
სექტემბრამდე კომაროვის სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება|ბიუჯეტი
კომაროვის სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება. შესაბამისი ტენდერი სკოლამ გამოაცხადა და გამარჯვებული კომპანიაც უკვე ცნობილია. ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის #199 სკოლას რეაბილიტაციას შპს "ფორმა ორი" ჩაუტარებს. შესყიდვის ღირებულება 196 119 ლარია.
სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა დაასრულოს.
ჩასატარებელმა სამუშაოებმა უნდა უზრუნველყოს სკოლის ძირითად შენობაში არსებული მდგომარეობის გამოსწორების აუცილებელი ყველა ასპექტი. სამუშაოების დასრულების შემდეგ 5 წლის განმავლობაში რაიმე წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული დეფექტი გამოწვეულია მიმწოდებლის მიზეზით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
რეაბილიტაციის ფარგლებში გარემონტდება სკოლის კედლები, იატაკი, საპირფარეშოები, შეიცვლება განათება და ა.შ.
ცნობისთვის, პარალელურად კიდევ ერთი ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია კომაროვის სკოლის პანსიონის ნაწილის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებიც. 135 999 ლარის მოცულობის ხელშეკრულება ინდმეწარმე გუა გულედანს უკვე გაუფორმდა, რომელიც განახორციელებს სარემონტო სამუშაოებს პანსიონის კორპუსის პირველ სართულზე მარჯვენა ფლიგელში მდებარე სათავსოში, მეორე სართულის ყველა საძინებელში და დერეფანში, მე-2 სართულის ორ სააბაზანოში და მე-3 სართულის ერთ სააბაზანოში.
სამუშაოების შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღეა განსაზღვრული, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 სექტემბრისთვის რემონტი აქაც დასრულებული უნდა იყოს.
BM.GE
წყარო: bm.ge