი, რაც შეეხება მზესუმზირას ზეთს, მისი ღირებულება შავი ზღვის რეგიონიდან მოსალოდნელი უხვი მიწოდების ფონზე ზედიზედ მესამე თვეა მცირდება. საყურადღებოა, რომ ფასების შემდგომ ვარდნას ხელს მიმდინარე ლოგისტიკური შეფერხებები და ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტების შეზღუდული გამტარუნარიანობა უშლის.
თავის მხრივ, სოიის ზეთის ფასი თვის განმავლობაში თითქმის უცვლელადაა შენარჩუნებული და ბიოსაწვავის სექტორის მყარი მოთხოვნის გამო შარშანდელ ნიშნულზე საგრძნობლად მაღლა რჩება.
გაერო მონაცემებით, შემცირებულია ხორცის ფასებიც, რომლის ინდექსიც სექტემბერში საშუალოდ 127.9 პუნქტით არის განსაზღვრული და აგვისტოს მონაცემთან შედარებით 1.5 პუნქტით, ანუ 1.1%-ით არის შემცირებული. როგორც ირკვევა, ინდექსის კლება ფრინველისა და ღორის ხორცის გაიაფებამ გამოიწვია. რაც შეეხება საქონლისა და ცხვრის ხორცს, მათი ფასები შედარებით სტაბილური დარჩა. ფრინველის ხორცზე ფასები ბრაზილიიდან გაზრდილმა ექსპორტმა და ევროკავშირის მხრიდან მოთხოვნის შესუსტებამ შეამცირა. ევროპულ ბლოკში იმპორტის კლება 3 სექტემბრიდან ანტიმიკრობული მოთხოვნების ამოქმედებამ განაპირობა. ამას ემატება ისიც, რომ რეგულაციების ძალაში შესვლამდე ბაზარზე ძვირად ღირებული პროდუქციის მარაგების აქტიური წინასწარი შევსება განხორციელდა.
თავის მხრივ, ღორის ხორცის გაიაფება ძირითად ექსპორტიორ ქვეყნებში არსებულმა უხვმა მიწოდებამ განაპირობა. ევროკავშირში ზაფხულის სიცხეების გადავლის შემდეგ ცხოველთა ზრდის ტემპი ნორმას დაუბრუნდა და გაზრდილმა მიწოდებამ ფასებზე წნეხი გააძლიერა.
საქონლის ხორცის სექტორში ავსტრალიური საექსპორტო ფასები კონკურენციის გამო შემცირდა, ბრაზილიური ნაწარმის ღირებულება კი აშშ-ის მხრიდან გაზრდილი მოთხოვნის ფონზე გაიზარდა. როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა 1 სექტემბრიდან უცხიმო საქონლის ხორცის ნაჭრებზე სატარიფო კვოტა გააფართოვა და დამატებით მოცულობებზე გადასახადი შეამცირა.
რაც შეეხება ცხვრის ხორცს, მისი საშუალო ფასი უცვლელი დარჩა, რადგან ოკეანეთში არსებული მყარი საექსპორტო მოთხოვნა ახალ ზელანდიაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით გამოწვეულმა გაიაფებამ დააბალანსა.
გაეროს კვლევაში საუბარია რძის პროდუქტების ფასებზეც, რომლის ინდექსმაც სექტემბერში საშუალოდ 119.1 პუნქტი შეადგინა და აგვისტოსთან შედარებით მხოლოდ მხოლოდ 0.2 პუნქტით, ანუ 0.1%-ით შემცირდა. როგორც ირკვევა, ბაზარზე ყველის გაიაფება რძის ფხვნილის გაძვირებამ დააბალანსა, კარაქის ფასი კი თითქმის უცვლელი დარჩა.
აღსანიშნავია, რომ უცხიმო რძის ფხვნილის ფასი გასულ წელთან შედარებით 33.1%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც კარაქისა და ყველის ღირებულება შარშანდელზე საგრძნობლად დაბალი აღმოჩნდა. ინფორმაციისთვის, რძის ფხვნილის გაძვირება აზიიდან მყარმა მოთხოვნამ და სწრაფი მიწოდებისთვის მარაგების სიმცირემ განაპირობა. რაც შეეხება ყველის ფასებს, ის მსოფლიოს ძირითად რეგიონებში შემცირდა. ეს ტენდენცია ევროკავშირში შესუსტებულმა მოთხოვნამ, აშშ-ის მხრიდან ძლიერმა საექსპორტო კონკურენციამ და ოკეანეთში სეზონურმა ჭარბმა მიწოდებამ განაპირობა.
თავის მხრივ, კარაქის საშუალო ფასი სტაბილური დარჩა, რადგან ოკეანეთში ფასების კლება ევროპაში ცხელი და მშრალი ზაფხულის შემდეგ რძის ცხიმის დეფიციტით გამოწვეულმა გაძვირებამ დააბალანსა.
ცნობისთვის, გაეროს სურსათის ფასების ინდექსი საერთაშორისო სასაქონლო კალათის ყოველთვიურ ცვლილებებს ზომავს და ის 2014-2016 წლების საექსპორტო წილებით შეწონილ ხუთ ძირითად სასაქონლო ჯგუფს აერთიანებს. კონკრეტულად, მიმდინარე ანგარიში 2026 წლის 2 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
BM.GE
წყარო: bm.ge