მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავი ჭირი რუსეთში - რა ვიცით და უნდა გვეშინოდეს თუ არა?
შავი ჭირი რუსეთში - რა ვიცით და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

შავი ჭირი რუსეთში - რა ვიცით და უნდა გვეშინოდეს თუ არა?

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 04:00|bm.ge

რუსეთში შავი ჭირის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ციმბირში მდებარე შავი ჭირის კვლევით ინსტიტუტში 28 წლის ლაბორანტი უიშვიათესი ვირუსით დაავადდა და 1 ოქტომბერს გარდაიცვალა.

მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ბოლო დღეებში მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია. პროცესის განსაკუთრებით დაკვირვება დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციამ და გაერომ. საზღვრებზე შეზღუდვები დააწესეს რუსეთის მეზობელმა სახელმწიფოებმა.

მოკლედ, რა ვიცით ციმბირში გავრცელებული მომაკვდინებელი ჭირის შესახებ და გვაქვს თუ არა შიშის საფუძველი, ამ თემას ამ სტატიაში განვიხილავთ.

რა ვიცით პირველი შემთხვევის შესახებ?

30 სექტემბერს, ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის შავი ჭირის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი, 28 წლის დარია შიპილოვა სამუშაო ადგილზე მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და სულ რაღაც 2 დღეში, ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით დამოუკიდებელი რუსული მედია წერს, რომ დარიას შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა გაუტყდა, რის შემდეგაც საჰაერო გზით მის ფილტვებში წამებში მოხვდა ნაწილაკები და სასიკვდილო დაინფიცირებაც გამოიწვია.

საგანგაშო ვითარებას მოსკოვის მხრიდან რეაგირება მალევე მოჰყვა. ირკუტსკში ჩაფრინდა ჯანდაცვის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანა პოპოვა. მისი დადგენილებით, დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ორასამდე პირი მკაცრ კარანტინში მოათავსეს, ასევე ჩაკეტეს საავადმყოფოს მთელი კორპუსი, მეზობელ ალუმინის გიგანტურ საწარმოში კი თანამშრომლებს პირბადეების სავალდებულო ტარება დაუწესეს.

როგორც მედია წერს, რუსულმა სპეცსამსახურებმა და ეპიდემიოლოგებმა იმ ეტაპზე განსახორციელებელი ყველა საჭირო ზომა გაატარეს. თუმცა საერთაშორისო გამოცემებს მაინც უჭირთ დასკვნის გამოტანა, იყო თუ არა საკმარისი ეს ნაბიჯები იმისთვის, რომ რისკების სრულად გადაზღვეულიყო. ამერიკელი და ევროპელი სპეციალისტები ეჭვობემ, რომ კრემლი რაღაცას მალავს, რადგან დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბრისას შიპილოვას გარდაცვალება არა შავი ჭირით, არამედ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიით ახსნა.

რა ვიცით შავი ჭირის ამ პათოგენის შესახებ და რატომ იწვევს ის შიშს?

დასაწყისისთვის, უნდა განიმარტოს, რომ "შავი ჭირი" არ არის ჩვეულებრივი ტიპის ვირუსი. მას იწვევს ბაქტერია “იერსინია პესტისი”. ეს სწორედ ის ბაქტერიაა, რომელიც XIV საუკუნეში ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში მასშტაბურად გავრცელდა და ევროპის მოსახლეობის 30-დან 60%-მდე შეიწირა.

ამ დაავადებას სამი კლინიკური ვარიანტი აქვს: ყველაზე გავრცელებული ბუბონური ფორმაა, როცა ბაქტერია ლიმფურ კვანძებს აზიანებს. მეორეა სეპტიცემიური, როცა ინფექცია სისხლში გადადის და ქსოვილების განგრენას, ანუ გაშავებას იწვევს. სხვათა შორის, სწორედ აქედან მოდის ტერმინი „შავი ჭირი“. აღსანიშნავია, რომ ორივე ეს ფორმა მღრღნელებისა და რწყილების კბენით ვრცელდება.

აი, ფილტვის ფორმა კი, რომელიც რუსეთში დაფიქსირდა, სრულიად განსხვავებულია. ის პირდაპირ ფილტვებს ესხმის თავს და ადამიანებს შორის ჰაერწვეთოვანი გზით, ხველითა და ცემინებით ვრცელდება. ეს არის შავი ჭირის ყველაზე იშვიათი, მაგრამ ყველაზე საშიში ვარიანტი, რადგან მკურნალობის გარეშე სიკვდილიანობა 100%-ს უტოლდება, თანაც სიმპტომების გამოვლენიდან სულ რაღაც ორ დღეში. სწორედ ამ ექსტრემალური აგრესიულობის გამო მიიჩნევა ფილტვის შავი ჭირი ერთ-ერთ ყველაზე მკაცრად გასაკონტროლებელ დაავადებად.

როგორია გლობალური რეაქცია?

ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრმა, CDC-მ განაცხადა, რომ ვითარებას საგანგებოდ აღიქვამს და განსაკუთრებით აკვირდება. თეთრი სახლიდან კომენტარი გააჟღერა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვაშინგტონი მზადაა, რუსეთს დაეხმაროს. თავისი პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომაც, რომელმაც მკაფიოდ განაცხადა, რომ ინფექცია შეიძლება სწრაფად გავრცელდეს, თუ კარანტინი სათანადოდ არ იმუშავებს.

თავის მხრივ, რუსეთის მეზობელმა სახელმწიფოებმა, ყირგიზეთმა, ყაზახეთმა, უზბეკეთმა და ტაჯიკეთმა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები დააწესეს. ვრცლად ამის შესახებ შეგიძლიათ გაიგოთ ჩვენი სტატიიდან.

უნდა გვეშინოდეს თუ არა "შავი ჭირის"?

მოკლე და პირდაპირი პასუხი, რომელსაც წამყვანი ამერიკელი და ევროპელი ეპიდემიოლოგებისგან ვისმენთ არის - არა. როგორც NBC წერს, ისინი ერთხმად ხსნიან, რომ შავი ჭირი კოვიდ-19-ისაგან სერიოზულად განსხვავდება. მისი ბაქტერიული წვეთები მძიმეა და ჰაერში დიდხანს არ რჩება, მიწაზე მალევე ეცემა და მხოლოდ ერთიდან ორ მეტრამდე, უშუალო პირისპირ კონტაქტით გადადის.

რაც მთავარია, უკვე არსებობს ანტიბიოტიკები, რომელთა მიმართაც ბაქტერიას რეზისტენტობა არ აქვს გამომუშავებული და ავადმყოფობა ადრეული მკურნალობის შემთხვევაში პაციენტის სრული განკურნებით სრულდება.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ იმასაც, რომ ციმბირი, ისევე როგორც აფრიკის რიგი ქვეყნები, შავი ჭირის ენდემური კერებია და მსოფლიოში ყოველწლიურად მისი სხვადასხვა ფორმის ათასიდან ორ ათასამდე შემთხვევა ისედაც ფიქსირდება. შესაბამისად, გლობალური ეპიდემიის შიში გადაჭარბებულია.

რეალური პრობლემა, რომელზეც ანალიტიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, რუსეთის სამხედრო-სამედიცინო ლაბორატორიების გაუმჭვირვალობა და სიმართლის დამალვის შესაძლო მცდელობებია. თეთრი სახლის კოვიდ-რეაგირების ყოფილი კოორდინატორი, დოქტორი აშიშ ჯჰა მიიჩნევს, რომ მთავარი კითხვა, რაც უნდა დავსვათ, არის არა ის, გველის თუ არა მორიგი პანდემია, არამედ ის, მიმდინარეობდა თუ არა ამ რუსულ ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის საიდუმლო კვლევები - ის, რაც გლობალურად სრულად აკრძალულია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • რუბიოს განცხადებით, რუსეთმა შავი ჭირის შესაძლო შემთხვევის გამო მეტი ინფორმაცია უნდა გაასაჯაროოსფორმულა
  • “საქართველოდან რუსეთში პატიმრების ექსტრადირება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს”ნეტგაზეთი
  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ რეზოლუცია მიიღო

BM.GE

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

რატომ შეაჩერა Google-მა ფინეთში მონაცემთა ცენტრების მშენებლობა?

BM.GE

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

OpenAI-მ $30-მილიარდიანი დაფინანსების მოსაზიდად მოლაპარაკებები საამიროებთან დაიწყო

BM.GE

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

AirTrunk-მა იაპონიის მონაცემთა ცენტრში $1 მილიარდის ინვესტიცია ჩადო

BM.GE